Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუ დონალდსონი


ლუ დონალდსონი
ლუ დონალდსონი

ამერიკელი ალტ-საქსოფონისტი ლუ დონალდსონი 1926 წლის 1 ნოემბერს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ბეიდინში დაიბადა. მეტად მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა. მისი მშობლები, ორი და და ძმა ფორტეპიანოზე უკრავდნენ. დედამისი, რომელიც ამავე დროს პიანიზმის ხელოვნებას კერძოდ ასწავლიდა, შეგირდებს შეცდომას არ ჰპატიებდა და თითებზე სახაზავს მოსცხებდა ხოლმე. არტისტი ხშირად ხუმრობდა, რომ სწორედ ამიტომ არ გაჰყვა ოჯახურ ტრადიციას და ფორტეპიანოს სასულე ინსტრუმენტი არჩია. კლარნეტზე დაკვრის უნარ-ჩვევებს დაეუფლა და 15 წლის ასაკში ადგილობრივ ჯაზ-ორკესტრშიც გაწევრიანდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ლუ დონალდსონს სამხედრო სამსახურში უხმეს, სადაც საზღვაო ფლოტის რადიოლოკაციურ სადგურში უკრეს თავი. ალბათ, მომდევნო წლებსაც რადიოლოკატორის ცქერაში გაატარებდა, რომ არა ერთი შემთხვევა. მის ნაწილს რომელიღაც ნიუ-იორკული ჯაზბენდი ეწვია, რომელსაც კლარნეტისტი აკლდა და, დირიჟორის თხოვნით, მისი მაგივრობა დონალდსონმა გასწია. სანოტო ფურცლიდან კითხვა არ გასჭირვებია - ყველა სტანდარტი დიდებულად შეასრულა. საკუთარი იმპროვიზაციული მეტყველებით ბენდლიდერი ისე აღაფრთოვანა, რომ ამ უკანასკნელმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის დიდი ორკესტრის წევრობა მოუხერხა. ასე აღმოჩნდა ახალგაზრდა ჯარისკაცი ისეთი არტისტების გარემოცვაში, როგორებიც იყვნენ: უილი სმითი, მეიჯორ ჰოლი და კლარკ ტერი.

ომის დასრულების შემდეგ ლუ დონალდსონი ორკესტრიდან წამოვიდა. რაღაც ხანს ჩიკაგოს კლუბებში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში დაიდო ბინა, სადაც იმხანად ჩარლი პარკერის მიერ წამოწყებული რევოლუცია, სახელად „ბი-ბოპი“, იკრებდა ძალას. ზოგიერთი კრიტიკოსი დღემდე ლაპარაკობს იმ უდიდეს გავლენაზე, რომელიც პარკერმა დონალდსონის მუსიკალურ აზროვნებაზე იქონია. თუმცა ამ უკანასკნელმა ინდივიდუალური საშემსრულებლო თუ სასცენო ხელწერის შექმნა მაინც მოახერხა: თბილი, ნატიფი ბგერებით, არტიკულირებული ფრაზებით თვალდახუჭული ამეტყველდა. მეტიც, ლუ დონალდსონი ერთ-ერთი პირველი საქსოფონისტი გახლდათ, რომელიც ბლუზურ სტრუქტურას დაეყრდნო, ბი-ბოპის, ფანკის, ჯაზ-ფანკისა და რიტმენბლუზის სინთეზი და კომერციალიზაცია მოახდინა.

50-იანი წლების დასაწყისში ლუ დონალდსონით ხმის ჩამწერი სტუდია „Blue Note Records“-ი დაინტერესდა და სადებიუტო ალბომიც გამოსცა. ლეიბლის ფორმატში ისეთ მუსიკოსებთან უწევდა თანამშრომლობა, როგორებიც იყვნენ: კლიფორდ ბრაუნი, თელონიუს მონკი, ჯიმი სმითი, მილტ ჯექსონი, ჰორეის სილვერი და არტ ბლეიკის „the Jazz Messengers“-ი. ეს საქსოფონისტის წარმატების საუკეთესო პერიოდი გახლდათ, 2 ათწლეულის მანძილზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკულ თუ ევროპულ სცენებზე. თუმცა ჯაზ-ავანგარდის ერთ-ერთი მიმართულების - „ფრი ჯაზის“ - მოძალებამ არტისტი ჩრდილში მოაქცია. სცენაზე დაბრუნება მხოლოდ 80-იანებში შეძლო, როცა ბიბოპისადმი ინტერესმა კვლავ იფეთქა.

ამჟამად ლუ დონალდსონი 88 წლის ბრძანდება და, ასაკის მიუხედავად, შესანიშნავ ფორმაში გახლავთ. უკანაკნელად სცენაზე წელს გამართულ ერთ დიდებულ კონცერტზე, ხმის ჩამწერი ლეიბლის, „Blue Note Records“-ის, 75 წლის იუბილეზე გამოჩნდა და ჯაზურ სამყაროს საკუთარი საფირმო ბგერით გაესაუბრა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG