Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო ცვლილებებისა და მშრომელთა უფლებების კვირა


 მასობრივი მსვლელობა რუსთაველზე
მასობრივი მსვლელობა რუსთაველზე

გასული კვირა პოლიტიკურად აქტიური აღმოჩნდა. ერთი კვირის განმავლობაში დაკავებული თანამდებობა ორმა მინისტრმა დატოვა. საერთო ჯამში, გადამდგარი მინისტრების რაოდენობამ 7-ს მიაღწია, შედეგად კი, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის დღის წესრიგში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა. პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრების სიის ხელმოწერა პრეზიდენტმა ერთი კვირით გადადო.

აპრილის ბოლო კვირა სამთავრობო გუნდში ცვლილებებით დაიწყო. 28 აპრილს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გადადგა. მან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ კმაყოფილია სამთავრობო გუნდთან ერთად მუშაობით, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოჯახთან ერთად იყოს. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ყოფილი მინისტრის გადადგომის მიზეზს სარწმუნოდ მიიჩნევს, თუმცა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ანი მიროტაძე სხვაგვარად ფიქრობს:

"იმ ვერსიის, რომ მას უნდა ოჯახთან ერთად ცხოვრება, არ მჯერა... მაგრამ მჯერა იმ ვერსიის, რომ მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება და, ჩემი ვარაუდით, ალბათ, იმიტომ, რომ ის ჯეროვნად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას..."

ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომასთან ერთად დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ შესაძლებელია დადგეს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისია და ერთადერთი გამოსავალი მთავრობის შემადგენლობის შეცვლაა:

"სახელმწიფოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ეს პროცესი გარდაუვალია და მე ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ... და რადგანაც ხელისუფლება სიჯიუტეს იჩენს, როგორც ჩანს, ასეთი ფორმით ვითარდება მოვლენები, ანუ, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა იპარება მთავრობა..."

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი მეექვსე იყო, ვინც მთავრობის შემადგენლობა დატოვა, ნდობის გამოცხადების საკითხის დასასმელად კი კიდევ ერთი მინისტრის გადადგომა იყო საჭირო. ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ მეშვიდე, რომელიც თანამდებობას დატოვებდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრი ლევან ყიფიანი იქნებოდა. 28 აპრილს ლევან ყიფიანმა ეს ვარაუდები უარყო, თუმცა 29 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მან საზოგადოებას პოსტის დატოვების შესახებ ამცნო. მისი თქმით, ის ბოლო დროს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის კრიტიკის სამიზნე გახდა, ამიტომაც უნდა, ვითარება განმუხტოს:

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არ მინდა შევიდე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა და მივმართავ, ასევე მოიქცნენ ეს ადამიანებიც და ნუ გაცვლიან სამშობლოს პირად ინტერესებზე“.

ჩვენ გვჭირდება ტექნიკური და კომპეტენტური მთავრობა, - არა ივანიშვილის მთავრობა, - რომელიც შეაჩერებს ამ ნგრევას და დაიწყებს ჩვენ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას და მოამზადებს ქვეყანას არჩევნებისთვის...
გიგა ბოკერია

21 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, დაკავებული თანამდებობიდან სამი მინისტრი გადადგა, რაც, საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, შემთხვევითი არ არის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამბობს:

„ჩვენ გვჭირდება ტექნიკური და კომპეტენტური მთავრობა, - არა ივანიშვილის მთავრობა, - რომელიც შეაჩერებს ამ ნგრევას და დაიწყებს ჩვენ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას და მოამზადებს ქვეყანას არჩევნებისთვის“.

ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრი იყო, ვინც თანამდებობა დატოვა. კონსტიტუციის მიხედვით კი, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებაა საჭირო. პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის გათვალისწინებით, მთავრობას ნდობა მინიმუმ 75-მა დეპუტატმა უნდა გამოუცხადოს. პერმიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ჯანსაღი პროცესია და რეფორმების დაჩქარებას შეუწყობს ხელს, თუმცა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე სხვაგვარად ფიქრობს:

„დღევანდელი მთავრობის პერსონალიების ცვლილება, უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურიც რომ იყოს, ჩემი აზრით, მაინც ვერ შეცვლის იმ პოლიტიკურ პროცესს, რაც ქვეყანაში დაიწყო. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ნელ-ნელა მმართველი ძალის რეიტინგი მოსახლეობაში ეცემა. ამ პროცესის შემობრუნება და შეჩერება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, თუ არა შეუძლებელი... სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების მოყვანას სულ 3-4-თვიანი მარაგი შეიძლება ჰქონდეს მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერისა“.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

1 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის სამი ახალი კანდიდატი წარადგინა: თინა ხიდაშელი - თავდაცვის მინისტრად, ტარიელ ხეჩიკაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად, ხოლო გიგლა აგულაშვილი - გარემოს დაცვის მინისტრად.

