Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქი და ველომოყვარულები


თბილისის ველომოყვარულთა კლუბი 18 სექტემბერს ერთი წლის გახდა. ჯგუფი, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანია გაწევრიანებული, ამ დროის განმავლობაში ცდილობს ველოსპორტი, როგორც ცხოვრების სტილი, წინ წამოსწიოს, თუმცა ეს არაა მათი ერთადერთი მიზანი. რამდენად პოპულარულია საქართველოში ველოსიპედი, რატომ მიიჩნევენ ველომოყვარულთა კლუბის წევრები, რომ სპორტის ეს სახეობა უნდა განვითარდეს და, საერთოდ, როგორ ვითარდება ქვეყანაში ველოსპორტი?

თბილისის ველომოყვარულთა კლუბში 1600-მდე ადამიანია გაწევრიანებული. აქედან, 500 აქტიურად იღებს მონაწილეობას კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებშიო, ამბობს ერთ-ერთი დამაარსებელი, გუმან გურაბანიძე. ველოსპორტი ბავშვობიდან იტაცებს, თუმცა ამბობს, რომ უფრო სერიოზულად ამ საქმეს ერთი წლის წინ, თბილისის ველომოყვარულთა კლუბის დაარსების დროიდან, მოეკიდა:

„სწორედ ამ ხალხის გაცნობის შემდეგ უფრო მეტად გავერკვიე და რაღაც დონეზე - დამწყებიდან საშუალოზე მაღალ დონემდე - ავიწიე. მით უმეტეს, ექსტრემალური სპორტი - სამთო დაშვება - მიტაცებს“.

როგორც ველომოყვარულები ამბობენ, საშუალოზე მაღალი დონის ველოსიპედისტად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მაინც რეგულარულად გადაადგილდება ველოსიპედით. ამ დროის განმავლობაში ის იღებს გამოცდილებას, თუ რა სირთულეები შეიძლება შეგხვდეს ქალაქის გზებზე, საფეხმავლო ბილიკებზე თუ ქალაქგარეთ, მთებში მოძრაობისას. გამოცდილება აუცილებელია, განსაკუთრებით თბილისშიო, ამბობს ველომოყვარულთა კლუბის პრეზიდენტი თამაზ თიკანაძე:

„თბილისის ქუჩებში მოძრაობა ზაფხულის პერიოდში საკმაოდ მარტივია, იმიტომ რომ ქუჩები განტვირთულია. ახლა კი, როდესაც უნივერსიტეტებში სწავლა იწყება და თბილისის მცხოვრებლები ქალაქში ბრუნდებიან, ძალიან გვირთულდება. ტროტუარები ხალხით გადატვირთულია, არ გვინდა ფეხით მოსიარულეებს პრობლემა შევუქმნათ, ამიტომ გზებზე ვმოძრაობთ, იქ კი საცობებია“.

ქუჩაში გადაადგილებისას კლუბის წევრებს ერთგვარი ჩვეულება აქვთ - აუცილებლად უნდა მიესალმონ სხვა ველოსიპედისტს, თუნდაც არ იცნობდნენ და, თუ საჭიროა, დაეხმარონ კიდეც. თუმცა თბილისი მაინც არ არის ადგილი, სადაც ველოსპორტის მოყვარულები კომფორტულად იგრძნობენ თავს - ამ მხრივ ბათუმი უკეთესიაო, - ამბობს გუმან გურაბანიძე. საქმე ისაა, რომ იქ, თბილისისაგან განსხვავებით. ველოსიპედისთვის სპეციალური ბილიკებია. გარდა ამისა, თბილისი ვერც ველოტრეკების რაოდენობით დაიკვეხნის. უზნაძის ქუჩაზე 1886 წელს აშენებული ველოტრეკი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სპორტული ნაგებობა იყო, 2014 წელს დაანგრიეს, მის მაგივრად კი, ახალი კომპლექსი დიდ დიღომში ააშენეს, რომელიც, როგორც ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე ამბობს, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება:

„საერთაშორისო დონის შეჯიბრის ჩატარება აქ შეუძლებელია და, წესით, სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ საერთაშორისო სტანდარტის ტრეკი აშენდეს“.

ომარ ფხაკაძე ყურადღებას ამახვილებს თბილისის ინფრასტრუქტურაზეც, რომელიც, მისი თქმით, ველოსიპედისტებისათვის სრულიად მოუხერხებელია:

„საერთოდ, ქალაქში მოძრაობის კულტურა საქართველოში არ არსებობს. თუ სახელმწიფო მოინდომებს და ეცდება ინფრასტრუქტურა ისე დაალაგოს, როგორც საჭიროა, მგონია, რომ პრობლემა მოგვარდება. უბრალოდ, საჭიროა საერთაშორისო გამოცდილება გავიზიაროთ“.

ამ მიზეზების და კიდევ იმის გამო, რომ თბილისში ჰაერი საკმაოდ დაბინძურებულია, ველომოყვარულები სამთო ლაშქრობებს ანიჭებენ უპირატესობას:

„ეს იმით აიხსნება, რომ კარგი მთები, კარგი ბუნება გვაქვს. თბილისში კი ჰაერი ბევრად დაბინძურებულია, ვიდრე სხვა ქალაქებში. ჩვენ კი, ველომოყვარულები, ველოსიპედით სეირნობისას ამ ჰაერს ვსუნთქავთ, რაც ძალიან რთულია“, - ამბობს გუმან გურაბანიძე.

ველომოყვარულთა კლუბის წევრები ქალაქგარეთ ლაშქრობებს ხშირად აწყობენ სხვადასხვა სირთულის მარშრუტებზე. გზის სირთულე ძირითადად მანძილსა და ამინდზეა დამოკიდებული. კლუბის პრეზიდენტი თამაზ თიკანაძე ერთ-ერთ ყველაზე რთულ მარშრუტს იხსენებს:

„მარტყოფის მამათა მონასტერში მივდიოდით. დილით მზე იყო, შემდეგ ქარი ამოვარდა. მონასტერთან რომ ავედით, გათოვდა, შემდეგ კი გაწვიმდა. სულ ამ ამინდში 120 კილომეტრი ვიარეთ. ეს, ჩემი აზრით, ყველაზე რთული მარშრუტი იყო და, რა თქმა უნდა, ამ ტურში მხოლოდ გამოცდილი ველომოყვარულები ვიღებდით მონაწილეობას“.

თუმცა სამთო საველოსიპედო სპორტი მოყვარულ ველოსიპედისტებს შორის უფრო პოპულარულია, ვიდრე პროფესიონალებში. როგორც ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ომარ ფხაკაძე ამას იმით ხსნის, რომ საგზატკეცილო რბოლებისა და ველოტრეკის ტრადიცია ქვეყანაში უკვე ათწლეულების განმავლობაში არსებობს, ხოლო სამთო ველოსპორტი შედარებით ახალი სახეობაა:

„სამთო ველოსპორტის საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობას კი ვიღებთ, მაგრამ რამე განსაკუთრებული შედეგი არ გვქონია. ამ სპორტის მიმართ დღეს მოყვარულების დაინტერესება უფრო დიდია, ვიდრე პროფესიონალების“.

ის, რომ ველომოყვარულთა კლუბები არსებობს, ძალიან კარგიაო, ამბობს ომარ ფხაკაძე, მაგრამ თუ ვინმეს ამ სპორტში პროფესიულ დონეზე უნდა ჩაბმა, ფედერაციაში უნდა გაწევრიანდესო. ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ველოსპორტის მიმართ 90-იან წლებში მინელებული ინტერესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება, რაც იმედს აძლევს, რომ ახალ თაობას პროფესიულ ასპარეზზე მომავალში კარგი შედეგები ექნება.

იმედიანად არიან ველომოყვარულებიც. როგორც თამაზ თიკანაძე ამბობს, რამდენიმე წლის წინ ქუჩაში ველოსიპედისტის ნახვა ხალხში გაკვირვებას იწვევდა - ძირითადად უცხოელები ვეგონეთო:

„თბილისში მოსახლეობა უკვე მიეჩვია, რომ არიან ადამიანები, ვინც ველოსიპედს ისე იყენებს, როგორც ჩვეულებრივ სატრანსპორტო საშუალებას. შედარებით, განწყობაც პოზიტიურია“.

ეს კი, მისი აზრით, ხელს შეუწყობს ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების, პოპულარიზაციას. ეს ველომოყვარულთა კლუბის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, მიზანია. მეტი ველოსიპედი, - ამბობს თამაზ თიკანაძე, - ნიშნავს ნაკლებად დაბინძურებულ ჰაერს, ნაკლებ მანქანას ქუჩაში და, შესაბამისად, ადამიანებზე მორგებულ ქალაქს, რომელიც დღეს უფრო მეტად ეკონომიკაზეა მორგებული.

XS
SM
MD
LG