Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნება თუ არა ხერგილი


სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის ხიდისკენ - ე.წ. ელიავას ხიდისკენ - მიმავალი ნაკადი
სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის ხიდისკენ - ე.წ. ელიავას ხიდისკენ - მიმავალი ნაკადი

როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქში არსებული ხერგილები და არსებობს თუ არა სტრატეგია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაშინ როცა ყოველწლიურად 7%-ით მატულობს ავტომობილების ყიდვის მსურველთა რაოდენობა და, უკანასკნელი მონაცემებით, ქალაქში 900 ათასამდე მანქანა გადაადგილდება.

ფოტოგრაფი ივა ჩიტაური იმ ცნობილი ფოტოს ავტორია, რომელიც 24 ნოემბრის საღამოს, პიკის საათისას, სოციალური ქსელით გავრცელდა და რომელმაც ატვირთვისთანავე დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ფოტოზე ასახულია სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის ხიდისკენ - ე.წ. ელიავას ხიდისკენ - მიმავალი, უფრო ზუსტად კი, მჭიდროდ მდგარი ავტომობილების მწყობრი ნაკადი. ფოტო გადაღებულია მობილური ტელეფონით სააკაძის 11 ნომრის მეშვიდე სართულიდან.

„აივნიდან ვიხედებოდი და თვალში მომხვდა კადრი. ლამაზი კადრი იყო. საქართველოში მანქანების ისეთი წყობა, რომელიც სურათზეა ასახული, იშვიათია ხოლმე. რაღაცნაირად ევროპაში არსებულ საცობებს მივამსგავსე. თან დღეს ჩვენთან ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია“, - ამბობს ივა ჩიტაური.

იგეგმება შუქნიშნების მართვის ცენტრთან მიერთება. ეს პროექტი წელსაც მიმდინარეობს და მომავალ წელს დასრულდება...
მალხაზ ჭუმბურიძე

პიკის საათში - და ახლა უკვე არამხოლოდ პიკის საათში - არსებული ხერგილები სერიოზულ პრობლემად ექცათ იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ავტომობილებით თუ მიწისზედა ტრანსპორტით გადაადგილდებიან. განსაკუთრებით რთულდება სიტუაცია წვიმიან ამინდში. ამ დროს მძღოლებსა და მგზავრებს საცობებში საათების გატარებაც კი უწევთ. როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქში არსებული ხერგილები, მაშინ როცა ავტომობილების რაოდენობა დედაქალაქში დღითი დღე მატულობს და, ოფიციალური მონაცემებით, დღეს თბილისში 900 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დღეს თბილისის საკრებულოში მალხაზ ჭუმბურიძე, მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილე, შეეცადა. ის თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა და მათ სატრანსპორტო სამსახურის გეგმები გააცნო. მალხაზ ჭუმბურიძის ერთადერთი შეთავაზება ქუჩების განსატვირთად ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მხოლოდ ე.წ. „ჭკვიანი“ შუქნიშნების დამონტაჟებაა.

„იგეგმება შუქნიშნების მართვის ცენტრთან მიერთება. ეს პროექტი წელსაც მიმდინარეობს და მომავალ წელს დასრულდება, რაც ქალაქს იმის საშუალებას მისცემს, რომ კონკრეტულ გზაჯვარედინზე, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, დღეს არსებულ ხისტ რეჟიმში მომუშავე შუქნიშნებმა, რასაც ატარებენ, დაახლოებით 15-20%-ით მეტი მანქანების გატარება მოახერხონ“, - ამბობს მალხაზ ჭუმბურიძე.

