Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მუშაობა დაიწყო „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ ფორუმმა


7 დეკემბერს სასტუმრო "ბილტმორ თბილისში“ მუშაობა დაიწყო „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ მე-9 საერთაშორისო (LED) ფორუმმა. ღონისძიება გახსნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას თბილისის განვითარების პროცესში.

,,ეს ფორუმი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების და თვითმმართველობის სიახლეებსა და ინოვაციურ მიმართულებებზე აქტიური დისკუსიის საშუალებას აძლევს. წლევანდელ ფორუმზე აქცენტი გაკეთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში ელექტრონულ მმართველობაზე, ტურიზმის ხელშეწყობაზე, იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც "თვითმმართველობებმა" ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის უნდა გამოიყენონ. ჩვენ ვისაუბრებთ გენერალური გეგმის საკითხებზე, თბილისის, როგორც მომავლის ქალაქის, კონცეფციაზე, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების კუთხით ჩატარებულ სამუშაოებზე და ყველა იმ სიახლეზე, რომელსაც ქალაქის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფორუმის მუშაობის პირველ დღეს გაიმართა თემატური სესიები, რომელთა თემებია „გონიერი ქალაქის“ სტრატეგიები, „მწვანე ქალაქი“, ფონდების მოძიება, ინვესტიციები, ელექტრონული მმართველობა და სხვა.

ღონისძიების საკონფერენციო ნაწილს ეთმობა ორი დღე, მესამე დღე კი ეთმობა კულტურულ პროგრამას. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს 800-მდე სტუმარი. დაგეგმილ სესიებს მოდერაციას უწევს 13 მოდერატორი და 100 პრეზენტატორი, მათ შორის 52 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი.

ადგილობრივი ეკონომიკური ფორუმის დასასრულს თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაფორმდება ხელშეკრულება თბილისის მერიასა და World Council on City Data-ს (WCCD) შორის თბილისისათვის ISO სტანდარტისა და შემდეგ „გონიერი ქალაქის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე.

XS
SM
MD
LG