Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუცა კობახიძე - საერთაშორისო და შედარებითი განათლების ექსპერტი


კვირა, 23 ივლისი

დილით, ტრადიციულად, დანიმ გამაღვიძა. ერთი სული აქვს, ეზოში სათამაშოდ გავარდეს. აივნიდან მოპირდაპირე კოტეჯს ზვერავს, კესომ თუ გაიღვიძა. ვეღარ ვიმორჩილებ, ისე გაველურდა ცემში. ფეხშიშველა დადის, ხეებზე დაძვრება, მკვახე ვაშლებს კრეფს. მერიდება დიასახლისის. დანი ურბანული ბიჭია, ჰონგ კონგში გაიზარდა, წლისაც არ იყო, რომ წავიყვანე. შემოდგომით 6-ის ხდება. ბალახზე ფეხშიშველა სიარული, წყაროდან წყლის მოტანა მისთვის ეგზოტიკაა. უბედნიერესია. ამასობაში ქართულიც გაიუმჯობესა.

წუხელ მეგობრები ამოვიდნენ, ცეცხლი დავანთეთ ეზოში, მწვადები და ბოსტნეული შევწვით. რეზო, მამუკა, გურანდა და მე. დილის 4 საათამდე ვაგემოვნებდით მამუკას ამოტანილი ქართული ღვინოების ნაირ-ნაირ სახეობას, თეთრი, შავი, ქარვისფერი. ყველა კარგია. მამუკას ეგ არ შეეშლება, თან ისტორიებს ყვება ღვინოზე, ვაზზე, წარმოების ტექნიკაზე. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურეთ, მუსიკას ვუსმინეთ და ერთი წლის სამყოფი სიცილით ვიცინეთ.

დილის 8 საათია. მე გუშინდელ საღამოზე ვფიქრობ, როგორ მომენატრება ეს ყველაფერი. უკვე 2 კვირაში მივფრინავ, რაღა დარჩა. ამასობაში დანიმ დრო იხელთა და გავარდა კესოს კოტეჯში, უნდა გააღვიძოს. დედაჩემი ქოთქოთებს, ხომ თქვი, საქმე მაქვს გასაკეთებელიო კვირას, დაგეძინა ადრეო. მართალია. ამერიკის განათლების კვლევის ასოციაციის, იგივე AERA-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე მაქვს გასაგზავნი აბსტრაქტი, ერთ დღეშია დედლაინი, კონფერენცია 2018 წლის აპრილშია, ნიუ იორკში. ჩემს სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონფერენციაა, თუმცა მაგაზე მეტად მახარებს ის, რომ ნიუ იორკში ჩავალ, სადაც სტუდენტური წლები გავატარე.

თავისუფლების დღიურები - ნუცა კობახიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:13:56 0:00

ვიღებ ტელეფონს. ეკრანზე ვხედავ ჰონგ კონგში ჩვენი სახლის ჩინელი მეპატრონის მესიჯს. გუშინ თქვენს ბინაში წყლის მილი გასკდა, ოთახები დაიტბორაო. გირეკეთ, რომ შესვლის ნებართვა გვეთხოვა, მერე შევედით და გავაშრეთო. ღრმად ამოვისუნთქე, მგონი სერიოზულად არაფერი დაშავებულა. ვიდეოც გამომიგზავნეს. ჩინური თავდადება იგრძნობა ყველაფერში, პასუხისმგებლობა მცირე დეტალის მიმართ. როშეც ფილიპინებშია წასული, ჩვენი ჰელფერი, თორემ ის უკეთ ამიხსნიდა, რა მდგომარეობაშია ჩვენი ნივთები. მაინც ვნერვიულობ.

AERA-ის კონფერენციის ვებგვერდზე შევედი, გადავავლე თვალი აბსტრაქტის მოთხოვნებს. ორი რეცენზენტი ანონიმურად წაიკითხავს და შეაფასებს. 2 ნოემბერს იქნებაო პასუხები. კონფერენციაზე მოხსენება ბირმელ, იგივე მიანმარელ, მასწავლებლებზე მინდა წავიკითხო. UNESCO-ს ეგიდით, ემპირიულ კვლევას ვატარებთ იანგონის საშუალო სკოლებში და კვლევის შედეგებზე მოვყვები. ვფიქრობ, თემას რომელი თეორიული ჩარჩო მოვარგო. მინდა, დიურქეიმის საკრალურობისა და პროფანაციის თეორიით ავხსნა ბირმელი მასწავლებლების პროფესიული სტატუსის სიმბოლური ცვლილება. ამბიციური იდეაა. დავფიქრდი და მივხვდი, ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს ამ დილით დიურქეიმის “რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები” გადავშალო. ავდგები და განათლების პრივატიზაციისა და მარკეტიზაციის თეორიულ ჩარჩოს მოვარგებ, ნაცნობი თემაა და არც არაფრის წაკითხვა არ დამჭირდება. დროდადრო “Empire State of Mind” ვუსმენ, მეხმარება, წარმოვიდგინო ნიუ იორკი, როგორც მოტივაცია. ძილმა თავი წამართვა და ერთ მომენტში ვიფიქრე, არ გავაგზავნი აბსტრაქტს, დიდი ამბავი, CIES-ზე, მეორე მნიშვნელოვან კონფერენციაზე ხომ მივდივარ მექსიკაში, AERA-ს გამოვტოვებ-მეთქი. აქ უკვე ჩემი ხასიათი ჩაერთო - ვერ ვიტან შუა გზაზე მიტოვებულ საქმეებს, ნემსებივით მერჭობა ხოლმე. საღამოს მზად მქონდა აბსტრაქტი, 2 000 სიტყვა.

ორშაბათი, 24 ივლისი

დღეს კიდევ ერთი დედლაინი მაქვს - სილაბუსი უნდა დავასრულო და გავაგზავნო ჰონგ კონგის უნივერსიტეტში. კურსს “გლობალიზაცია და განათლება” გაზაფხულის სემესტრში წავიკითხავ ბაკალავრიატის ოთხი სპეციალობის სტუდენტებთან. ეს კურსი სტუდენტებს გააცნობს განათლების გლობალურ პოლიტიკას, იდეებს, სისტემებს, მოგზაურ რეფორმებს. ვიმსჯელებთ, როგორ შეიცვალა განათლების მიზნები გლობალიზაციის პირობებში მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, სახელმწიფოებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. 2-3 საათი მჭირდება, რომ კურსის მოსალოდნელი შედეგები დავწერო და დავუკავშირო თითოეულ ლექციას ცხრილის სახით. მთავარია, დანი კარგად გაერთოს ბავშვებთან, რომ მე კომპიუტერთან დაჯდომის საშუალება მომეცეს. რა გამოვიდა, ჩამოვედი ცემში და ისევ ვმუშაობ.

„რადიო თავისუფლებაში” მარინას და ნიკოს შევეხმიანე. გამამხნევეს, ადვილად დაწერ დღიურებსო. მჭირდებოდა გამხნევება. ესეც ხომ დასაწერია, თან ჩემთვის უჩვეულო სტილით.

საღამოს კესოს ექსპერიმენტი გავუკეთე - რაკეტა: რეზინის ბუშტით, თოკით და კოქტეილის ჩხირით. წინა კვირას კვერცხით და ძმრით. ძალიან მოეწონა, დამყვებოდა, კიდევ გამიკეთეო. ეზოს ბავშვებიც შემოგვეხვივნენ. ერთი წელია, მე და დანი თითქმის ყოველ საღამოს ექსპერიმენტებს ვაკეთებთ სახლის პირობებში - დაინტერესდა ქიმიით, ფიზიკით, ბიოლოგიით. ექსპერიმენტების ჩატარება საუკეთესოა მშობლებისა და შვილების ერთად ყოფნისთვის. მიხარია, რომ დანის მეგობრებიც დავაინტერესე.

გვიან რეზო ამოვიდა თბილისიდან. კოცონი დავუნთეთ ეზოს ბავშვებს. დანიმ ზღაპარი მომიყევითო, რამე ისეთი, რაც არ ვიციო. მოვიგონეთ დევებზე, ცისკარას ვარიაცია. რეზო თან ყვება და თან ასახიერებს ზღაპრებს, ძალიან ვხალისობთ სამივე. დევები არ ეყო დასაძინებლად. „ოზის ჯადოქარზე” გადავედით. დანიმ რომ დაიძინა, მე და რეზომ ღამის ორ საათამდე ვარსკვლავებს ვუყურეთ.

სამშაბათი, 25 ივლისი

დილის 7 საათზე ავბარგდით და დავტოვეთ ცემი. 10 დღე გამოგვივიდა. ყოველთვის სევდიანია განშორება ადგილთან და ხალხთან. გზაში მარკ ბრეის წერილს ვკითხულობ იანგონში ვიზიტის შესახებ, კვლევის მიმდინარეობაზე მიყვება. სამ სკოლაში ვიყავითო. მარკი ცნობილი ბრიტანელი პროფესორია, ჩემი სადოქტოროს ხელმძღვანელი იყო, ახლა უკვე კოლეგაა. სულ მაოცებდა, როგორ შეეძლო კონცენტრირებულად ემუშავა აეროპორტსა და თვითმფრინავში. მესამე პროექტი გვაქვს ერთად. პირველი ჰონგ კონგში იყო, მეორე კამბოჯაში, ახლა მიანმარში. ამასობაში, მეც ვისწავლე თვითმფრინავში მუშაობა. ის კი არადა, აეროპორტიდან პირდაპირ შეხვედრებზე სიარულიც მომწონს უკვე. ადრე ვბრაზდებოდი.

გზად საჭმელად გავჩერდით ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში. თვალში მხვდება მომსახურე პერსონალის უხალისობა, სიზანტე, მოუწესრიგებელი რიგები, სერიოზული ჩავარდნა მენეჯმენტში. არავის არაფერი უხარია და კარგ ხასიათზეც რომ იყო, გაგიფუჭებენ. გულში ვამართლებ, არ უხდიან წესიერ ხელფასს და ამიტომ. მთელი ბრაზი სუპერმარკეტის მენეჯმენტზე გადავიტანე. ისინი ხომ ამით დიდ ფულს შოულობენ. მომსახურე პერსონალის ასეთი სახეები ამას წინ ყაზახეთშიც შემხვდა. იქნებ პოსტსაბჭოთა ფენომენია?

საღამოს მე და რეზო ნაცნობ ჩინურ რესტორანში მივდივართ. ხარისხი მკვეთრად გაუფუჭებიათ, გული დაგვწყდა.

ოთხშაბათი, 26 ივლისი

დილით როგორც იქნა, წიგნზე სამუშაოდ დავჯექი. ერთი თავის რედაქტირება ძლივს შევძელი, აშკარად მძიმედ მიდის ზაფხულის ფონზე. Springer-თან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, წიგნი 2018 წელს გამოვა ინგლისურად და ჩემს სადოქტოროზე იქნება დაფუძნებული. ვწერ საქართველოში რეპეტიტორობის ბაზრის დინამიკაზე, ეკონომიკური სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის თეორიებზე დაყრდნობით.

იმეილს ვხსნი და ისევ სამსახურის ამბები. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ შვებულებაში ვარ, მაგრამ არ გამოდის. უნივერსიტეტიდან მწერენ, 26-ში შეხვედრაა ფაკულტეტზე, ვინც PGDE კურსს ასწავლით, მოდითო. PGDE მასწავლებლების მოსამზადებელი საუნივერსიტეტო პროგრამაა, ბრიტანულ მოდელზე აგებული, რომელიც მომავალ მასწავლებლებს სკოლაში სწავლების კვალიფიკაციას ანიჭებს. ჩემი კურსი განათლების თეორიებზე იქნება. მაგისტრანტებსაც ვასწავლი, მაგრამ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა PGDE ჯგუფის მიმართ მაქვს. მომავალი მასწავლებლები რა ცოდნასაც უნივერსიტეტში დააგროვებენ, იმ ცოდნით შევლენ სკოლაში. უკვე 100 წელია, ჩემი უნივერსიტეტი მასწავლებლებს ამზადებს, შარშან რეფორმა გატარდა და ახლა შეხვედრაც მაგაზე იქნებაო.

საყიდლებზე გავედი. ცხელა, მაგრამ ჰონგ კონგის შემდეგ თბილისის სიცხე არ მიკვირს. ტაქსის მძღოლები ცალკე მოსაყოლი თემაა, დრო არ მეყოფა. ქართული თაფლი ვიყიდე, უცხოელი მეგობრებისთვის საჩუქარად. მაკას და კეკეს შევხდი, ჩემს ნათესავებს. მომავალი 10 დღის გეგმები რომ მოვუყევი, იცინეს, შენ ხომ წესით დასასვენებლად ხარ ჩამოსულიო. კეკეც ამერიკაში ბრუნდება, ნოტრ დამის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, ჯერ მხოლოდ 23 წლისაა - მიხარია და მეამაყება.

ვატოს დავურეკე, ჩემს ძმას. მწვადების ექსპერტია. უცხოელი მეგობრებისთვის თევზის მწვადი მინდა და რა სახეობას მირჩევ-მეთქი. ისეთ ადგილებში მირჩია ყიდვა, მთელი ქალაქი რომ უნდა გადავიარო. მაკარსაც დავურეკე, ქართული სუფრის მეორე დიდ ექსპერტს. მერე გვანცას შევეხმიანე, ჩემს დას, საუკეთესოდ იცის საქართველოს რომელ ქალაქში უცხოელებს რა უნდა აჩვენო.

საღამოს კუს ტბაზე ავიდეთო, რეზომ. ვეუბნები, დღიურები მაქვს საწერი, რა დროს სეირნობაა-მეთქი. გზად ნანა მამიდას შევუარეთ ბერძენიშვილზე, მიყვარს ეს ოჯახი. კუს ტბაზე მაინც ავედით, მანქანის გასაჩერებელი ადგილი ხომ არ იყო და ისეთ საცობში მოვხვდით, ვიდექით მანქანით ერთი საათი, რომ გზის ბოლოს გავსულიყავით. ხომ შეიძლება პატრულმა ან კუს ტბის ადმინისტრაციამ მოაწესრიგოს მოძრაობა. დრო დავკარგეთ, მაგრამ რეზოს ნიშნის მოგებით ვახსენებ, რომ მისი იდეა იყო და ჩავარდა. ხვალ მე გადავწყვეტ, საღამოს სად წავიდეთ.

ხუთშაბათი, 27 ივლისი

დილის 3 საათზე ბათუმიდან დამირეკა ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა ალამ, ჩამოვფრინდით და დავლაგდითო. ალა 9 წლის წინ გავიცანი, კოლუმბიის უნივერსიტეტში, მე სამაგისტროს ვაკეთებდი, ის სადოქტოროს. იშვიათი ადამიანი და უნიჭიერესი პროფესიონალია, ჩემი უახლოესი მეგობარი. ახლა ამერიკაში SIT Graduate Institute-ში ასისტენტ პროფესორია. მსგავსი ინტელექტუალი ცოტა შემხვედრია. ოჯახით ჩამოვიდა ბათუმში და მომავალ კვირას თბილისში 3 ღამით ჩემი სტუმარია. დღეებს ვითვლი.

