Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განადგურებულია თუ არა მაჩალიკაშვილის საქმეში მთავარი მტკიცებულება?


მედიკო მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები
მედიკო მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. პირველი აქცია თბილისში, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართოს. ოჯახმა აქციები მას შემდეგ დაგეგმა, რაც გაიგეს, რომ საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულება, ხელყუმბარა, აღარ არსებობს. რას უპასუხებენ ოჯახის წევრებს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და კიდევ რა მოთხოვნები ექნებათ 19 წლის ახალგაზრდის მშობლებს?

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

  • აქციებზე მთავარი მოთხოვნა იქნება სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა და სუს-ის უფროსის პასუხისგებაში მიცემა;
  • აქციებზე კონკრეტული ვადებიც იქნება დასახელებული, რომ მათი მოთხოვნები შესრულდეს.
  • სპეცრაზმის წევრების მხრიდან სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მთავარ პროკურატურაში
    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მთავარ პროკურატურაში

პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი 19 წლის თემირნალ მაჩალიკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ამბობს, რომ აქციები პირველ ეტაპზე თბილისში გაიმართება, თუმცა, კერძოდ, სად, ჯერ დასაზუსტებელია. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციებს მას შემდეგ აპირებს, რაც თავიანთივე ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილისგან გაიგეს, რომ საქმეში არსებული მთავარი ნივთმტკიცება, ხელყუმბარა, განადგურებულია.

„აქციები გაიმართება თბილისში. ჩვენ პროკურატურას მივცემთ დროს, რომ თუ არ იქნა თემირლანის უდანაშაულობა აღიარებული, თუ არ დაისაჯა ეს ხალხი, მერე სხვანაირ აქციებს ჩავატარებთ. მე ჩემი ადვოკატებისგან გავიგე, რომ ხელყუმბარა განადგურებულია და აღარ არსებობს“.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აქციებზე მთავარი მოთხოვნა იქნება სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა და სუს-ის უფროსის პასუხისგებაში მიცემა. მაჩალიკაშვილის თქმით, აქციებზე კონკრეტული ვადებიც იქნება დასახელებული, რომ მათი მოთხოვნები შესრულდეს:

„უსაფრთხოების კი არა, ეს საფრთხის შემქნელი სამსახურია. ამ საქმეს წერტილი თუ არ დაესვა, მაშინ მსგავსი კიდევ გაგრძელდება. არ უნდა გამწარდნენ სხვა ადამიანები ისე, როგოც ახლა პანკისის ხეობაა გამწარებული. ზოგადად, მე შევატყე, რომ მაგათ [პროკურატურას] არაფერი არ შეუძლიათ. ეს გამოძიებაც იყო გაწელვა, რომ ვითომ ხეობაში დამშვიდდებოდნენ“.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების გარდა, პანკისის ხეობაში სხვებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ დრო გაჭიმა გამოძიების დაპირებით, რითაც ხეობაში პროტესტი დროებით შეჩერდა. ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრ ზელიმხან წუწაშვილის თქმით, პროკურატურისგან შეკითხვებზე პასუხი აინტერესებთ, რატომ განადგურდა საქმის მთავარი მტკიცებულება?

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრები
პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრები

„მთელი სოფელი არის აღელვებული. ხეობაში ლაპარაკობენ და აინტერესებთ: რატომ მოისპო ეს ყუმბარა, რატომ ააფეთქეს? რატომ გაანადგურეს - კვალის დასაფარად? კვალი რომ არ ჩანდეს?“

შეკითხვით, რა ეტაპზეა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და ნამდვილად განადგურებულია თუ არა საქმის მთავარი მტკიცებულება, ხელყუმბარა, როგორც ამას გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, ჩვენ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს, ნათია სუხიაშვილს, მივმართეთ. სუხიაშვილმა წერილობით მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

სპეცსამსახურის წარმომადგენლები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
სპეცსამსახურის წარმომადგენლები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 26 დეკემბრის დილით თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე. მათგან ერთი, თემირლან მაჩალიკაშვილი, დაიჭრა და რამდენიმე კვირის მკურნალობის შემდეგ, 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სპეცრაზმის წევრების მხრიდან სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG