Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარში სესხები ისევ ძვირდება


ბოლო დღეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილებაა. ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.0 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ლარში აღებულ სესხებზე, სავარაუდოდ, პროცენტები გაიზრდება.

გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი ინფლაციის მოლოდინითა და შიდა და გარე რისკების ზრდით ხსნის:

ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ შეზღუდულია.

მეორე მხრივ კი, ეროვნული ბანკი შიდა ფაქტორებიდან გამოყოფს ბანკის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობას, რაც ზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობასა და ხელს უწყობს ინფლაციის მოლოდინის ზრდას.

აქვე ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტი განმარტავს, რომ არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოს 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და, ზოგადად, დამოკიდებული იქნება ინფლაციის მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას წინ უძღოდა ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციის გაგრძელება, კერძოდ, ლარის კურსი კვლავ ასცდა 1 აშშ დოლარი - 2,3 ლარის ნიშნულს, რაც ტურისტული სეზონისა და ორი მნიშვნელოვანი მოვლენის - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა და ფეხბურთში სუპერთასის ფინალის - ფონზე საზოგადოებისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო.

სწორედ ამიტომ საზოგადოებაში ლარის დევალვაციისა და ინფლაციის მოლოდინი გაძლიერდა, რაც კურსზეც მნიშვნელოვნად აისახა.

ამას გარდა, კურსზე ზეგავლენა მოახდინა ინვესტიციების შემოდინების შემცირებამ (6 თვის მაჩვენებლით, 30 პროცენტის ფარგლებში), ექსპორტის შემცირებამ (დაახლოებით, იმავე 30 პროცენტით), გზავნილების შემცირებამ (ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ივლისში კიდევ უფრო მეტად).

თავად ეროვნული ბანკი ასე აღწერს დღეს არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებას:

„წინასწარი ინფორმაციით, რეალური მშპ-ს ზრდა მეორე კვარტალში პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც, რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ ასახვას პოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე. შესუსტებულია ადგილობრივი მოთხოვნაც, რასაც ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებს.

პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ მოახდინა იმპორტის კორექტირება. მეორე კვარტალში იმპორტის კლებამ 21 პროცენტი შეადგინა (გრანტით მიღებული C ჰეპატიტის წამლების იმპორტის გარეშე), შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის“,- ნათქამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ფაქტია, რომ, სამწუხაროდ, ამ რეალობაზე დღეს ხელისუფლება ნაკლებად რეაგირებს ადეკვატურად. გარდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით წარმოებული საკანონმდებლო ბატალიებისა, ამ დღებში ისიც გახდა ცნობილი, რომ სხვადასხვა ჯგუფები შემოდგომაზე ბანკების წინააღმდეგ აპირებენ აქციების დაწყებას.

თუ მსგავსი პოპულისტური აქტივობები წახალისდა, ეს, უდავოდ, მიგვიყვანს საბანკო სექტორის სტაბილურობის რღვევამდე, ეს კი არა მხოლოდ სესხების ხელმისაწვდომობას შეზღუდავს, არამედ დანაზოგებსაც შეუქმნის საფრთხეს და, ზოგადად, ეკონომიკის დასასრულის დასაწყისი შეიძლება გახდეს.

XS
SM
MD
LG