თითქმის ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფისა“ და მისი ფილიალის, „ცენტრ პოინტ აჭარის“, ოთხ წარმომადგენელს: „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილს, „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილ დირექტორს, სალომე ჩარკვიანს, და ასევე „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილ დირექტორს, ირაკლი მინდელს. ყოფილი დირექტორები მთავარ პროკურატურას უკვე 10 ივლისს ჰყავდა დაკავებული, მაია რჩეულიშვილი 12 ივლისს პირდაპირ სასამართლოს დარბაზში დააკავეს, ხოლო მის შვილს, გურამ (გუკა) რჩეულიშვილს, რომელიც ამჟამად მიმალვაშია, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გამოძიება ლაპარაკობს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც დიდი ოდენობით სხვისი ქონების – მილიონების – გაფლანგვასა და მითვისებას უკავშირდება. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ სალომე ჩარკვიანის მხარე რჩეულიშვილების პოზიციას დაუპირისპირდა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებაში სრულად არის გათვალისწინებული ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რაც ბრალდებულთა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და დოკუმენტების განადგურების საფრთხეებიდან გამომდინარეობდა. მანამდე მთავარი პროკურატურა იტყობინებოდა, რომ მაია რჩეულიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები მენაშენეებს მოუწოდებდნენ საგამოძიებო ორგანო შეცდომაში შეეყვანათ, თითქოსდა მათი კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია და პრეტენზიები არ გააჩნიათ. მთავარი პროკურატურა ასევე ახსენებდა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებითაც დგინდება, რომ მაია რჩეულიშვილი და შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სხვა წარმომადგენლები „კვლავაც დამატებით ითხოვენ თანხებს მენაშენეებისაგან, რამაც კვლავაც შეიძლება დააზარალოს ისინი. ამავდროულად, მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ასევე ეუფლებიან შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები“.
„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი, რომელიც 12 ივლისს სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს, სხდომის გამართვამდე მთელი დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებს განუმარტავდა და შემდეგ უკვე მან სასამართლოს დარბაზშიც გაიმეორა, რომ „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილ დირექტორებს - ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს - წვდომა არ ჰქონდათ კომპანიის ფულთან და რომ თანხების განკარგვა მხოლოდ მისი გადაწყვეტილებების შედეგად ხდებოდა, თუმცა მოსამართლემ მაია რჩეულიშვილის ამგვარი განმარტებები არ გაითვალისწინა.
ეძებენ რჩეულიშვილის შვილს და ვერ იპოვეს თბილისში – ყოჩაღ მაშინ საქართველოს მართლმსაჯულებას, თუ მაგის შესაძლებლობა არა აქვთ, რომ თბილისში კაცი სახლში იპოვონ... აქედან მე გამომაქვს დასკვნა, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია, სცენაა დადგმული და არ ვიცი, ამ სცენით რას მიაგნებენ...თენგიზ ჩარკვიანი
12 ივლისს სასამართლო სხდომას დაძაბული პროცესები უსწრებდა წინ. წერილში, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნა, სალომე ჩარკვიანი თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლა სამშენებლო კომპანიის ოფისში შენახული მისი ფაქსიმილეთი. „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილი დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას კომპანიაში არ უმუშავია 2006 წლამდე, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს, და, ამასთან, არასოდეს ჰქონია წვდომა ფინანსებთან. სალომე ჩარკვიანის უდანაშაულობაზე ლაპარაკობენ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. 12 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ისინი აზუსტებენ, რომ სალომე ჩარკვიანს არასოდეს ჰქონია შეხება სხვა მშენებლობასთან, ბათუმის „მაგნოლიის“ გარდა, ის ყოველთვის „მოქმედებდა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების პირადი მითითებით“ და არასოდეს იყო საქმის კურსში, თუ „სად და როგორ იხარჯებოდა“ თანხა. ხაზგასმით აღინიშნება ისიც, რომ თანხას მოიხმარდნენ მხოლოდ დამფუძნებლები, თავიანთი შეხედულებისამებრ. ჩარკვიანების ოჯახი „კატეგორიულად ემიჯნება“ ამ თემის პოლიტიზებას „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობის მხრიდან.