საგზაო მოძრაობის ორგანიზება შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: საგზაო ინფრასტრუქტურა, პარკირების სისტემა, შუქნიშნები და საგზაო მონიშვნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ მიმართულებებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას...
ირაკლი აბესაძე

სატრანსპორტო სამსახურის გეგმის საპასუხოდ, სრულ სატრანსპორტო კრიზისზე ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ირაკლი აბესაძე, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე როგორც მერიის, ისე, ზოგადად, მთავრობის დონეზე არ არსებობს მზაობა საიმისოდ, რომ დროულად და თანმიმდევრულად გადაიჭრას დედაქალაქში გადატვირთული გზების პრობლემა. მისი თქმით, ის გენერალური გეგმა, რომელიც დღეს თბილისის მერიაში მუშავდება და რომელიც, სხვათა შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც მოიცავს, დროში გაწელილი პროცესია და მინიმუმ ორწლიან ვადას გულისხმობს. ამ პერიოდში კი, ირაკლი აბესაძის თქმით, ქალაქი სრულ კოლაფსში მოექცევა:

„საგზაო მოძრაობის ორგანიზება შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: საგზაო ინფრასტრუქტურა, პარკირების სისტემა, შუქნიშნები და საგზაო მონიშვნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ მიმართულებებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და პირველი და ყველაზე მსხვილი პრობლემა რაც არის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შესაბამისობაში მოყვანა იმ სატრანსპორტო ნაკადებთან, რაც ქალაქებში გვაქვს, გზადაგზა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება, რადგან ის სიტუაცია, რაც დღეს მივიღეთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ვერ დავიწყებთ ლოდინს, როდის დაიწერება გენერალური გეგმა და როდის დაიწყება მისი განხორციელება. თბილისის მთავრობა, როგორც ჩანს, 2015 წელს საერთოდ არანაირი პროგრამის განხორციელებას არ გეგმავს, გარდა ამ შუქნიშნებისა“.

შინდისი-ორთაჭალის დამაკავშირებელი გზით შეეძლოთ მთლიანად მოეწყვიტათ შემოერთებული სოფლებისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი სოლოლაკის ქუჩებისთვის და ამგვარად განეტვირთათ ხერგილები სოლოლაკის ვიწრო ქუჩებზე...
ირაკლი აბესაძე

ირაკლი აბესაძის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები, თუ არ ჩავთვლით პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, რომელიც, მისი თქმით, ქალაქში არსებული ხერგილების კვანძიდან ყველაზე მსუბუქია. მისთვის გაურკვეველია, რატომ გადაწყდა მაინცდამაინც პუშკინის ესტაკადის მშენებლობა, მაშინ როდესაც იქ არსებული ხერგილის განსატვირთად არსებობს ალტერნატიული პროექტიც:

„შინდისი-ორთაჭალის დამაკავშირებელი გზით შეეძლოთ მთლიანად მოეწყვიტათ შემოერთებული სოფლებისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი სოლოლაკის ქუჩებისთვის და ამგვარად განეტვირთათ ხერგილები სოლოლაკის ვიწრო ქუჩებზე“.

„საგზაო უძრაობა!“ - ასე აფასებს დღეს დედაქალაქის ქუჩებში არსებულ სატრანსპორტო მდგომარეობას დავით მესხიშვილი, ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე. მისი თქმით, მაშინ როდესაც საქართველოში ყოველ წელს თითქმის 7 %-ით იზრდება ავტომობილების ყიდვის მსურველთა რაოდენობა და, ამისდა მიუხედავად, ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია არ გააჩნია ამ მიმართულებით, ეს სიტუაცია უახლოეს თვეებში ქალაქში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

„გამოსავალს ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთში: უნდა შეიქმნას ერთიანი სატრანსპორტო სტრატეგია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ როგორც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები და შემუშავდება ერთიანი ხედვა საგზაო მოძრაობის შესახებ“, - ამბობს დავით მესხიშვილი.

დავით მესხიშვილი სასწრაფოდ განსახორციელებელი პროექტების რვაპუნქტიან ნუსხას აქვეყნებს, რომელთა შორისაა 26 მაისის მოედანზე მოძრაობის მოწყობა ორ დონეზე გვირაბის საშუალებით, ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ ლაგუნასკენ მიმავალ გვირაბთან და სააკაძის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა გვირაბით.

XS
SM
MD
LG