2016 წლის 18 მარტს 120 წელი შეუსრულდა ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს, ლადო გუდიაშვილს. საიუბილეო წლის ფარგლებში გუდიაშვილის ფონდი, კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია უმასპინძლებენ მხატვრის ოთხ გამოფენას. 5 მაისს გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა პირველი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა მხატვრის მიერ გასული საუკუნის 40-იან წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ლადო გუდიაშვილმა ბავშვობა გაატარა ძველი თბილისის ღარიბულ, კოლორიტულ უბანში, რომლის აივნიან-ბანიანი სახლებიდან კარგად მოჩანდა მტკვარი, მეთევზეები მტკვარში, მეტივეთა ფიქრიანი სახეები და ყარაჩოღელთა ქეიფი. შემთხვევით არაა, რომ ერთ-ერთ პირველ გამოფენაზე, რომელიც 1919 წელს ტფილისში გაიმართა, გუდიაშვილი წარმოდგენილი იყო ქალაქის ყოფით შთაგონებული სურათებით: „თბილისის აღმოჩენა“, „თევზი ცოცხალი“, „ხაში“, „ძმა-ბიჭების ქეიფი“ და სხვა.
როგორც მხატვარი თავის „მოგონებების წიგნში“ წერს, სწორედ ამ გამოფენამ გადაწყვიტა მისი საფრანგეთში გამგზავრების ამბავი, რაც მხატვარს კაფე „ქიმერიონის“ მოხატვის დროს ახარა „ცისფერყანწელმა“ მეგობარმა, ტიციან ტაბიძემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო იმათ შორის, ვინც ახალგაზრდა მხატვარში დიდი ნიჭი და შემოქმედებითი ენერგია დაინახა. აი, რას წერდა გუდიაშვილის პირველი ნახატებით აღფრთოვანებული ტიციან ტაბიძე:
„იგი მოულოდნელად ეჩვენა თბილისს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო მხატვართა ექსპედიციაში, რომელიც აგროვებდა ქართული ფრესკების კოლექციას. მოვიდა დანგრეული, დარღვეული ტაძრებიდან და კოშკებიდან. მოვიდა როგორც ნიამორი და როგორც ფრესკა - გათანგული ზვიადი ჩვენებით... მოხიბლული უსახელო ოსტატებით“.
ლადო გუდიაშვილმა საფრანგეთში ხუთი ნაყოფიერი წელი გაატარა. როგორც მოგვიანებით თავად მხატვარი იხსენებდა, პარიზის სამხატვრო აკადემიაში არ უსწავლია, მაგრამ ცხოვრობდა მონპარნასის უბანში, ყოველდღე სტუმრობდა კაფე „როტონდას“, ბევრს მუშაობდა და ხშირად იღებდა მონაწილეობას გამოფენებში.
ხუთი წლის შემდეგ გუდიაშვილი ბრუნდება სამშობლოში, გასაბჭოებულ საქართველოში, თუმცა, როგორც ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე ამბობს, მხატვარი ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი შემოქმედებითი მრწამსისა:
„მისი ყველა ეტაპი არის საინტერესო როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით. რასაც ის აკეთებს 20-იან, 30-იან წლებში... პირველ რიგში, გავიხსენოთ ის, თუ როგორ ბრწყინვალედ იწყებს - ვგულისხმობ მის არაჩვეულებრივ უნარს გადმოსცეს ადამიანის სხეული თანამედროვე ექსპრესიული ტრანსფორმირებული ნახატით, ანუ იმუშაოს ამოცანაზე, რომელზეც იმ პერიოდში მუშაობდნენ უდიდესი მხატვრები - იქნება ეს პიკასო, შაგალი თუ მოდილიანი...“
ლადო გუდიაშვილის შემოქმედებითი კრედო ვერც 30-იანი წლების რეპრესიებმა შეცვალა. ეკა კიკნაძის თქმით, საბჭოთა სისტემის სისასტიკესა და მანკიერებაზე მხატვარი რეაგირებდა სატირული გრაფიკული ნამუშევრებითა და სოციალისტურ რეალობას სრულიად აცდენილი ფერწერული ტილოებით.