Facebook-ი გავხსენი და სტატიის სათაური მომხვდა თვალში ”განათლება ეროვნულ პრობლემათა ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა NDI-ს კვლევის მიხედვით”. რატომ პირველზე არა? გავიფიქრე. პროფესიული ჩვევაა - კვლევებს სკეპტიკურად ვუყურებ, თუ არ ვიცი, რა მეთოდოლოგიით არის ჩატარებული. ამჟამად, მე, მარკ ბრეი და ამერიკელი სოციოლოგი ლარი სუტერი კრიტიკულ სტატიას ვწერთ PISA-ზე, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევაზე, რომელიც 15 წლის მოზარდების საგანმანათლებლო მიღწევებს ადარებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდოლოგია მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტების შექმნილია, შეცდომებისაგან არ არის დაზღვეული. კვლევის ავტორიტეტმა არ უნდა დაგვიკარგოს კრიტიკული შეფასების უნარი. ჰოდა, ახლა ამ სტატიით ვაკრიტიკებთ PISA-ს მეთოდოლგიას. ჩვენი პირველი სტატია ამავე თემაზე 2014 წელს გამოვიდა და ციტირებებს თუ შევხედავთ, დიდი პოპულარობით სარგებლობს აკადემიურ წრეებში.

რეზოს ვურეკავ სამსახურში და ხვალინდელ ღვინის ტურს ვგეგმავთ ერთად. ჰონგ კონგელი სტუმრები კახეთში მიგვყავს. დედაჩემს ვუთანხმებ პარასკევის სადილის მენიუს. არ მეთანხმება, რომ ვეუბნები, ბევრი სახეობის საჭმელი რა საჭიროა-მეთქი.

გარეთ გავდივარ და ჩემს ნათესავს, ეთოს ვხვდები ყავაზე. ეთო გრაფიკული დიზაინერია, ჩემი წიგნის ყდის დიზაინი გამიკეთა, ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ეს მაინც არის მზად.

პარასკევი, 28 ივლისი

9 საათზე გავედით თბილისიდან. ჩვენი ჰონგ კონგელი მეგობრები, ემი, დევიდი და მათი შვილი ალისონი ღვინის ტურზე მიგვყავს კახეთში. ემი რამდენიმე წლის წინ სუხიშვილების კონცერტზე მოხვდა, აღფრთოვანდა ქართული ცეკვებით და ჩამოვიდა საქართველოში. წელს მეორედ არის. მაკვირვებს, იმდენი რამე იცის საქართველოზე, კიდევ უფრო მეტი უნდა გაიგოს. თუკი რაიმე ხდება ჰონგ კონგში, რაც პირდაპირ ან ირიბად საქართველოსთანაა დაკავშირებული, ემი მაცნობებს ხოლმე. ამასწინ ემიმ დამპატიჟა ახალი ქართული ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახის” აზიურ პრემიერაზე. საქართველოს შესახებ ჰონგ კონგში ცოტას თუ გაუგია, ემი იშვიათი გამონაკლისია. დევიდი ბრიტანელი პროფესორია, საერთაშორისო აკადემიურ წრეებში ფართოდ ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ციტირების მქონე მეცნიერი, რომელიც ოდესმე შემხვედრია.

მისი კვლევის ინტერესები მოიცავს შეფასებას განვითარებისთვის, სწავლაზე ორიენტირებულ შეფასებას და სტუდენტების ჩართვას უკუკავშირის პროცესში. დღეს ალისონის დაბადების დღეც არის, 13 წლის გახდა. ყოველ ჯერზე, როცა მას ვხვდები, პატივისცემის გრძნობა მიჩნდება, საოცრად თავაზიანია, ღრმად განათლებული და თავმდაბალი. მიხარია, რომ ამ შესანიშნავ ოჯახს ასე მოსწონს საქართველო.

წინანდალში ღვინის დეგუსტაციაზე შევიარეთ. აღფრთოვანდნენ პროცესით და ღვინის ხარისხით. ინგლისურენოვანმა გიდმა ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორია გვიამბო. მეც სანახევროდ ტურისტივით ვუსმენდი, რამდენი რამ არ მახსოვდა თურმე. ლოპოტაზე გვინდოდა ლანჩზე ავსულიყავით, არ შეგვიშვეს, გადატვირთულიაო. ცოტა გული კი დაგვწყდა, თან გზაც გაგვიგრძელდა. თელავი მოვიარეთ, ცოტა წავიხემსეთ და გავეშურეთ საგარეჯოში, კერძოდ გიორგიწმინდაში, ჩემს მამაპაპეულ სახლში სადილზე.

ჩემი წინაპრების სახლი ყველაზე ძვირფასი მოგონებების ადგილია. ამაზე კარგი ადგილი არ არსებობს დედამიწაზე. აქ ვისვენებ. მწვადის შეწვა დიდი ამბით რეზომ ითავა, მაგრამ ყოველ წუთს მე მეძახდა, ერთი თვალით დახედე, არ დაიწვასო. ადრე მწვადის შეწვას არც გაეკარებოდა, საკრალური პროცესი ეგონა, როგორ შევძლებო. ვეხუმრები ხოლმე ვაკელობაზე. არ ბრაზდება. დიდი პროგრესი აქვს. მწვადი შესანიშნავი გამოვიდა.

სუფრასთან საქართველოს, ბრიტანეთის და ჰონგ კონგის ისტორიაზე, კულტურასა და პოლიტიკაზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ბრექსიტზეც და ევროპის მომავალზეც.

ალისონის დაბადების დღის ტორტიც გავჭერით, შესანიშნავი საფერავიც გავსინჯეთ და ქართული საჭმელების ფართო ასორტიმენტი დავაგემოვნეთ. 15 კილოიანმა საზამთრომ ემი და დევიდი ერთხელ კიდევ აღაფრთოვანა - ჰონგ კონგში ნახევარკილოიან საზამთროებზე დიდს ვერ ნახავთ.

თბილისში გვიან ღამით კმაყოფილები ვბრუნდებით. რა იქნება კახეთის ტრასაზე ღამის განათება იყოს-მეთქი, ვფიქრობ გულში.

შაბათი, 29 ივლისი

დღეს რადიო თავისუფლებაში მივდივარ დღიურების წასაკითხად, მაგრამ მანამდე კულინარიულ სამზადისში ვარ. ქათმის ფრთები უნდა დავამარინადო ფილიპინურად. მაცივარში ჰონგ კონგიდან ჩამოტანილი ლემონგრასი, გალანგალის ფესვები და კაფირ ლაიმის ფოთლები მაქვს ტაილანდური ტომ იამ სუპის გასაკეთებლად. ხვალ საღამოს თიკოსთან და თორნიკესთან სახლში აზიურ ფართის ვაწყობთ. მე ამ ორ სახეობას ვაკეთებ, თიკო ინდურ ქარის გააკეთებს. მამუკა და გურანდა ქართულ ღვინოებს ამოიტანენ. ეკა პოლიტიკური ამბებით გაგვანათლებს. არა, დანის მანდ წაყვანა როგორ შეიძლება, ვერ იტანს, დედა მას რომ არ აქცევს 100%-ით ყურადღებას.

ფურცელს ვიღებ და მომავალი კვირის გეგმებს, ალას და მისი ოჯახის სტუმრობის მარშრუტს ვადგენ. ნახევარზე მეტი მეგობარი არ მინახავს, მირეკავენ, მსაყვედურობენ. მაინც ყველაფერს მოვასწრებ მომავალ კვირას, ვირბენ ბევრს, დავიღლები და მერე ჰონგ კონგში დავისვენებ.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:14:21 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG