„ციანიდის საქმის“ გამო, რომელსაც თან „რუთავი 2“-ის გათიშვაც დაერთო კვირა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა, სიმართლე ამ დრომდე არ არის გარკვეული. ამას თან დაერთო „რუსთავი 2“-ის პროტესტიც იმ სასამართლო პროცესის გამო, რომელიც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. არხმა 17 თებერვალს მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა, ორი დღის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ეთერში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი და წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება არ აკონკრეტებს, თუ ვინ იყო დეკანოზის განზრახვის სამიზნე, თუმცა 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ რამდენჯერმე განმარტა, რომ მამალაძე მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის, ჩატანას აპირებდა გერმანიაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მკურნალობს და სადაც მასთან ერთად იმყოფება არაერთი სასულიერო პირი. ილია მეორეს 13 თებერვალს ბერლინში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც დაკავებული საპატიმროში მოინახულა, აცხადებს:
„დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება. აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ სიმართლე გაირკვეს და, ასევე, ითხოვს, რომ არ მიეცეს ამ საკითხს რაღაცნაირად პოლიტიზების შესაძლებლობა... რატომ ხდება ის, რომ რაღაცნაირად მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის გამოძიება - მას აქვს ამაზე კითხვის ნიშნები. თუმცა რეალურად ის საუბრობს იმაზე, რომ ამ ყველაფერს უფრო მომზადების ნიშნები ეტყობა, რომ ეს, რაც მოხდა, იყო დიდი ხნის დაგეგმილი და შეიძლება ითქვას, რომ ის არის, გარკვეულწილად, მსხვერპლი“.
მომხდარის ფონზე დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა სასულიერო პირთა შორისაც. ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი ბართლომე ფირცხალაიშვილი პატრიარქის მკვლელობის დამკვეთების გამოვლენას ითხოვს, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) კი საპატრიარქოში დამკვიდრებულ განუკითხაობასა და მისი გადაფარვის მცდელობაზე ლაპარაკობს:
„არ არსებობს ორი აზრი, რომ ეს არის გაგრძელება და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ქაოსური მმართველობის სახით და ჩრდილოვანი მმართველობის სახით არსებობს, სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოში და ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისათვის“.
ბერლინში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმაც (იაკობიშვილმა), სავარაუდოდ, პატრიარქისთვის მიწერილი იმ წერილის ერთ-ერთმა გმირმა, რომელშიც, სავარაუდოდ, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების გაფლანგვა-მიტაცებაზე ლაპარაკობს და იმასაც აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობი მას საპატრიარქოს კლინიკაში აღმოჩენილი მასშტაბური დარღვევების დამალვისკენ მოუწოდებდა. ეს წერილი, რომლის ნამდვილობა ჯერ დადასტურებული არ არის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატმა უთხრა ჟურნალისტებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მსგავსი შინაარსის წერილი არაერთხელ დაუწერია, თუმცა მეუფე იაკობი ამ ამბავს ზღაპარს უწოდებს:
„მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმითი, რომ თურმე მეუფეს რაღაც მილიონებთან ჰქონია კავშირი. ეს არასერიოზულად მიმაჩნია. რომელი თემა უფრო დიდია: უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც - ქურდი მეუფე. აი, მითხარით, რომელი უფრო სერიოზული თემაა?!“
14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დეკანოზის დაკავების ფაქტი „სრულიად მოულოდნელია“, რომ, „ინფორმაციის არქონის გამო“, ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთდება და საჭიროა „დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“.
17 თებერალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. ჟურნალისტმა ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა „კურიერის“ სპეციალურ გამოშვებაში მაყურებლებს ამცნო, რომ ტელეკომპანია მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას და მოუწოდებს მოქალაქეებს 19 თებერვალს ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდნენ. პროტესტი გამოიწვია ტელეკომპანიასთან დაკავშირებულმა სასამართლო დავამ, რომელმაც მისი საბოლოო მეპატრონე უნდა გამოავლინოს. „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ, სინამდვილეში, ხელისუფლება თავად ცდილობს ტელევიზიის ხელში ჩაგდებას.
წელიწად-ნახევარზე მეტია, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში პროცესი ისე ჩაიხლართა, დასკვნების გამოტანაც კი გართულდა. მისი აზრით, სწორედ ამ გაურკვევლობამ გააჩინა ეჭვი, რომ შეიძლება ხელისუფლება თვითონ ცდილობდეს ამ ტელეკომპანიის გაკონტროლებას:
„ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი 2“-ის პრობლემა. სხვა მედიასაშუალებებში დასაქმებულებებიც შეიძლება იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დღეს საუბარია მედიის დამოუკიდებლობაზე და სიტყვის თავისუფლებაზე, თორემ პრეტენზიები „რუსთავი 2“-ის გადაცემებთან ან შინაარსთან დაკავშირებით, ცხადია, შეიძლება ბევრი ჰქონდეს საზოგადოებას".