მიმდინარე მოვლენებს სამშაბათს „მასკარადი“ უწოდა სალომე ჩარკვიანის მამამ, თენგიზ ჩარკვიანმა. ის გაკვირვებასა და დაეჭვებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ პროკურატურამ ამ დრომდე ვერ მიაკვლია საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გურამ (გუკა) რჩეულიშვილს:
„ეძებენ რჩეულიშვილის შვილს და ვერ იპოვეს თბილისში – ყოჩაღ მაშინ საქართველოს მართლმსაჯულებას, თუ მაგის შესაძლებლობა არა აქვთ, რომ თბილისში კაცი სახლში იპოვონ... აქედან მე გამომაქვს დასკვნა, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია, სცენაა დადგმული და არ ვიცი, ამ სცენით რას მიაგნებენ... ჩვენ აბსოლუტურად ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მართლმსაჯულებამ გაიმარჯვოს“.
12 ივლისს, სასამართლოს სხდომის დაწყების წინ, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე ლაპარაკობდა მეორე დაკავებულის, „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილი დირექტორის, ირაკლი მინდელის ადვოკატი თემურ ჯღამაძეც. ხაზი ესმებოდა იმ გარემოებას, რომ კომპანიის ფულს მინდელი ფიზიკურად ვერ დახარჯავდა:
„ბატონი ირაკლი მინდელი არ აღიარებს ბრალს... თვითონ მისი გადმოცემით, მას წვდომა არ ჰქონდა ფინანსებთან...“
იმ ობიექტებზე, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ, იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც თანხების გამოყენება ხდებოდა არამიზნობრივად, მაგალითად, ერთი ობიექტის მიერ გადახდილი თანხა, თითქოსდა, იდეაში, ამ ობიექტს უნდა მოხმარებოდა, მაგრამ რეალურად ჩანდა, რომ სხვაგან იყო გადარიცხული...გია გვილავა
ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი მთავარმა პროკურატურამ 10 ივლისს დააკავა და სისხლის სამართლებრივი დევნა გამოაცხადა კიდევ ორი პირის - „ცენტრ პოინტ ჯგუფის“დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილის - წინააღმდეგ. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ფარგლებში, დამნაშავეებმა სხვადასხვა დროს 20 მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს და გაფლანგეს. შედეგად, კომპანიამ ვეღარ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა ბათუმში, პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, და არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის, „თეთრი მაგნოლიის“, მენაშენეების მიმართ, „რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დღემდე მიმართავენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს დაზარალდნენ „ცენტრ პოინტის“ საქმიანობის პროცესში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გია გვილავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, 2012 წელს შესწავლილმა საქმეებმა აჩვენა, რომ ბინების მომლოდინეთა ინტერესები ძირითადად ე. წ. „პირამიდას“ შეეწირა:
„იმ ობიექტებზე, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ, იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც თანხების გამოყენება ხდებოდა არამიზნობრივად, მაგალითად, ერთი ობიექტის მიერ გადახდილი თანხა, თითქოსდა, იდეაში, ამ ობიექტს უნდა მოხმარებოდა, მაგრამ რეალურად ჩანდა, რომ სხვაგან იყო გადარიცხული, შემდეგ კი თანხები, უბრალოდ, ქრებოდა... ტიპური „პირამიდის სქემა“ იყო, როდესაც თავდაპირველი მეპატრონეები და თავდაპირველი გადამხდელები ზარალდებოდნენ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მათი გადახდილი თანხა ან სხვა ობიექტს ხმარდებოდა, ან მათი ქონება გაიფლანგებოდა და შემდეგ სხვა ობიექტის მესაკუთრეების მიერ გადახდილი თანხის გამოყენება ხდებოდა... ეს არ არის ახალი და საქართველოში მოგონილი სქემა – ეს სქემა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამერიკაში იქნა მოგონებული და ამას ბევრი გამოძიება და რთული პროცესის წარმართვა არ სჭირდება“.
შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელ გია გვილავასთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა „ცენტრ პოინტის“ საქმის გამოძიება დღემდე, ამდენი წლის გასვლის მიუხედავად. მისი თქმით, 2012 წლამდე „ცენტრ პოინტის“ საქმიანობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მფარველობდა და, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ცენტრ პოინტი“ ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობდა, თუმცა დაზარალებულთა ინტერესების დაკმაყოფილება ვერც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა.
„ცენტრ პოინტის“ საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოძიებას კიდევ ერთი დიდი ხმაური 2013 წლის ზაფხულში მოჰყვა, როცა მთავარმა პროკურატურამ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში დაადანაშაულა სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, ხოლო კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელსა და 33 %-იანი წილის მფლობელ ივანე ცაგურიას, რომელსაც „ცენტრ პოინტი“ 2010 წელს სამართავად გადაეცა, თაღლითობის ხელშეწყობაში დაედო ბრალი. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ ბიზნესმენმა დებმა უკანონოდ მიითვისეს 11 მილიონ ლარზე მეტი, რის გამოც ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა შეჩერდა და უამრავი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ.