Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელმომჭირნეობის პოლიტიკის ბედი ცვალებადი პოლიტიკის ფონზე


ფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი
საფრანგეთის და საბერძნეთის ამომრჩეველმა კვირას გამართულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე მკაფიოდ გამოხატა ხელმომჭირნეობის პოლიტიკით თავისი უკმაყოფილება. საფრანგეთში პრეზიდენტად სოციალისტი ფრანსუა ოლანდი აირჩიეს - საარჩევნო კამპანიისას ის პირობას დებდა, რომ ხელმომჭირნეობის ნაცვლად ეკონომიკის ზრდას შეუწყობდა ხელს ქვეყნის მაღალ დეფიციტთან გასამკლავებლად. ევროზონის კრიზისის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში კი - საბერძნეთში - ხელმომჭირნეობასთან დაპირისპირებულმა პარტიებმა კოალიციურ მთავრობას უმრავლესობა წაართვეს. ასეთ ფონზე, რა ბედი ეწევა ევროზონის ხელმომჭირნეობის პოლიტიკას?
ევროპის დავალიანების კრიზისთან ბრძოლის მიზნით შემუშავებული ხელმომჭირნეობის პოლიტიკის მომხრეებმა კვირას მნიშვნელოვანი დარტყმა იწვნიეს. საფრანგეთსა და საბერძნეთში ამომრჩეველმა მხარი იმ ძალებს დაუჭირა, რომლებიც აქტიურად გამოდიან საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკის წინააღმდეგ.

საფრანგეთში სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა შეძლო მოქმედი პრეზიდენტის - მემარჯვენე-ცენტრისტ ნიკოლა სარკოზის - დამარცხება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ის პირველი სოციალისტი პრეზიდენტი იქნება.

ოლანდი ღიად უპირისპირდებოდა ხელმომჭირნეობის პოლიტიკას, რომელსაც ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უჭერენ მხარს. ოლანდი თვლის, რომ ევროპას რეცესიიდან ეკონომიკის ზრდა გამოიყვანს და არა ხარჯების მასშტაბური შემცირება.

6 მაისს, გამარჯვების შემდეგ, თავისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას ოლანდმა თქვა, ჩემი მისია ის არის, რომ „ევროპულ პროექტს მივანიჭო ზრდის, სამუშაო ადგილების, კეთილდღეობის განზომილება, ანუ მომავალიო“.

ამავე დღეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ევროზონის კრიზისის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში - საბერძნეთში. იქ ამომრჩეველმა მთავრობა ბოლო წლებში გატარებული „ქამრის შემოჭერის“ პოლიტიკის გამო დასაჯა და ხმათა თითქმის ნახევარი იმ პარტიებს მისცა, რომლებიც უპირისპირდებიან ხელმომჭირნეობის პოლიტიკას.

ამ პოლიტიკურმა ცვლილებებმა მაშინვე პოვა ასახვა ევროზე, რომლის კურსიც მნიშვნელოვნად დაეცა.

პარიზში განთავსებული გლობალური საბანკო ჯგუფის BNP Paribas S.A.-ს ანალიტიკოსი ბერტრან ლამიელი ევროს კურსის ვარდნას ასე ხსნის:„ეს ფაქტი წარმოადგენს რეაქციას იმ მოვლენებზე, რომლებიც განვითარდა საბერძნეთში, სადაც არჩევნებში საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვეს ხელმომჭირნეობასთან დაპირისპირებულმა პარტიებმა. შესაბამისად, საბერძნეთის გამო შეშფოთებამ ისევ თავი იჩინა.“

ხელმომჭირნეობის პოლიტიკის მხარდამჭერი კოალიციური მთავრობისთვის უმრავლესობის ჩამორთმევასთან ერთად, საბერძნეთის ამომრჩეველმა ერთ-ერთ მემარჯვენე ჯგუფს 40 წლის განმავლობაში პირველად მიანიჭა დეპუტატის მანდატები.

