Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემონიქოზელები სალთვისის სარწყავი სისტემის ამოქმედებას ითხოვენ


სარწყავი სისტემა
სარწყავი სისტემა

სოფელ ზემო ნიქოზის მცხოვრებნი სალთვისის სარწყავი სისტემის ამოქმედებას მოითხოვენ. ზემო ნიქოზში დიდი ხანია ხეხილის ბაღები აღარ მორწყულა, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ახლა გამხმარ ხეებს ჭრის. სალთვისის სარწყავი არხი სათავეს ცხინვალიდან იღებს და ქართულ სოფლებში გამოდის, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ სისტემა გადაკეტა. სოფელ ქვემო ნიქოზში ახალი სარწყავი ნაგებობაც აშენდა, მაგრამ კაშხლის ზევით დარჩენილ სოფლებში ამით პრობლემა არ მოგვარებულა, ზემო ხვითი და ზემო ნიქოზი ისევ სარწყავი წყლის დეფიციტს განიცდის. ზემო ნიქოზის მცხოვრები სევერიან მჭედლიძე ახლა საკუთარ ნაკვეთში გამხმარ ხეხილს ჩეხს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დე ფაქტო ხელისუფლებასთან ტირიფონის საირიგაციო სისტემის ამოქმედების შესახებ ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. ზემონიქოზელები ითხოვენ, რომ ქართულმა მხარემ მოლაპარაკების დღის წესრიგში სალთვისის ამოქმედებაც შეიტანოს.

ტირიფონის სარწყავი სისტემა ლიახვის მარცხენა სანაპიროზე არსებულ სოფლებს ასარწყავებს, ქვემო ნიქოზში აშენებული კაშხალი კი სარწყავ წყალს მარჯვენა სანაპიროს სოფლებს აწვდის. ჩანაფიქრის თანახმად, ამ კაშხალს ზემოთ დარჩენილი სოფლების ბაღ-ვენახები სპეციალური სატუმბი სადგურის მეშვეობით უნდა მოერწყა, მაგრამ ზაფხულის სეზონზე, მდინარეში წყლის დეფიციტის გამო, ეს ვერ ხერხდება ხოლმე. ტაშისკარი-სალთვისის სარწყავი სისტემის სერვისცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ტექნიკური სამუშაოების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და მაისამდე ზემო ნიქოზისა და ზემო ხვითის პრობლემები მოგვარდება.

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე ოსურ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, რომ დაიწყება ტირიფონის საირიგაციო სისტემის გამწმენდი სამუშაოები. ზაფხულამდე მხარეებმა სისტემის გამართული მუშაობა უნდა უზრუნველყონ, რათა სარწყავი წყალი როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებს მიეწოდოს.

XS
SM
MD
LG