არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბოლო დროს გამოქვეყნებული ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტების ნაწილში სახელმწიფო შესყიდვები 2014-2015 წლებში კანონთან შეუსაბამოდ მიმდინარეობდა და ადგილი ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში - ბაღდათში, ვანში, საჩხერესა და ხონში - ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასული ორი წლის განმავლობაში განხორციელებული შესყიდვების დროს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი ოთხივე მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის იურისტის თამთა კახიძის განცხადებით, შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გამოიკვეთა გარკვეული დარღვევები - მათ შორის თანამდებობის პირთა სამეწარმეო ინტერესები - და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობათა შიდა აუდიტის სამსახურებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის თამთა კახიძისავე განცხადებით, კვლევის მიხედვით, 2015 წლის 2 თებერვალს ვანის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „ამიკოს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ამირან დვალიშვილის ინტერესები იკვეთება. თამთა კახიძის საპასუხოდ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე შესაძლო წინასწარ გარიგებას გამორიცხავს და განმარტავს, რომ ტენდერები ელექტრონულად ტარდება და მასში მონაწილეობის უფლება ყველა მსურველ კომპანიას აქვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები გამოიკვეთა საჩხერის მუნიციპალიტეტშიც, სადაც მუნიციპალიტეტსა და მისი გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს შორის გამარტივებული სახით გაფორმდა ხელშეკრულება. ორგანიზაციის საპასუხოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე განმარტავს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის კომპანია 2012 წლამდე ასრულებდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და იგი თანამდებობაზე 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა, რაც ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს გააძლიერონ პრევენციული ზომები შესაძლო კორუფციული გარიგებების თავიდან ასაცილებლად და გაზარდონ მონიტორინგის მექანიზმი, რათა გამოირიცხოს სახელმწიფო შესყიდვებისას შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი და რამდენიმე კომპანიის მონოპოლიზება. არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველობებს მიმართავს მაქსიმალურად გაზარდონ კონკურენტული გარემო ადგილობრივი ბიზნესისთვის, რითაც მუნიციპალიტეტები დაზოგავენ საბიუჯეტო ხარჯებს და მინიმუმამდე დაიყვანენ კორუფციული გარიგებების რისკს.