საფრანგეთში ფრანსუა ოლანდი პირობას დებს, რომ შეანელებს სოციალური ხარჯების შემცირების ტემპს - პროცესისა, რომელიც მისმა წინამორბედმა წამოიწყო. ის აპირებს გადასახადები გაუზარდოს მდიდრებს და იმედოვნებს, რომ შეძლებს მიაღწიოს შესწორებების შეტანას ევროკავშირის ფისკალურ ხელშეკრულებაში, რომლის თანახმადაც ევროზონის 17 წევრი თავიანთი დეფიციტების შესამცირებლად მკაცრი ზომების გატარებაზე შეთანხმდა. ოლანდს სურს უფრო მეტი აქცენტი ეკონომიკის ზრდაზე გაკეთდეს.

ანალიტიკოსი ლამიელი ვარაუდობს, რომ საფონდო ბირჟები ყურადღებით მიადევნებენ თვალს ოლანდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მომავალი რამდენიმე თვის მანძილზე, როცა მისი ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოყალიბების პროცესს გაივლის: „ახალ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს, მანევრირებისთვის დიდი სივრცე არა აქვს. მიზანი დასახულია - დეფიციტის შემცირება და დავალიანების კრიზისის კონტროლის ქვეშ მოქცევა. მისი სამოქმედო სივრცე იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს. ველოდებით, რა იქნება ის მთავარი ზომები, რომელსაც ის თავის პირველ პოლიტიკურ სიტყვაში გამოაცხადებს.“

უკვე ნათელია, რომ ევროკავშირის ფისკალურ შეთანხმებაში შესწორებების შეტანის ოლანდისეულ მცდელობას, რაც აქცენტის გაკეთებას ითვალისწინებს უფრო მეტად ეკონომიკის ზრდაზე და არა ხარჯების შემცირებაზე, მწვავე წინააღმდეგობა შეხვდება.

მერკელმა ოლანდი მოლაპარაკების გამართვის მიზნით უკვე მიიწვია ბერლინში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველე აცხადებს, რომ ორი ქვეყანა „ზრდის ხელშეკრულებაზე“ იმუშავებს. თუმცა გერმანიის მთავრობა იმასაც მკაფიოდ ამბობს, რომ ხელმომჭირნეობის პოლიტიკის შერბილებისგან თავს შეიკავებს.

ევროპის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას ევროპის ცენტრალური ბანკიც მძლავრად ეწინააღმდეგება.

მემარცხენე ორიენტაციის ანალიტიკური ჯგუფის, „ტერა ნოვას“ წარმომადგენლის ოლივიე ფერანის აზრით, ოლანდს კარგად ესმის, რომ მას საკმაოდ რთული და საფრთხილო გზის გავლა მოუწევს საიმისოდ, რომ ფისკალური სტაბილურობის ხელშეკრულება განავრცოს და არა შეცვალოს და თან ფრანგი ამომრჩევლის სურვილებსაც უერთგულოს:

„საფრანგეთის მემარცხენეებს კარგად ესმით საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის თუ სოციალური ხარჯების კორექტირების აუცილებლობა. მაგრამ მხოლოდ სოციალური ხარჯების კორექტირებით თუ შემოვიფარგლებით, ჩვენთან ესპანეთის თუ საბერძნეთის მსგავსი მოჯადოებული წრე ამოქმედდება - ხელმომჭირნეობა იწვევს რეცესიას, რეცესია იწვევს დეფიციტს, დეფიციტი კი კიდევ უფრო მეტ ხელმომჭირნეობას მოითხოვს. იმისათვის, რომ ეს მოჯადოებული წრე თავიდან ავიცილოთ, - ხელმომჭირნეობის აუცილებელ ზომებთან ერთად ზრდის ხელშემწყობი ინიციატივაც უნდა დაინერგოს.“
XS
SM
MD
LG