Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხობში „ქართული ოცნება“ ნაციონალებით კომპლექტდება?


ხობი
ხობი
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” ყრილობა ხობში გაურკვეველი დროით გადაიდო.

კოალიციაში შემავალი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნუგზარ შუშანიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ყრილობის გადადების ერთადერთი მიზეზი იმ საზოგადოების პროტესტია, ვინც უნდობლობას უცხადებს „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის მომავალ წევრებს.

ნუგზარ შუშანიას თქმით, გადაწყვეტილია, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილი „ზონდერებით“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტდეს. მისივე ინფორმაციით, ხობში ადგილი აქვს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შეთქმულებას.
ნუგზარ შუშანია
ნუგზარ შუშანია

„’ქართული ოცნება’ კომპლექტდება იმ ადამიანებით, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციას გვიპირისპირდებოდნენ, გვაშანტაჟებდნენ და ა.შ. არც ერთი „ოცნების“ წევრი და არც ერთი აქტივისტი „ქართულ ოცნებაში“ არ არის. ეს მე უფრო ნაციონალების „ოცნებას“ მაგონებს. ბატონმა ბიძინამ ეს არ იცის. გაიგებს და შესაბამის პასუხს გასცემს“, - ამბობს ნუგზარ შუშანია.

მისივე განმარტებით, ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ არბევენ კოალიციის მშვიდობიან აქციებს პირები, ვისაც ახლა „ქართული ოცნების“ წევრობა სურს.
”ქართული ოცნება” დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ აქტივისტებით. არანაირი შეთქმულება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქ არ ხდება. თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ...
თენგიზ აბაკელია


შუშანიას აზრს ეთანხმება „ქართული ოცნების“ აქტივისტი ედიშერ წურწუმია. მან „შეთქმულების“ მონაწილეებად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაასახელა.

„შეთქმულების ავტორები არიან დავით საგანელიძე, ზვიად ძიძიგური, გოდერძი ბუკია და გიგა ბუკია. მათ მოილაპარაკეს, რომ გაიყონ ხობი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ მოიაზრება ნაციონალების შტაბის წევრი, გოდერძი ბუკიას ნათესავი გია ბუკია. მას ხუთი ნომერი ყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული. კომიტეტის წევრებად კი მისი მხარდამჭერები მერაბ სალაყაია და ვინმე ქავთარაძე მოიაზრებიან“, - ამბობს ედიშერ წურწუმია. ის მიიჩნევს, რომ კომიტეტის წევრები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის შემადგენლობა შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთან.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, შუშანიას და წურწუმიას მოსაზრებებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „გაზვიადებული“ უწოდა.
კახაბერ ბენიძე
კახაბერ ბენიძე

„მერწმუნეთ, ეს ხმები გაზვიდებულია. ხალხი ხშირად იმას ლაპარაკობს, რაც უნდათ, რომ ნახონ. არა, ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ვერ გეტყვით, სხვა არაფერი ვიცი. მე მაქვს ჩემი კონკრეტული საქმე, მე ვარ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ასეთი ინფორმაციები მოდის ჩემთან, მაგრამ მე ამ კუთხით არ ვერევი“, - ამბობს კახაბერ ბენიძე.

გამგებლის მსგავსად, შუშანიას და წურწუმიას ბრალდებებს ასევე „გაზვიადებულს“ უწოდებს ხობის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, თენგიზ აბაკელია.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მართლაც ჰქონდათ სურვილი „ქართული ოცნების“ წევრები გამხდარიყვნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდება.

„’ქართული ოცნება’ დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ აქტივისტებით. არანაირი შეთქმულება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქ არ ხდება. თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ“, - განაცხადა თენგიზ აბაკელიამ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობის გადადებას, თენგიზ აბაკელიას თქმით, ის გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.
XS
SM
MD
LG