Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი ევროკავშირში უკრაინის მიღების საკითხზე მსჯელობს


ევროპარლამენტი განიხილავს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ევროკავშირში უკრაინის მიღების პერსპექტივას.

დეპუტატებმა ოვაცია მოუწყვეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ვიდეოკავშირით გამოვიდა სიტყვით.

თავის გამოსვლაში მან ილაპარაკა დღეს დილით ხარკოვის ცენტრის დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების სიკვდილზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ათასობით ადამიანის წყალობით შეძლეს ევროკავშირის დარწმუნება, რომ გაერთიანდნენ უკრაინის დასახმარებლად. ზელენსკის თქმით, უკრაინა აკეთებს ევროპულ არჩევანს, რათა ევროპის ერთ-ერთი თანასწორუფლებიანი ერი გახდეს.

„დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ, დაამტკიცეთ, რომ არ გვტოვებთ, დაამტკიცეთ, რომ მართლაც ევროპელები ხართ. მაშინ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს, მშვიდობა კი - სიბნელეს,“ - თქვა ზელენსკიმ.

გუშინ ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს. მოსალოდნელია, რომ ევროპის პარლამენტი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამას უკვე დაუჭირა მხარი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 8 სახელმწიფომ. ისინი გამოვიდნენ მოწოდებით, უკრაინა დაჩქარებული წესით იქნეს მიღებული კავშირში.

ისტორიაში ასეთი პრეცედენტები არ ყოფილა. როგორც წესი, ევროკავშირში მიღების თაობაზე მოლაპარაკებები წლობით გრძელდება, ზოგჯერ ათ წელზე მეტ ხანს. გარდა ამისა წევრობის კანდიდატი ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირში შესვლა რეფერენდუმზე უნდა გააფორმოს. მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს უკრაინის განაცხადს.

მანამდე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის მიღების საკითხს კავშირი არა აქვს სამხედრო საფრთხეებთან, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინის მხრიდან მომდინარეობს რუსეთისთვის.

ევროკავშირში შესვლისკენ სწრაფვა უკრაინის კონსტიტუციაშია ასახული. მაგრამ უკანასკნელ ხანებამდე ევროკავშირის ბევრი ქვეყანა უარს ამბობდა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ პირდაპირ საუბარზე.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე პაკეტი შემოიღო. ასევე განაცხადა, რომ საბრძოლო იარაღს აწვდის უკრაინას. კავშირის რამდენიმე წევრი უკვე აკეთებს ამას.

XS
SM
MD
LG