Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უფასო სასადილოები სოფლად მცხოვრებთათვის მიუწვდომელია


თითქმის 2 ათეული წელია ლაგოდეხში თამბაქო აღარ იწარმოება, ამიტომ ქარხანა, სადაც მოყვანილი პროდუქცია სარეალიზაციოდ მზადდებოდა, დაშლილი და განადგურებულია, თუმცა ყოფილი ქარხნის შენობების ნაწილში სხვადასხვა დაწესებულება ფუნქციონირებს. ამ შენობის ერთ დარბაზში უკვე 8 წელია მუშაობს უფასო სასადილო „მადლი“. სასადილოში ყოველდღიურად 70-მდე ადამიანი იკვებება. იმის გამო, რომ სასადილო ოთახი არ თბება, ზამთარში ბენეფიციარებს საკვები უმეტესად სახლში მიაქვთ. ჩვენი რესპონდენტები ძირითადად კმაყოფილნი არიან ამ სერვისით, თუმცა სურვილებიც აქვთ:

„განსაკუთრებით მომწონს თევზი პიურეთი, ხორციანი სუპი და კოტლეტი. მარტო ის არ მომწონს, რომ ყოველთვის ლიმონათი მოაქვთ. ხომ შეიძლება შეცვალონ და ან კომპოტი მოგვიტანონ, ან კისელი?!“

„მამალმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო“, ხომ გაგიგიათ. ჩვენც ასე ვართ, ღმერთს შევხედავთ ხოლმე. ამითაც მადლობლები ვართ“.

უფასო სასადილო „მადლი“კვირაში 7 დღე მუშაობს. აქ ადმინისტრაცია და მზარეულები დილის 9 საათზე მიდიან, რათა დღის 1 საათისთვის კერძები მზად ჰქონდეთ. მოსახლეობა საკვებად შეკრებას სწორედ 1 საათიდან იწყებს. მენიუ ყოველდღიურად განსხვავებულია. აქ ამზადებენ სხვადასხვა სახის სუპს, კატლეტს, პიურეს, ლობიოს და ტკბილეულსაც კი. ერთი ადამიანის კვებაზე დღეში 1,30-დან 2 ლარამდე იხარჯება - გააჩნია დღის მენიუს.

„ორშაბათს გვაქვს გუფთა, რომელიც კეთდება ფარშით, მეორე კერძი კი გვაქვს წიწიბურას ფაფა. თითო კაცზე მათი ღირებულება 1,40 ლარს შეადგენს, ხოლო ხორციანი ბორშის და მასთან ერთად მანის ფაფის ღირებულება 1,90 ლარს შეადგენს“, გვეუბნება „მადლის“ მზარეული.

ორ დღეში გათბობის საკითხს მოვაგვარებთ, ღუმელს დავდგამთ და შეშასაც მოვიტანთ. ახლა ერთთვიანი ხელშეკრულება გვაქვს. პირველი ტენდერი ჩაიშალა და სანამ მეორე გამოცხადდება...
გიორგი ლომიძე

გიორგი ლომიძე უფასო სასადილოს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ადგილობრივი გამგეობა მათ წელიწადში 39 ათასი ლარით აფინანსებს, რაც ყოველდღიურად 70-მდე ადამიანის კვებისთვის არის საკმარისი. ლაგოდეხის უფასო სასადილოში ძირითადად ქალაქში მცხოვრებლები დადიან, რადგან სოფლებიდან უფასო საკვების მიღების მსურველებს ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ. ამჟამად სასადილოს ერთთვიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რადგან მალე მომსახურებაზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

„ორ დღეში გათბობის საკითხს მოვაგვარებთ, ღუმელს დავდგამთ და შეშასაც მოვიტანთ. ახლა ერთთვიანი ხელშეკრულება გვაქვს. პირველი ტენდერი ჩაიშალა და სანამ მეორე გამოცხადდება, ამ ხელშეკრულებით ვმუშაობთ“, ამბობს გიორგი ლომიძე.

უფასო სასადილოებში სოფლად მცხოვრები ადამიანები ვერც გურჯაანში დადიან. მაგალითად, ველისციხელ ლამარა დათუნაშვილს უფასო კვების პროგრამაში ჩართვის სურვილი აქვს, მაგრამ ვერ ახერხებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ შორს მცხოვრები ბენეფიციარები სასადილოში ვერ დადიან, ადგილზე საკვების მიტანის ფინანსები კი არ არის. მიმდინარე წელს არც დამატებითი სასადილოს გახსნაა დაგეგმილი. არადა, პროგრამაში ჩართვის მსურველი ბევრია.

„მე გურჯაანში ვერ ვივლი. ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ჩვენს სოფელ ველისციხეშიც გაიხსნება სასადილო, რომ დღეში ერთხელ მაინც წავიდე და იქ ვიკვებო ან სახლში წამოვიღო“, ამბობს ლამარა დათუნაშვილი.

უფასო სასადილოების პროგრამა საქართველოში 2005-2006 წლიდან ამუშავდა.სასადილოების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ წლებთან ერთად უფასო კვების მიღების მსურველთა რაოდენობა მატულობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG