საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფინანსური მონიტორინგი დაასრულა, რომელიც 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში კახეთს სამი გუბერნატორი ჰყავდა. შესაბამისი დასკვნა უწყებამ საკუთარ ვებსაიტზე მიმდინარე წელს გამოაქვეყნა.
აუდიტის სამსახურის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მათთვის წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტებით ხშირ შემთხვევებში ვერ დგინდება მომსახურების მიმღებ პირთა რაოდენობა და ვინაობა, რაც დადასტურებით ნათლად აჩვენებდა რომ ხარჯები მიზნობრივად და რაციონალურად იყო გაწეული.
მაგალითად, 2012 წელს შპს ,,ტყუპების ძველ მარანთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიმწოდებელს გაწეული სარესტორნო მომსახურებისათვის აუნაზღაურდა 4 ათას 200 ლარი, რასთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციის მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილი იქნა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი. უწყების წარმომადგენელი ნანა ვაჩაძე ამბობს, რომ მხოლოდ ეს დოკუმენტი ხარჯების მიზნობრიობას ვერ ასაბუთებს.
აუდიტის დასკვნის მიხედვითვე, 2012 წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ადმინისტრაციის მიერ დახარჯულია 9 000 ლარი, 2013 წლის განმავლობაში - 6 600 ლარი, ხოლო 2014 წელს გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 1800 ლარი.
2012 წელს გუბერნატორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებისას აუდიტის სამსახურში ვერ იქნა წარდგენილი კონკრეტული ქვეყნის მიწვევა, ხოლო 2013-2014 წლებში მივლინებაში მყოფი პირების მიერ ცალკეულ შემთხვევებში არ ხდებოდა მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
აუდიტის სამსახურის დასკვნას კარგად იცნობს კახეთის მოქმედი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. გუბერნატორი გვეუბნება, რომ ის ამ თანამდებობაზე 2013 წლის მიწურულს დაინიშნა და დარღვევები, რაზეც აღნიშნულ დოკუმენტშია საუბარი, მისი წინამორბედების მუშაობის პერიოდს ასახავს. თუმცა შიოლაშვილი აქვე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნაში მასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მივლინებაზეც არის ლაპარაკი, როცა მგზავრობის ბილეთი ვერ წარადგინა.
აუდიტის დასკვნაში პრემიებსა და დანამატებზეც წერია. 2012- 2014 წლებში გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრემიის სახით სულ გაცემულია 301. 3 ათასი ლარი, მათ შორის 2012 წელს - 149.4 ათასი ლარი, 2013 წელს - 37,5 ათასი ლარი, 2014 წელს - 114.4 ათასი ლარი.
გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
მიმდინარე წელს ოპოზიციამ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის მოქმედი გუბერნატორი თანამდებობას ტოვებდა, თუმცა ეს ცნობები არც ერთხელ არ დადასტურდა. ბოლოს ასეთი ცნობა 2016 წლის 6 ივნისს გაავრცელა „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შაქრო ტერტერაშვილმა, მაგრამ ის ირაკლი შიოლაშვილმა უარყო.