Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსულ ელიტაში ძალიან ეშინიათ, პუტინმა ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს“- Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი


ხრისტო გროზევი
ხრისტო გროზევი

კასეტური და ვაკუუმური ბომბები უკრაინის თავზე, განხეთქილება რუსულ ჯარში და შეშფოთებული კრემლი. გამოცემა Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი Сurrent Time-თან საუბარში ჰყვება, რომ დიდი ალბათობით პუტინს საკუთარი გარემოცვა დაუპირისპირდება.

- არის თუ არა უკრაინაში ომის დანაშაულის ფაქტები?

- კი, არის. ომის დანაშაულს ძალიან დეტალური არქივირება სჭირდება, რომ შემდეგ მისი სასამართლოში დამტკიცება შეძლო. მთელი ჩვენი [Bellingcat-ის] რესურსი ახლა ამაზეა მიმართული. გუშინ ხარკოვში კასეტური ბომბი რომ გამოიყენეს, ეს ნამდვილად ომის დანაშაულია. რამდენიმე საცხოვრებელი სახლის [დაბომბვის ადგილას - რ.თ.] ცარიელი ცილინდრები დარჩა. ასევე ის ფაქტიც, რომ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იბომბება საცხოვრებელი სახლები, მით უფრო, რომ ზოგი საერთოდ არ დგას სამხედრო ინფრასტრუქტურასთან. დაიბომბა თავშესაფრები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები... ესეც ომის დანაშაულია.

ომის დანაშაულის განხილვა ჰააგის სასამართლოს გარდა შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ე.წ. უნივერსალური იურისდიქცია აქვს, მაგალითად, გერმანიასა და ნიდერლანდს.

- კიდევ რა ფაქტები გაქვთ იმისა, რომ გამოიყენეს იარაღი, რომლის გამოყენებაც დაუშვებელი იყო?

- იარაღს რაც შეეხება, ასეთი მხოლოდ კასეტური ბომბებია, მაგრამ მთავარია, როგორ იყენებ. როდესაც ის ხვდება საცხოვრებელ კორპუსს და თან ისე, რომ აშკარაა, შეცდომით არ მოხვედრილა, ეს ომის დანაშაულს ადასტურებს.

- ახტირკაში ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ქალაქში სამი ვაკუუმური ბომბი ჩამოაგდეს. ახტირკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მხოლოდ ერთიო. თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ვაკუუმური ბომბი მართლაც გამოიყენეს?

- ამის დადასტურება ჯერ არ შემიძლია. ვთხოვ ყველას, ვისაც ორიგინალ ვიდეოფაილებზე მიუწვდება ხელი, ჩვენ გამოგვიგზავნოს. ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ. დიდი დანაშაულია, თუ მართლაც ასეა.

ახტირკა, 28 თებერვალი
ახტირკა, 28 თებერვალი

- შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ მიიჩნევა ვაკუუმური ბომბის გამოყენება ომის დანაშაულად, რა ტერიტორიის განადგურება შეუძლია მას?

- ვაკუუმური ბომბი არის ის, რასაც ინგლისურად Thermobaric Weapon-ს ეძახიან. ის აკრძალულია, რადგან აფეთქება ძალიან დიდ მანძილს მოიცავს და დროში უფრო ხანგრძლივად მოქმედებს, რეალურად ხოცავს ხალხს. არ შეიძლება მისი გამოყენება და ნორმალური ქვეყნები არც იყენებენ.

- დღეს ხარკოვის ცენტრალურ მოედანს დაარტყეს. რა შეიძლება ჰქონოდათ მიზანში?

- ეს საომარი ტერორიზმია. ამას არა გააჩნია არანაირი მიზეზი გარდა შეშინებისა და დათგრუნვისა. შესაძლოა რუსეთმა თქვას, რომ ქალაქის მთავრობის წყობიდან გამოყვანა უნდოდა, მაგრამ ძირითადი მიზანი მაინც დაშინებაა, რაც ასევე იკრძალება.

დაბომბილი ადმინისტრაციული შენობა ხარკოვში
დაბომბილი ადმინისტრაციული შენობა ხარკოვში

- Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელი რუსლან ლენიევი ამბობს, რომ მათი ანგარიშით რუსული ჯარის მხრიდან სულ მცირე 700 ადამიანია დაღუპული. თქვენ რა იცით რუსული ჯარის დანაკარგზე? უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 5 300 ადამიანს ითვლის.

- ჩვენ დათვლის განსხვავებულ მეთოდს ვიყენებთ. ის ყველაფერს სწორად აკეთებს, აფიქსირებს დაღუპულებს, რომლებსაც ხედავს. ჩვენ, რაც არ ჩანს, იმასაც ვამატებთ, მაგალითად, ვცდილობთ დავითვალოთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ტექნიკის განადგურების შედეგად. ორიოდე დღეა, რაც შევწყვიტეთ ეს პროცესი, იმ დროისთვის კი დაახლოებით 3 ათას გარდაცვლილს ვითვლიდით.

- დავუბრუნდეთ კიევს, Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია ტანკების წყება. ისინი კიევიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგანან. Maxar Technologies-ი ამტკიცებს, რომ კოლონა 60 კილომეტრზეა გაჭიმული. რამდენადაც ვიცი, რუსეთი ამ ტექნიკის გადასაადგილებლად ჩერნობილის ატომური სადგურის ბაზას იყენებს.

- კი, ეს ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია. ტექნიკას სწორედ აქედან ელოდნენ. კითხვა ისაა, ასე ნელა რატომ მოდიან და კოლონა ამდენ კილომეტრზე რატომ გაიწელა. ლოგისტიკის პრობლემა ხომ არ აქვთ? ამის გამო ხომ არ დაგროვდა ამდენი მანქანა? შეიძლება საკვებითა და საწვავით მომარაგებას ელიან ან რამე მასშტაბურისთვის ემზადებიან. კიევში ასე მასობრივად ალბათ არ შევლენ, მაგრამ შეიძლება ბლოკადის მსგავსი რამ მოაწყონ.

- რატომ გამორიცხავთ იმას, რომ მთელი ეს ტექნიკა კიევში შევიდეს?

- იმიტომ, რომ ასე ძალიან ბევრს დაკარგავენ. ეს უკვე ვნახეთ გროზნოში. ტექნიკის შესვლა დიდ ქალაქში, სადაც მაღალი კორპუსები დგას და მოსახლეობა ნეგატიურადაა განწყობილი, ნიშნავს, რომ ამ ტანკებს თუნუქის ქილებად აქცევენ. ხალხი მათ სახლებიდან „მოლოტოვის კოქტეილებს“ დაუშენს ან სროლას დაუწყებს ყუმბარმტყორცნებიდან, ასეთი იარაღი კიევში ბლომადაა. მანევრირების საშუალებაც არ ექნებათ. ნებისმიერი ტანკი, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილით“ ააფეთქებენ, მომდევნოს ჩახერგავს. წარმოიქმნება ტანკების ხერგილი. ეს ძალიან ბევრ ადამიანს შეიწირავს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ალოგიკურია.

- ფიქრობთ, რომ დიდი რაოდენობის მსხვერპლი რუსულ ჯარს რამენაირად შეაჩერებს?

- იცით, გუშინდელ დღემდე ვფიქრობდი, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა რუსეთისთვის ძალიან რთული იქნებოდა, რადგან მან ეს ომი სახლშიც უნდა გაამართლოს. მას შემდეგ, რასაც გუშინ ხარკოვში ვუყურეთ, თუ როგორ მიზანმიმართულად იბომბებოდა საცხოვრებელი სახლები, უკვე ვშიშობ, რომ ამ მეთოდს კიევშიც გამოიყენებენ. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, თავი აღარ იმართლონ. აღარ აინტერესებთ, ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება, თანაც იზრუნეს, რომ რუსეთის ძირითადმა ნაწილმა ომზე ინფორმაცია ვერ მიიღოს. იმედი მაქვს, უშუალოდ ჯარში იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ ბრძანებებს არ შეასრულებენ. ეს სხვათა შორის სრულიად შესაძლებელია.

- რატომ?

- შიდა წყაროებიდან ვიგებთ, რომ ჯარის დიდი ნაწილისთვის ეს მიუღებელია... ყველაფერი წესრიგში არაა ჯარის შიგნით, მაქვს მიზეზი ვიფიქრო, რომ ვიღაცა ამას შიგნიდან შეაჩერებს.

- წინა დღეებში განვიხილავდით იმ ფაქტს, რომ ვლადიმირ პუტინმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა შემაკავებელი (ბირთვული) იარაღი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ან რუსეთის მთავრობაში თუ არის ვინმე, ვისაც პუტინის ამ ნაბიჯმა შიში მოჰგვარა?

- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კი. დეკემბერში, ომის გამოცხადებამდე კარგა ხნით ადრე, კრემლთან დაახლოებული პირებისგან ვიგებდით, რომ ელიტა ძალიან შეშფოთებულია, რადგან პუტინი ტრაბახობს, არა მხოლოდ უკრაინას დავეცემი, დასავლეთის შესაშინებლად ბირთვულ იარაღსაც გამოვიყენებო.

აქციის მონაწილე გერმანიაში, 22 თებერვალი.
აქციის მონაწილე გერმანიაში, 22 თებერვალი.

ბოლო 3-4 დღეა, მოგვდის ხმები, რომ მარტო კრემლის „ტუსოვკა“ კი არა, მთელი პოლიტიკური ელიტაა შეშფოთებული. მიიჩნევენ, რომ პუტინი არაადეკვატური ლიდერია. აღარაფერს ვამბობ ოლიგარქებზე, რომლებიც ნამდვილად შეშინებულები არიან და ყველაფერზე წავლენ, ის რომ ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ახლა მთავარი ისაა, ვინ აიღებს საკუთარ თავზე და ვინ დაიწყებს მოქმედებას. მაგრამ ის, რომ რუსულ ელიტაში რეალურად ძალიან ეშინიათ - პუტინმა რადიკალური ნაბიჯი არ გადადგას და ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს - ნამდვილია. ეს რომ მოხდეს, თანამედროვე რუსეთისგან აღარაფერი დარჩება.

- ისევ კიევზე რომ ვისაუბროთ, ამ 60-კილომეტრიან კოლონაში დაახლოებით რა რაოდენობის ტექნიკაა?

- ათასობით, სავარაუდოდ, ეს არის ეფექტი ბრძანებისა, რომლის თანახმადაც უნდა გამოეყოთ სამჯერ უფრო მეტი ტექნიკა, ვიდრე ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. თავდაპირველი გეგმით, კიევი პირველივე დღეებში უნდა აეღოთ. ეს არ მოხდა და ბოლო ორ დღეში ახალი ტექნიკა გამოყვეს. მისი ნაწილი, რა თქმა უნდა, ბელარუსიდან მოდის.

- ბელარუსი ჯარისკაცებიც არიან?

- არ ვიცი, არის თუ არა ჩართული ბელარუსის სახმელეთო ჯარი, მაგრამ ბელარუსი მფრინავები და ოპერატორები ნამდვილად არიან.

- ბელარუსები რატომ ჩართეს? რუსეთში არ ჰყოფნით ხალხი, თუ ეს უშუალოდ პუტინისა და ლუკაშენკას მოლაპარაკების შედეგია?

- წარმოუდგენელია, ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორიც ბელარუსია, რუსულ ჯართან მიმართებით რამე განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეეძლოს. ეს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ბელარუსიც უნდა ჩაითრიო ომში, რომ შემდეგ ლუკაშენკამ არ გადაიფიქროს. ასე ბელარუსიც ომის დამნაშავე ხდება, სანქციები მასაც შეეხება და უკან დასახევი გზაც მოეჭრება. კრემლს ბელარუსთან ყოველთვის ასეთი სტრატეგია ჰქონდა.

- თქვენ ამბობთ, რომ ამ ჯარის მიზანი კიევის ალყაში მოქცევაა. რა შეიძლება უკრაინის ჯარმა მას დაუპირისპიროს?

- შეუძლია „ბაირახტარებით“ მიიტანოს იერიში, როდესაც კოლონა ქალაქს მოუახლოვდება. ასევე ზურგიდან დაარტყას, რაც ძალიან კარგად გამოსდის, ანუ გაატაროს კოლონა, აცალოს გასცდეს უკრაინის საომარ ინსტალაციებს და შემდეგ ზურგიდან დაესხას თავს.

- საერთოდ რამდენად ეფექტიანად იბრძვის უკრაინა?

- ძალიან ეფექტიანად... რაც შეეხება რუსეთს, ამ შემთხვევაში პირიქით, ისინი დინამიკურად, სიტუაციისდა მიხედვით კი არ ცვლიან ტაქტიკას, არამედ ადრევე კონვერტებით მიღებულ ინსტრუქციებს მისდევენ.

- და რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ბრძანებებს ის ხალხი იძლევა, რომელიც მოსკოვშია და არა ადგილზე?

- ეს ერთ-ერთი მიზეზია... წარადგინეს გეგმა, რომელიც ქაღალდზე მშვენიერი იყო, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციის სისტემაც კი არ მუშაობს. მაგალითად, ბოლო წუთებში მიხვდნენ, რომ GPS-ს ვერ გამოიყენებდნენ, რადგან ამით საკუთარ ლოკაციასაც გათქვამდნენ. ამიტომ ვხედავთ, რომ ჯავშანტექნიკა უმისამართოდ დადის და წრეებს ურტყამს დაკარგული.

XS
SM
MD
LG