Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კბილაშვილიც ივანიშვილის გზას დაადგა


არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ თანამდებობას დატოვებს და, პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ისიც სამოქალაქო სექტორში გადავა. ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რატომ მიიღო მთავარმა პროკურორმა გადადგომის გადაწყვეტილება და როგორ აფასებენ მის ამ ნაბიჯს პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები?

არჩილ კბილაშვილმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ერთი წელი დაყო. ამ დროის განმავლობაში ინფორმაცია მისი შესაძლო მოხსნის ან გადადგომის შესახებ არაერთხელ გავრცელდა, თუმცა 7 ნოემბრამდე არც მედიის წარმომადგენლების პროგნოზი გამართლებულა და არც პოლიტიკის ექსპერტებისა:

„მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ყველას გაუჩნდება შეკითხვა, რატომ მივდივარ...“

არჩილ კბილაშვილის თქმით, თანამდებობიდან მისი წასვლა არ უკავშირდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას. მთავარი პროკურორის თქმით, მას და მომავალ პრემიერ-მინისტრს, მართალია, განსხვავებული შეხედულებები აქვთ გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველივე ეს ერთ გუნდში მყოფი საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია და სხვა არაფერი. არჩილ კბილაშვილის თქმით, განსხვავებული იყო მისი და ბიძინა ივანიშვილის ხედვაც საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურის შექმნის ვადებთან დაკავშირებითაც:

ძალიან რთულ პერიოდში უხელმძღვანელა საქართველოს პროკურატურას. ძალიან რთული იყო ეს მუშაობა. პირადად მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც გააკეთა...
დავით უსუფაშვილი
„ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ. ვნახოთ, დრო აჩვენებს, რამდენად ვცდებოდი. იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს.

სწორედ ამიტომ, ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა და მასთან ერთად, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ, საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს თანადგომა გავუწიო იმ ამოცანების შესრულებაში, რასაც იგი საზოგადო მოღვაწეობისას განახორციელებს“.

არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მთავარმა პროკურომა თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო:

„ძალიან რთულ პერიოდში უხელმძღვანელა საქართველოს პროკურატურას. ძალიან რთული იყო ეს მუშაობა. პირადად მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ხვალ და ზეგ სადაც იქნება, იქაც ისე იმუშავებს, რომ ყველა კმაყოფილი ვიქნებით“.

პროკურატურა იყო ისეთი, როგორი პიროვნულად არის ბატონი არჩილ კბილაშვილი: არც აქეთ, არც იქით, გაურკვეველი რიტორიკით. გვაქვს ჩვენი პრეტენზიები. მუდმივად რაღაც ამბების შეთხზვაში იყო, აჩენდა მოლოდინებს...
გოგა ხაჩიძე
დავით უსუფაშვილის ამ მოსაზრებას ბევრი იზიარებს, თუმცა მთავარ პროკურორს არც კრიტიკოსები აკლია. ერთ-ერთ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილს მოუწია არჩილ კბილაშვილის დაცვა, როცა ეს უკანასნელი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ პროკურორის თანამდებობაზე ადვოკატად დარჩა და გადაწყვეტილებას მის ნაცვლად მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი იღებდა.

არჩილ კბილაშვილს აკრიტიკებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, თუმცა მათი და ხელისუფლების მხარდამჭერთა არგუმენტები მკვეთრად განსხვავებულია. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ კბილაშვილმა ვერც ინსტიტუციური ცვლილებების გატარება შეძლო და ვერც ეგრეთ წოდებული გახმაურებული საქმეების გახსნა. დეპუტატ გოგა ხაჩიძის კომენტარი:

„პროკურატურა იყო ისეთი, როგორი პიროვნულად არის ბატონი არჩილ კბილაშვილი: არც აქეთ, არც იქით, გაურკვეველი რიტორიკით. გვაქვს ჩვენი პრეტენზიები. მუდმივად რაღაც ამბების შეთხზვაში იყო, აჩენდა მოლოდინებს, რომ ეს საქმე გაიხსნება, ის ისე იქნებაო და ა.შ., მაგრამ რეალურად ჩანს სასამართლოებზე, რა და როგორ არის“.

არსებობს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო რბილი პროკურორი, მაგრამ არჩევანი რომ იყოს...
ნანა კაკაბაძე
საპარლამენტო უმცირესობაში ვარაუდობენ, რომ მომდევნო მთავარი პროკურორი პოლიტიკურად უფრო ანგაჟირებული იქნება. შემცვლელებად უკვე დასახელდა მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის, თბილისის პროკურორის მაია მწარიაშვილისა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურები. პოლიტიკის ექსპერტის მამუკა არეშიძის თქმით, არჩილ კბილაშვილს ხელს ორი გარემოება უშლიდა: რბილი ხასიათი და კოჰაბიტაციის პროცესი:

„უნდოდა თუ არა, კბილაშვილი იყო კოჰაბიტაციის რეჟიმში მოქცეული და ამიტომ ძალიან უჭირდა იმის გაკეთება, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ სხვა უფრო მანევრული და აგრესიული იქნებოდა ამ ჩარჩოებშიც კი“.

მთავარი პროკურორის თავშეკავებასა და რბილ ხასიათს ღირსებად მიიჩნევს ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“:

„არსებობს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო რბილი პროკურორი, მაგრამ არჩევანი რომ იყოს, დაუნდობელს და სასტიკს ასეთი სჯობია“.

თავად არჩილ კბილაშვილმა 7 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თანამდებობაზე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დარჩება, ხოლო გადადგომის შემდეგ არ დაიკავებს არც ერთ სახელმწიფო თანამდებობას. ამ განცხადებით კბილაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG