დღევანდელი სიუჟეტის გმირი – ინდოელი მევიოლინე ლაკშმინარაიანა შანკარი მსოფლიომ 70-იან წლებში გაიცნო, როცა ეთნო-ფიუჟენის „გურუდ“ წოდებული გიტარისტისა და ვირტუოზის, ჯონ მაკლაფლინის პროექტ „შაქტიში“ გამოჩნდა. მაშინ ინდოელი არტისტი, სულ რაღაც, 25 წლის გახლდათ, თუმცა, პერკუსიონისტ ზაკირ ჰუსეინთან ერთად, უდიდესი წვლილი შეიტანა „მსოფლიო მუსიკის“, როგორც დამოუკიდებელი მუსიკალური ჟანრის შექმნასა და განვითარებაში. ჰოდა, სანამ შანკარის შემოქმედებაზე ვისაუბრებ, 2000 წლის ალბომს „Eternal Light“-ის გავიხსენებ. უფრო ზუსტად კი, კომპოზიციას „Ragam Kiravanis“, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მევიოლინეს ინსტრუმენტული და ვოკალური იმპროვიზაციის შესაძლებლობებს.
ლაკშმინარაიანა შანკარი 1950 წლის 26 აპრილს, მადრასში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. ვოკალურ ხელოვნებას ორი წლიდან ეუფლებოდა, ხოლო ხუთი წლისამ ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო. დროდადრო სამხრეთინდური რიტუალური მუსიკის შემსრულებელ ცნობილ არტისტებს უწევდა აკომპანირებას. შემდეგ ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში გაემგზავრა და ეთნომუსიკოლოგიის დარგში დოქტორის ხარისხი მოიპოვა. შანკარი მალე ჯაზმენების მარაქაშიც გაერია. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც თავისი სიტყვა თქვა, საქსოფონისტ არჩი შეპის პოლიტიკური ხასიათის ჯაზ-როკ ალბომი „Attica Blues“ გახლდათ. თუმცა, მსოფლიოს მუსიკალურმა სამყარომ ინდოელი ზემოხსენებული „შაქტის“ ფორმატში გაიცნო, როცა მოდალური ჯაზისა და ინდური ტრადიციული მუსიკის აკუსტიკური შერწყმით დაკავდა. მიუხედავად ამ პროექტის არნახული წარმატებისა, ის მალე დაიშალა. ჰოდა, შანკარიც საკუთარ გზას დაადგა. განსხვავებით მაკლაფლინის ჯაზური მიმართულებისა, მან უფრო მსუბუქი, ჟან-ლუკ პონტის მსგავსი პოპმეტყველება არჩია. მისი ექსპერიმენტებით ფრენკ ზაპა დაინტერესდა, რომელიც ლაკშმინარაიანა შანკარი სოლო ალბომის „Touch Me There“-ს პროდიუსერი გახდა. საინტერესოა, რომ დისკზე არტისტმა, აკუსტიკურის გარდა, ელექტროფიცირებული ვიოლინოც გამოიყენა და მსმენელს სრულიად ნოვაციური ბგერა შესთავაზა.
1980 წელს შანკარმა სტერეოფონური, 10-სიმიანი ელექტროვიოლინო შექმნა, რომელიც ტონალური სიმდიდრე-მოქნილობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, რამდენიმე საორკესტრო საკრავის – კონტრაბასის, ვიოლონჩელის, ალტისა და ვიოლინოს დიაპაზონს მოიცავდა. ახალი ინსტრუმენტით მან სამი მნიშვნელოვანი ალბომი „Who's To Know“, „M.R.C.S.“ და „Song For Everyone“ გამოუშვა. ეს უკანასკნელი ოსლოში, ცნობილი ხმის ჩამწერი ლეიბლის, ECM-ის მთავარ სტუდიაში ჩაიწერა, იან გარბარეკის, ტრილოგ გურტუსა და ზაკირ ჰუსეინის მონაწილეობით.
80-იან წლებში ინდოელი მევიოლინე აქტიურ სტუდიურ და საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდა სოლო პროექტებისა, ისეთ ცნობილ მუსიკოსებთანაც თანამშრომლობდა, როგორებიც არიან ლუ რიდი, ელტონ ჯონი, ერიკ კლაპტონი, ფილ კოლინზი, ბრიუს სპრინგსტინი, ვან მორისონი, სტინგი და მრავალი სხვ. 1989 წელს მან, პიტერ გებრიელთან ერთად, მარტინ სკორსეზეს ფილმის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების“ საუნდტრეკზე იმუშავა, ასევე მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი მუსიკოსის ორი ყველაზე ცნობილი ალბომის „So“-ს და „Us“-ის ჩაწერაში.
სიუჟეტის დასასრულს მოვისმენთ თემას, რომელშიც, მეტწილად, ინდური ტრადიციული მუსიკა დომინირებს. კომპოზიცია 80-იანი წლების ბოლოს შეიქმნა ლაკშმინარაიანა შანკარისა და ტრილოგ გურტუს მიერ და შესულია პერკუსიონისტის ალბომში „Usfret“. პიესას „Goose Bumps“ ჰქვია.