ახალი მინისტრების დასამტკიცებლად პრეზიდენტის ხელმოწერა იყო საჭირო, მაგრამ გიორგი მარგველაშვილმა გამოიყენა უფლება ხელმოწერა ერთი კვირით გადაედო. მან მთავრობას მოუწოდა ერთი კვირის განმავლობაში კიდევ იფიქროს, თუმცა მისი ეს რჩევა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გაითვალისწინა. კონსტუტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მინისტრების ასე დანიშვნა არასწორი გადაწყვეტილება იყო:

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„ჩვენ უნდა განვასხვავოთ ორი რამ: ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასრულებს მოვალეობას. მან გადაწყვიტა მეშვიდე მინისტრი გაეთავისუფლებინა. ამ დროს მთელი მთავრობა ხელახლა უნდა დამოწმდეს საქართველოს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, მანამდე მას არა აქვს ახალი მინისტრის დანიშვნის უფლება. ამასთან, ღარიბაშვილი, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, არის კანდიდატი პრემიერობის. შესაბამისად, კანდიდატს მინისტრის დანიშვნის უფლება ისევ არა აქვს. ამიტომ ის აქტები, რომლებიც გამოიცა, არ არის კონსტიტუციასთან თანხვედრაში“.

ის ამბობს, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს კანდიდატთა სია ბოლომდე ხელმოუწერელი დატოვოს, თუმცა პარლამენტს შეუძლია მთავრობის ახალი შემადგენლობა დაიწუნოს. ასეთ შემთხვევაში კი პრემიერ მინისტრი იძულებული გახდება, სხვა კანდიდატები წარადგინოს.

გასულ კვირას გაიმართა სასამართლო პროცესი ე.წ. "კაბელების საქმეზეც". საქმე ეხება 28 ოქტომბერს მთავარი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომლის დაკავებას 100 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების ნუსხა წარადგინა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა თქვა, რომ მტკიცებულებათა ნაწილი კანონდარღვევით არის მოპოვებული. განსასჯელთა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა კი პასუხად განაცხადა, რომ მტკიცებულებები კანონის დაცვითაა მოპოვებული:

„გარკვეული მტკიცებულებები დაგვიანებით იქნა გადმოცემული, ნაწილი საერთოდ არ გადმოგვეცა დაცვის მხარეს. ნაწილი ბრალდების მხარემ სასამართლოში არ წარადგინა ან დაგვიანებით წარადგინა. ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება, რომლის დაუშვებლად ცნობასაც დაცვის მხარე ითხოვს, ესაა ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნა. უხეშადაა დარღვეული საკანონმდებლო ნორმები დასკვნის მომზადების დროს, ვინაიდან ექსპერტს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია ასეთი მტკიცებულება. თავის მხრივ, ეს დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომლითაც გამოთვალეს თითქოსდა გაფლანგული თანხის ოდენობა“.

ყოველთვე საშუალოდ 4 ადამიანი იღუპება და 7 ადამიანი სახიჩრდება სამუშაო ადგილზე. 4 მლნ-იანი ქვეყნისათვის ეს არის ძალიან ცუდი სტატისტიკა, იმიტომ რომ 300 მლნ-იან ამერიკაში 30 ადამიანი იღუპება წელიწადში...
თამაზ დოლაბერიძე

სასამართლო 6 მაისისთვის გადაიდო. ამ დროის განმავლობაში ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შუამდგომლობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხები უნდა მოამზადონ, მანამდე კი განსასჯელები პატიმრობაში დარჩებიან, რაც პარტია "თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის, თქმით, უსამართლობაა, რადგანაც მათი დანაშაული წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

გასულ კვირას კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება შრომის უფლებების საკითხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 41, ხოლო დაშავდა 66 ადამიანი. 28 აპრილს, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს, შრომის უფლებების დამცველებმა საპროტესტო აქციაც გამართეს.

როგორც მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, 2007-დან 2014 წლამდე სამუშაო ადგილზე დაიღუპა 314, ხოლო დაშავდა 562 ადამიანი:

„ყოველთვე საშუალოდ 4 ადამიანი იღუპება და 7 ადამიანი სახიჩრდება სამუშაო ადგილზე. 4 მლნ-იანი ქვეყნისათვის ეს არის ძალიან ცუდი სტატისტიკა, იმიტომ რომ 300 მლნ-იან ამერიკაში 30 ადამიანი იღუპება წელიწადში".

2015 წლის 21 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის ინსპექცია, რომელიც სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას, დამცავი საშუალებებით აღჭურვას გააკონტროლებს, თუმცა, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, ქაღალდზე დაწერილი ეს სიახლე რეალური, ქმედითი ინსიტუტების შექმნას ვერ უზრუნველყოფს.

1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ამ თემაზე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პროფკავშირებს სტუდენტური ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

XS
SM
MD
LG