Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხი ტურისტულ სეზონს მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურით ხვდება


მთლიანად მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურა, მწყობრიდან გამოსული სანიაღვრე სისტემა და მტვერში გახვეული ვაშლოვანის ქუჩა - ასე ხვდება ლაგოდეხი 2018 წლის აქტიურ ტურისტულ სეზონს. ლაგოდეხის ნაკრძალამდე რომ მიხვიდე, სწორედ ვაშლოვანის ქუჩა უნდა გაიარო. ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 2017 წლის სექტემბერში იმ მიზნით დაიგეგმა, რომ ტურისტებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. თითქმის მილიონ-ნახევრიანი პროექტის სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. შესაბამისად, კომფორტი ჯერ ვერც ტურისტებმა იგრძნეს და ვერც ადგილობრივებმა.

ვაშლოვანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჰაერის ტემპერატურამ მოიმატა, მთელი ქუჩა მტვერშია გახვეული.

„ამბობენ, რომ ჩვენ ქუჩაზე ამ ზაფხულშიც ჩატარდება ჯაზფესტივალი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში?! ძალიან უპატრონოა ჩვენი ქუჩა“.

მოსახლეობის თქმით, მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს და მერიას სპეციალური განცხადებით მიმართეს, მაგრამ რას აკეთებს მერია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არავინ იცის.

„ვერ ვსუნთქავთ, ბავშვები გარეთ ვერ გამოგვყავს, ფანჯრებსაც ვერ ვხსნით. რა ხდება, ვერ გაგვიგია. პასუხსაც არ გვცემენ. ამ მტვერში მთელი ზაფხული როგორ უნდა ვიყოთ, არ ვიცით“.

„ხელმოწერები გავაგზავნეთ კახეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან. მერი მობრძანდა და იძახის, მე რა ვქნა, ვერაფერს ვერ გავაკეთებო, დავიბარებ კომპანიებსო და შეგახვედრებთ მათო. ჯერ არავინ არ ჩანს და არც არავინ მოდის. ასე ვართ მიტოვებულები“.

„ამბობენ, რომ ჩვენ ქუჩაზე ამ ზაფხულშიც ჩატარდება ჯაზფესტივალი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში?! ძალიან უპატრონოა ჩვენი ქუჩა“.

დაზიანებული გზა ლაგოდეხში
დაზიანებული გზა ლაგოდეხში

ლაგოდეხში ვაშლოვანის ქუჩაზე მდებარეობს ის ტერიტორიაც, სადაც წელს უკვე მეორედ უნდა ჩატარდეს ბლუზფესტივალი. ფესტივალის დამფუძნებელი ვიქტორ კერვალიშვილი ამბობს, რომ, გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს უკეთესი ორგანიზება, ხმის სისტემა და განახლებული სცენა იქნება, თუმცა კერვალიშვილს ახლა ყველაზე მეტად ის აფიქრებს, მოესწრება თუ არა იმ გზის საფარის აღდგენა, რომლითაც მსმენელი ფესტივალზე უნდა მივიდეს. კერვალიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ და რეგიონის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სამუშაოების დაჩქარების ბერკეტი არ აქვს:

„ალბათ, ეს ვიზიტორების რაოდენობაზე იმოქმედებს. აღმოვაჩინეთ, რომ ასეთ მრავალმილიონიან დაკვეთის სატენდერო პირობებს ასრულებს კომპანია, რომელსაც ჰყავს სულ შვიდი მუშა და ამ შვიდი მუშიდან კვირის მანძილზე სამუშაო დღეებში მხოლოდ ორი დღე მუშაობენ. დანარჩენები არაფერს არ აკეთებენ. შეჩერებულია მშენებლობა და ასეთი ტემპებით ეგენი ვერ დაამთავრებენ ზაფხულისთვის. გამგეობა და გუბერნია აქტიურად არის ჩაბმული ამ პროცესში, მაგრამ ვერანაირი ზეგავლენა, ვერანაირი ეფექტური ბერკეტი მათ ხელში ვერ ვნახეთ, რითაც შეუძლიათ დააჩქარონ მშენებლობები“.

მართალია, ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტული სეზონი წლის ნებისმიერ დროს არის, მაგრამ ტურისტთა ძირითად ნაკადს ადმინისტრაცია მაისიდან შემოდგომის ჩათვლით ელოდება. როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ გვითხრა, წელს ვიზიტორებს რამდენიმე სიახლესაც შესთავაზებენ. სულამანიძეს ვაშლოვანის ქუჩაზე საგზაო ინფრატსრუქტურის დროულად მოწესრგების იმედიც აქვს:

გიორგი სულამანიძე
გიორგი სულამანიძე

„ყოველ წელს ვცდილობთ, რომ ახალ-ახალი რაღაცები დავნერგოთ. ახლა ვფიქრობთ ნინოსხევის ჩანჩქერზე ინფრასტრუქტურის დამატებას. ეს გულისხმობს, რომ ბოლო მონაკვეთი შედარებით რთულია და გვინდა, რომ აღვჭურვოთ პანდუსებით. ასევე გეგმებში გვაქვს, ბუნების შემეცნებით ბილიკთან, რომელიც ბავშვებზეა ორიენტირებული, ახალი ელემენტები და რამდენიმე თვალსაჩინო ატრაქცია დავამატოთ. როგორც ვიცი, აქტიურად მიდის გზის აღდგენის სამუშაოები. მე არ ვარ კომპეტენტური, თუმცა მეუბნებიან, რომ ტურისტული სეზონისთვის იქნებაო... იმედია, ეს გზა იქნება“.

ჩვენ ლაგოდეხში მყოფი რუსი ტურისტიც ჩავწერეთ, რომელიც ლაგოდეხში მოსკოვიდან ჩამოვიდა. დიმა გორდენი, საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემასთან ერთად, ქალაქის დანაგვიანებაზეც ლაპარაკობს.

დიმა გორდენი, რუსი ტურისტი
დიმა გორდენი, რუსი ტურისტი

„ლაგოდეხში ინფრასტრუქტურა საჭიროებს განვითარებას. გუშინ, როდესაც ქალაქში ფეხით ვმოძრაობდით, რამდენიმე ადგილზე ბევრი ნაგავი შეგვხდა. ეს შეუთავსებელია ასეთ ბუნებასთან. საერთო ჯამში, კარგია, თუკი გზები იქნება მოწესრიგებული. სულ ორი დღეა, აქ ვარ და მეტის თქმა ახლა არ შემიძლია“, - განაცხადა მოსკოვიდან ჩამოსულმა ტურისტმა, დიმა გორდენმა.

როდის დასრულდება 2017 წლის სექტემბერში დაწყებული გზისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაშლოვანის ქუჩაზე? - ლაგოდეხში მერის მოადგილე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე. ალექსანდრე ჭანკოტაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი შეჩერებულია:

„ტურისტულ სეზონს რომ ვხვდებით ასეთ ფორმატში, ცოტა არ იყოს უხერხულია, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება, საბოლოოდ, იმისთვის, რომ უფრო მეტად მოწესრიგებული იყოს მუნიციპალიტეტი. გზის მშენებლობა შეჩერებულია, იქიდან გამომდინარე, რომ სასმელი წყლის პროექტი ჯერჯერობით მიმდინარეობის პროცესშია. გზის დაგების შემთხვევაში მოხდება დაზიანება წყლის იმ მკვებავი მილის, რომლითაც მარაგდება ქალაქის ნაწილი. ეს ყველაფერი, წესით, უნდა დასრულდეს წლის პირველ ნახევარში, მაქსიმუმ აგვისტოს თვეში. შესაბამისად, გზის მშენებლობაც წელს, ყველა ვარიანტში, უნდა იყოს დასრულებული“.

ლაგოდეხში ინფრასტრუქტურა მხოლოდ ვაშლოვანის ქუჩაზე არ არის მოშლილი. სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ასფალტის საფარი თითქმის მთელ ქალაქშია აყრილი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG