ვენეციის კომისიაში ჩაიშალა საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ხელისუფლება ოპოზიციას პროცესის ჩიხში შეყვანაში ადანაშაულებს და დიალოგის აზრს ვერ ხედავს. საპარლამენტო უმცირესობა კი მმართველ პარტიას ბრალს სდებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეფერხებაში. რა ვითარებაა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და რა ს ფიქრობს ამ თემაზე კონსტიტუციონალისტთა ნაწილი?
ჩაიშალა მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვენეციის კომისიაში საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.
საპარლამენტო უმრავლესობამ 1 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ამ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციამ პროცესი ჩიხში შეიყვანა. შესაბამისად, პარლამენტი აპირებს, კონსტიტუციის პროექტი საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცოს.
ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასარგებლოა გრძელვადიან პერსპექტივაში:
როგორც ჩანს, მათი მიზანია გაიტანონ კონსტიტუციის ის პროექტი, რომელსაც არავინ ეთანხმება, თავად უმრავლესობის გარდა...გიორგი ტუღუში
„რეალურად კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. ამ საკითხზე პასუხისმგებლობა, თავიდან ბოლომდე, ეკისრება ოპოზიციას“.
მთავარი საკითხი, რაზეც ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებიან, პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის სისტემაა.
ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითხოვენ. კონსტიტუციის დღევანდელ პროექტში კი ეს მხოლოდ 2024 წელს მოხდება.
პარტია, „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ტუღუში, ხელისუფლების მიერ ვენეციის კომისიასთან შეხვედრის ჩაშლას ქვეყნის განვითარების შეფერხების მცდელობას უწოდებს.
„როგორც ჩანს, მათი მიზანია გაიტანონ კონსტიტუციის ის პროექტი, რომელსაც არავინ ეთანხმება, თავად უმრავლესობის გარდა“.
ამ საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ანუ იქნება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა. 2018 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით, პრეზიდენტი კი 6 წლის ვადით აირჩევა, რომ 2024-ში ორივე არჩევნები ერთდროულად გაიმართოს.
კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე „ძალიან ცუდს“ უწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისას დღეს განვითარებულ ამბებს:
„ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა ყოვლად გაუმართლებელ კონსტიტუციურ ცვლილებებს, მაგრამ ახერხებდა იმას, რომ პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიებიდან ერთი ან ორის მხარდაჭერა მიეღო ხოლმე და ამით ქმნიდა შეთანხმების ილუზიას. ამ წუთის მდგომარეობით, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებულ ცვლილებებს არავინ ეთანხმება, რაც ქმნის ძალიან დიდ პრობლემას“.
ერთ-ერთი მთავარი მოტივი, ვახტანგ ხმალაძის თქმით, არის მაჟორიტარული სისტემის დატოვება, რაც ოპოზიციურ პარტიებს უმრავლესობასთან წამგებიან პოზიციაში აყენებს.
„ასეთი ვითარება ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნას. ამის არაერთი მაგალითიც გვქონდა გასულ წლებში, როდესაც იქმნება რევოლუციური ან წინარევოლუციური განწყობა. პოლიტიკური კრიზისი კი, თავისთავად, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას“.
ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ შეიძლებოდა, ხელისუფლებას დაეთმო პოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხოლო ოპოზიცია დათანხმებულიყო პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას.
კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ ეს ასევე აისახება ქვეყნის საგარეო იმიჯზე. მითუმეტეს, როდესაც 31 აგვისტოს ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მარკერტმა, მიანიშნა – „საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებები გვაქვს, რათა მხარეები უფრო დამთმობები იყვნენო“.
ვენეციის კომისიასთან უკვე დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლა ასეთ დროს ვნებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.