Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

368 ბენეფიციარმა ახალციხეში ხვნის ბარათების გამოყენება ვერ მოასწრო


2017 წლიდან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ აღარ გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში სარგებელს სამცხე-ჯავახეთიდან 46 300-ზე მეტი მოქალაქე იღებდა. ქვეყნის მთავრობის მიერ გასული 4 წლის განმავლობაში 32 900-ზე მეტ ჰა მიწის ფართობი მუშავდებოდა. სოფლის მოსახლეობა პროექტის გაუქმებას ნეგატიურად აფასებს.

კლიმატური პირობების გამო, ხვნის ბარათების გამოყენება რეგიონში 368 ფერმერმა ვერ მოასწრო. ნაადრევად დაწყებულმა ყინვებმა საშემოდგომო სამუშაოების დასრულებას ხელი შეუშალა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსის, რამინ მარტინენკოს, ინფორმაციით, ხვნის ბარათებით სამუშაოები მხოლოდ 514 ჰექტარზეა ჩატარებული.

„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტით გათვალისწინებული ფართობიდან 288 ჰექტარი დასამუშავებელი დარჩა. კითხვაზე, გაუგრძელდებათ თუ არა ბარათებს მოქმედების ვადა წლის ბოლომდე, გამგეობაში პასუხს სამინისტროსგან ამ დრომდე ელოდებიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე განმარტავს, რომ პროექტის ვადები თავიდანვე ყველასთვის იყო ცნობილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს“ ერთობლივი თანამშრომლობის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმატს უწოდებენ. ხარვეზების მიუხედავად, სამცხეში ფიქრობენ, რომ პროექტმა გაამართლა.

XS
SM
MD
LG