მანამდე კი, 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გამოკითხვიდან გამოსულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურორის შეკითხვების საფუძველზე გამოთქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, მის წინააღმდეგ ახალი საგამოძიებო პროცესი დაიწყოს. ამ ვარაუდის საფუძველს პროკურატურა არც ადასტურებს და არც უარყოფს. ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა მისი კომპიუტერიდან ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის გამო. აუდიოჩანაწერზე მისი და სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის, საუბარია ჩაწერილი. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საუბარი შეიცავს კორუფციული გარიგების ნიშნებს.
რაც შეეხება კიდევ ერთ ტელევიზიას, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის გადაცემათა შეფასების საკუთარი ხედვა წარუდგინა და არსებული გადაცემები რეიტინგის მიხედვით დააჯგუფა - შესაბამისად, მიუთითა ის გადაცემები, რომლებიც შეიძლება დარჩეს და შეიძლება დაიხუროს. თავის მხრივ, ბორდის შეფასებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხედვის შემუშავებისას კვლავ მხოლოდ ეგრეთ წოდებული რეიტინგებით იხელმძღვანელა და არ გაითვალისწინა მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ჩარჩო კრიტერიუმები, რომლებიც სამეურვეო საბჭომ მოამზადა.
აღნიშნული პროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა უარი თქვა მაუწყებლის ყველა გადაცემის შეჩერების პირვანდელ განზრახვაზე, თუმცა, როგორც აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გიორგი გვიმრაძემ განმარტა, ამით მაუწყებლის გრძელვადიანი, პერსპექტიული გეგმები არ იცვლება:
„პირველი ჩვენი შემოთავაზებული გეგმა იყო გრძელი ნაბიჯი, მყისიერი ეფექტური ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელი მიზანიც ჩვენ დავისახეთ. თუმცა ახლა ეს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჩვენი მიზნისგან უკან ვიხევთ. პირიქით, ჩვენ ჩვენი მიზნისკენ ისევ იმავე მიმართულებით მივდივართ. ის მიზანი, რომელიც გვაქვს, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, კრიზისიდან გამოვიდეთ, არქივის გაციფვრა იქნება ეს, ტექნიკური გადაიარაღება თუ ახალი შენობის რეაბილიტაცია, ცხადია, ეს ყველაფერი თავის ადგილზე ნარჩუნდება“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გადაცემების ძირითადად რეიტინგის მიხედვით დახარისხება სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს - მით უფრო, რომ, როგორც ბორდის წევრი სულხან სალაძე ამბობს, თავად რეიტინგების გამოთვლის პრინციპი და სიზუსტეც სადავოა.
„რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი კი ამბობს, რომ გადაცემების რეიტინგის გამოთვლისას გათვალისწინებული არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა ინტერნეტი:
„ან რა პერიოდზეა დათვლილი, ან რა რეიტინგითაა ეს დათვლილი? დღეს, 21-ე საუკუნეში, არაფრად ჩააგდო ინტერნეტმომხმარებლების ინტერესი და, სხვათა შორის, აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ როცა ჩვენ დღეს გამოვითხოვეთ ჩვენს ვებზე როგორი აქვს ნახვების რაოდენობა, ჩვენ მივიღეთ უარი ამაზე. ანუ, როცა ითვლი რეიტინგს, ძალიან ბევრი მანიშნებელი, ძალიან ბევრი მახასიათებელი აქვს თუნდაც რეიტინგის დათვლას, მით უმეტეს, როცა თემატურად არ ითვლი, არ ყოფ გადაცემებს თემატურად და გასართობ გადაცემას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას ერთ ქვაბში ხარშავ“.
ამ კვირაში პარლამენტში განსახილველად შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პატიმრების საზოგადოებასთან ადაპტირებას უწყობს ხელს. ცვლილებების მიხედვით, პატიმარს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნება; ასევე, გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე მიეცემა შესაძლებლობა უკეთ მოემზადოს თავისუფალი ცხოვრებისთვის. მას შეეძლება დროებით დატოვოს ციხე, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში 3 დღე-ღამეს არ უნდა აღემატებოდეს.
ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონალური ხელმძღვანელის, ცირა ჭანტურიას თქმით, ციხიდან გამოსულ პატიმარს ადაპტირება ბევრი კუთხით სჭირდება, ხშირად ფსიქოლოგიურიც:
„ასეთი ბანალური საკითხებიდან დაწყებული, ისეთი მძიმე საკითხით დამთავრებული, როგორიცაა ის, რომ, შესაძლოა, ოჯახმა არ მიიღოს. ქალების შემთხვევაში ეს სტიგმა განსაკუთრებით ძლიერია. მამაკაცების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ასეთი ფაქტი. ხშირად წასასვლელი არსად აქვთ, შეიძლება აღარც ჰყავდეთ ოჯახი“.
შეიქმნება ახალი ტიპის პენიტენციური დაწესებულება, სადაც განთავსდებიან ის პატიმრები, რომლებსაც გათავისუფლებამდე 6 თვეზე მეტი დრო არა აქვთ დარჩენილი და მათგან მომდინარე საფრთხე ნაკლებია. დეპარტამენტის დირექტორი მათ საშუალებას მისცემს პერიოდულად დატოვონ ციხე სასწავლებლად, სამუშაოდ (თუ სამსახურს იშოვიან) ან დოკუმენტების თუ სხვა საკითხების მოსაწესრიგებლად.