Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში ცხელ სადილს ყოველდღიურად 800 ადამიანი იღებს


ქუთაისი
ქუთაისი

800 ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად ქუთაისში „მადლიერების სახლის“ სასადილოების მომსახურებით, რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობა მიმდინარე წელს 625 ათას ლარს ხარჯავს.

ქუთაისში „მადლიერების სახლის“ სასადილოებით ძირითადად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები და მარტოხელა მოხუცები სარგებლობენ. როგორც თავად რესპონდენტები ამბობენ, სასადილოში კვირის გარდა ყოველდღიურად იკვებებიან, კვირის ულუფა კი წინასწარ მიაქვთ სახლში. მომხმარებელებს იმდენი ულუფა ეძლევათ, რამდენი წევრიცაა ოჯახში, თუმცა ერთჯერადი კვება ნაწილისთვის არასაკმარისია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში რესპონდენტები საკვებისა და მომსახურების ხარისხს დადებითად აფასებენ.

როგორც „მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელი რევაზ ჩახუნაშვილი განმარტავს, ბოლო ორ წელიწადში დაფინანსება თითქმის 100 ათასი ლარით გაიზარდა და 625 ათასი ლარი შეადგინა, რაც, კვების ხარჯთან ერთად, კომუნალური გადასახადების, “მადლიერების სახლში” მომუშავე პერსონალის სახელფასო ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებსაც გულისხმობს. რევაზ ჩახუნაშვილის თქმით, ცხელი სადილი გათვლილია ერთჯერად კვებაზე და ბენეფიციარები ყოველდღიურად ერთჯერადად აუცილებელ კალორიებსა და რაციონს იღებენ.

როგორც რევაზ ჩახუნაშვილი ამბობს, 50-მდე ადამიანს, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, საკვებს სახლში აწვდიან. ამასთან, „მადლიერების სახლს“ ყოველდღიურად აკითხავენ ადამიანები, რომლებსაც სურთ სასადილოების მომსახურებით ისარგებლონ. რევაზ ჩახუნაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ მომხმარებელმა ცხელი სადილი მიიღოს, გარკვეულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, უნდა იყოს ქუთაისში მცხოვრები და სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ოჯახს მინიჭებული უნდა ჰქონდეს 65 ათასამდე სარეიტინგო ქულა.

XS
SM
MD
LG