„გუდიაშვილი მიეკუთვნება იმ ძალიან მცირე გამონაკლისს ქართველი მხატვრებიდან, რომელიც არასოდეს გამხდარა რეჟიმის მეხოტბე. ამის გამოც ახალგაზრდა მხატვრებში, - 50-იანელებში, განსაკუთრებით, - ანუ მხატვრებში, რომლებიც ასპარეზზე გამოვიდნენ სტალინის სიკვდილის შემდეგ, შედარებით ლიბერალურ პერიოდში, გუდიაშვილი იყო საუკეთესო მეგობარი სწორედ ამ თვალსაზრისით და მინდა გავიხსენო მისი გამოფენა, რომელიც 1957 წელს გაიმართა ეროვნულ გალერეაში. ცენზურის გადაწყვეტილებით, მისი გახსნა აიკრძალა, მაგრამ სწორედ ეს 50-იანელები - ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ლევან ცუცქირიძე და სხვები - სიამოვნებით იხსენებდნენ და იხსენებენ, როგორ ძალით გახსნეს ეს გამოფენა, როგორ შეამტვრიეს გალერეის კარი და რამხელა შთაბეჭდილება მიიღეს იმისგან, რაც იქ ნახეს“, უთხრა ეკა კიკნაძემ რადიო თავისუფლებას.
ლადო გუდიაშვილის ტილოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟანრი ლოლაშვილზეც - ცნობილ მსახიობსა და მხატვარზე, რომელიც პირადად იცნობდა დიდ მხატვარს:
„მახსოვს 60-იანი წლები, როგორ გულდასმით, სუნთქვაშეკრული მოდიოდა ხალხი ლადოს სანახავად, ლამის მუხლებზე იდგნენ და იყო დიდი აჟიოტაჟი. როდესაც გუდიაშვილის შემოქმედებას ნახულობ და ეხები მას, ხვდები, რამხელა გენიოსთან გაქვს საქმე. არ ჰქონდა იოლი ცხოვრება. ძალიან დიდი ომი გაიარა აქ, საქართველოში. ეს იყო ნამდვილი წამება და წვალება! დიდი წნეხისა და ცენზურის ქვეშ მოხვდა. სულ რაღაცას ეძებდნენ... არადა, ბატონი ლადო რამე ეპატაჟურს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულს არაფერს არ აკეთებდა. უბრალოდ, სხვა მოვლენა იყო, თავისუფლების ელემენტებით იყო სავსე მისი ცხოვრება და ეს იყო მიუღებელი იმ რეჟიმისთვის. არ მოსწონდა კგბ-ს. გახსოვთ, რანაირი ცხოვრებაც იყო“.
თავი არ მიაჩნდა კარგ მხატვრად. უფრო ზუსტად, კარგ მხატვრად კი არა, საერთოდ მხატვრად არ მიაჩნდა თავი. ამბობდა, დრო გავა და ვნახოთო, რომელ თაროზე შემომდებენო...ანა მელივა
წარმოუდგენელია საბჭოთა ხელისუფლებასა და უშიშროების სამსახურს მოსწონებოდათ ის ფაქტი, რომ ლადო გუდიაშვილმა 1947 წელს, კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის თხოვნით, მოხატა ქაშუეთის ეკლესია: მუშაობდა გატაცებითა და თავდადებით, გააკეთა უამრავი ესკიზი და ჩანახატი, უარი თქვა ზეთის საღებავებზე და მოხატა მივიწყებული ენკაუსტიკის წესით, რომელსაც ძველ ბიზანტიაში იყენებდნენ, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო გუდიაშვილმა ქაშუეთის მხატვრობა ვერ დაამთავრა. მხატვარი მოგონებების წიგნში იხსენებს, რომ წლების შემდეგ კვლავ სთხოვეს გაეგრძელებინა მუშაობა, თუმცა, ამბობს, ასაკის გამო ვეღარ შევძელიო: წლებმა თავის ქნა... ეს ყოველივე დიდ ფიზიკურ შრომასა და დაძაბულობასთანაა დაკავშირებული. ჭერზე მუშაობის გამო ცხვირიდან სისხლის დენა და თავბრუსხვევები მქონდაო.
ლადო გუდიაშვილმა ქაშუეთის ეკლესიის მოხატვას ბევრი დრო და ენერგია შეალია. წლების მერე წერდა, ქაშუეთმა დიდი ტკივილიც დამიტოვაო, თუმცა საყვედური არასოდეს დასცდენია. როგორც მხატვრის შვილიშვილი და გამოფენის ორგანიზატორი ანა მელივა ამბობს, ლადო გუდიაშვილი იყო უკიდურესად თავმდაბალი ადამიანი.
„თავი არ მიაჩნდა კარგ მხატვრად. უფრო ზუსტად, კარგ მხატვრად კი არა, საერთოდ მხატვრად არ მიაჩნდა თავი. ამბობდა, დრო გავა და ვნახოთო, რომელ თაროზე შემომდებენო“.
თუმცა წლებმა და თუნდაც 5 მაისს გახსნილმა გამოფენამ აჩვენა, რომ ლადო გუდიაშვილის ხელოვნებამ გაუძლო დროს და ის საინტერესოა როგორც თემების, ასევე ტექნიკის თვალსაზრისითაც.
„აქ გამოფენილია გასული საუკუნის 40-იან წლებში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გრაფიკა არის სწორედ ის სატირა, რომელიც შეიქმნა სტალინის პერიოდში, როცა მძვინვარებდა ის ჯოჯოხეთი და რომელ სამყაროშიც მას უწევდა ცხოვრება თავის მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება ფერწერას, ეს არის მითებისა და ზღაპრების სამყარო“, უთხრა ანა მელივამ რადიო თავისუფლებას.
ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში, მართლაც, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ მითოლოგიასა და ზღაპრებს. თავად მხატვარიც ამბობდა, მდიდარი ხალხური შემოქმედება ფანტაზიის ულევი წყაროა და მეც მუდამ შთამაგონებს ეს სამყაროო. თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფერწერულ ტილოზე, „დევების ქორწილზე“, წერდა:
„უპირველეს ყოვლისა, მსურდა გამომეხატა ნატვრა, რომ ჩვენს სამშობლოს არ ჰყავდეს მტერი, რომ თვით ბოროტი ძალებიც კი უფრთხილდებოდნენ მას, უყვარდეთ, აფასებდნენ მის სილამაზეს... განაგდონ ბოროტება, იქცნენ კეთილ არსებებად, ეცადონ, უხეშად არ შეეხონ ჩვენს მიწას... სურათში დევები სიკეთითა და სიყვარულით არიან აღვსილნი ადამიანების მიმართ და მათთან მეგობრობენ... ეს წმინდა ფანტაზიაა, იქნებ გაუმართლებელი, მიუღებელი, განუხორციელებელი, მაგრამ ეს არის ზღაპრების სამყარო და მე მიყვარს იგი“.
მისი მხატვრული სამყაროს გამეორება და მიმსგავსება არის შეუძლებელი, რადგანაც ძალიან დიდი ფიგურაა და, ალბათ, გავა კიდევ მრავალი 120 წელი და ის კვლავ დარჩება ერთ-ერთ საინტერესო ქართველ შემოქმედად...ეკა კიკნაძე
ლადო გუდიაშვილთან პირადი ნაცნობობის ბედნიერება ჰქონდათ მომღერლებს ვახტანგ კიკაბიძესა და ნანი ბრეგვაძეს, რომლებმაც მხატვართან ურთიერთობის ერთი ეპიზოდი გაიხსენეს, როცა დიდ მხატვარს ესტუმრნენ სახელოსნოში და „ორერას“ აფიშისთვის ფოტოები გადაიღეს.
ლადო გუდიაშვილი ასევე ბევრს მუშაობდა წიგნის მხატვრობაშიც. დასურათებული აქვს ქართული ხალხური ზღაპრები, „ათას ერთი ღამე“, „ხოსროვ და შირინი“, „ლეილმაჯნუნიანი“. გალაკტიონის, გიორგი ლეონიძის, პასტერნაკისა და ბევრი სხვა თანამედროვე მწერლის წიგნები. როგორც თვითონ მხატვარი ამბობდა, 1914 წლიდან ღრმა სიბერემდე ხელიდან ფუნჯი არ გაუშვია. როგორც ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე შენიშნავს, გუდიაშვილის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე, თუმცა გასაკვირი არაა, რომ ამ ტიპის მხატვარს მიმდევრები არ დარჩენია.
„მისი მხატვრული სამყაროს გამეორება და მიმსგავსება არის შეუძლებელი, რადგანაც ძალიან დიდი ფიგურაა და, ალბათ, გავა კიდევ მრავალი 120 წელი და ის კვლავ დარჩება ერთ-ერთ საინტერესო ქართველ შემოქმედად“, უთხრა ეკა კიკნაძემ რადიო თავისუფლებას.