Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სავიზო ლიბერალიზაციას საქართველოსთვის


44 მომხრე, 5 წინააღმდეგი - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაუჭირა მხარი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ანგარიშს. საუბარია ანგარიშზე, რომელიც საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა ევროპარლამენტარმა, მარია გაბრიელმა მოამზადა და რომელიც ერთ-ერთი საკვანძო დოკუმენტია უვიზო მიმოსვლის უფლების მოპოვების პროცესში. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სავიზო ლიბერალიზაციის ჭრილში, ევროკავშირის სტრუქტურებმა კიდევ რამდენიმე აუცილებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ბრიუსელიდან, დიდი ალბათობით, პროცესი ვერ დასრულდება 8 ოქტომბრის არჩევნებამდე.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის დადებითი გადაწყვეტილება აუცილებელია იმისათვის, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესმა წარმატებით წაიწიოს წინ, უთხრა 5 სექტემბერს რადიო თავისუფლებას საქართველოს წარმომადგენელმა ევროკავშირში, ელჩმა ნატალია საბანაძემ. მან ოპტიმისტური მოლოდინი გაგვიზიარა და შემდგომ ნაბიჯებზეც ილაპარაკა:

სექტემბრის თვეში იქნება არაერთი ღონისძიება, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი იქნება მხარდაჭერილი სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ ვიცით მათი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, რომ საქართველო, მისი მოსახლეობა უახლოეს მომავალში მიიღებს ვიზალიბერალიზაციას...
დავით ბაქრაძე

„ეს კენჭისყრა ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის მხრიდან დანიშნულ მომხსენებელს კომიტეტი გადასცემს მანდატს, რომ განაგრძოს ინტერინსტიტუციური მოლაპარაკებები. ეს იმას ნიშნავს, რომ გადავდივართ რეალურად გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ეტაპზე, როდესაც მომხსენებელი ხვდება ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლებს იმისთვის, რომ საბოლოო ტექსტი შეათანხმოს. ამას უწოდებენ ტრილოგიას და ამ ტრილოგიის შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება უკვე არის – ტექსტი შეთანხმებულია. მერე, ასე ვთქვათ, საბოლოო წერტილი უნდა დაუსვას ევროპარლამენტის პლენარულმა სხდომამ – ეს, როგორც წესი, განხილვის გარეშე ხდება. და ასევე საჭიროა მხარდაჭერა ევროპული საბჭოს სხდომაზე – რომელიმე კონფიგურაციაში“.

იმისათვის, რომ ტრილოგია შედგეს, რომელსაც, თავის მხრივ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე შეხვედრა ესაჭიროება, აუცილებელია კიდევ ერთი დოკუმენტი – ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) გადაწყვეტილება, რომელზე დაყრდნობითაც უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია ევროკავშირის საბჭომ და რომლის მიღებაც დღემდე შეუძლებელი აღმოჩნდა სკეპტიკოსი ქვეყნების (მათ შორის – გერმანიის) წინააღმდეგობის გამო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის იმსჯელებს COREPER II საქართველოს საკითხზე, მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი გვატყობინებს, ეს, სავარაუდოდ, 14 სექტემბერს მოხდება. აქვე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ, დიდი ალბათობით, ევროკავშირის საბჭოს წიაღში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 13–14 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება. ამ დროს საქართველოში უკვე ჩატარებული იქნება 8 ოქტომბრის არჩევნები.

სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შემოდგომაზე დაგვირგვინების ვარაუდი გამოთქმული ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მიერაც ინტერვიუში, რომელიც რიკარდ იოზვიაკმა ბრატისლავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჩაწერა. ევროკომისარს სჯერა, რომ სკეპტიკოსი ქვეყნების შიშებსა და დაბრკოლებებს საბოლოოდ მოხსნის უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედება. ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლების ოპტიმისტურ მიდგომებს უსვამს ხაზს:

იოჰანეს ჰანი
იოჰანეს ჰანი

„იყო მკაფიო მინიშნება და მკაფიო მოლოდინი ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან, რომ საქართველომ და უკრაინამ უნდა მიიღოს (სავიზო ლიბერალიზაცია)... ეს უკავშირდება ნდობას ევროკავშირის მისამართით. ბევრმა, ბევრმა ქვეყანამ გამოხატა მკაფიოდ, რომ ახლა მათი ჯერია გამოიჩინონ სერიოზულობა და შეასრულონ დანაპირები”.

პროცესებს იმედიანად აკვირდებიან თბილისიდანაც. როგორც, მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა 5 სექტემბერს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიიწევს წინ, თუმცა სახელმწიფო მინისტრი თავს იკავებს კონკრეტული ვადების დასახელებისგან:

„სექტემბრის თვეში იქნება არაერთი ღონისძიება, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი იქნება მხარდაჭერილი სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ ვიცით მათი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, რომ საქართველო, მისი მოსახლეობა უახლოეს მომავალში მიიღებს ვიზალიბერალიზაციას“.

იმის გამო, რომ კონკრეტულად გაწერილი დღის წესრიგი ჯერჯერობით არ არსებობს, კონკრეტულ ვადებზე ლაპარაკი არამართებულად მიაჩნია ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელს ნატალია საბანაძეს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, უმჯობესია ვთქვათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს თვეებში იქნება მიღებული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG