იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის 140 სოფელი მომავალი წლიდან ინტერნეტიზაციის პროგრამაში ჩაერთვება. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონი დოლარი იქნება, საქართველოს ყველა იმ სოფლისა და დაბის ინტერნეტით უზრუნველყოფას გულისხმობს, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ასეთი კი, ქვეყნის მასშტაბით, 1932 დასახლებული პუნქტია. პროექტის მიხედვით, 1 842 876 ადამიანს მაქსიმუმ სამ წელიწადში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უნდა ჰქონდეს.
ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და პროექტის უშუალო განმახორციელებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა. პროექტის მხარდამჭერია „ფონდი ქართუ“.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, 2 ათასამდე დასახლებული პუნქტი ოპტიკურ -ბოჭკოვანი კაბელით დაიფარება, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზრდება კონკურენცია და მომხმარებლებს ექნებათ ინტერნეტოპერატორების შეუზღუდავი არჩევანი, რაც რეგიონებისა და მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
სოფლებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდას დადებითად აფასებენ თავად მოქალაქეები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია, სადაც მოსახლეობა ინტერნეტს უკვე იღებს სხვადასხვა პროვაიდერის მეშვეობით, თუმცა, როგორც ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი კახა გოგნაძე ამბობს, სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა აუცილებელია.
მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებთათვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას დადებითად აფასებს დემოკრატიისა და სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელი გიგა შუშანია, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მთავარია პროექტი განხორციელდეს და მხოლოდ დაპირებად არ დარჩეს. გიგა შუშანია იმ პროექტს იხსენებს, რომელიც წლების წინ მოქმედებდა და რომლის ფარგლებშიც იმერეთის თერთმეტივე მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ სოფლებში შექმილი იყო მომსახურების ცენტრები, სადაც კომპიუტერული ცოდნის მიღება და ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელიიყო საგანმანათლებლო და ეკონომიკურ საქმიანობაში.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე კი ვკითხულობთ, რომ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და წინსვლა ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობაა და ასევემნიშვნელოვანიამოსახლეობის ინფორმაციულობის გაზრდისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებისათვის. ზოგიერთ ქვეყანაში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა უკვე ადამიანის ძირითად უფლებადაა აღიარებული. დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდით კი საქართველო განვითარებული ქვეყნების რიგებს კიდევ უფრო მიუახლოვდება.