აზერბაიჯანში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს 5 ადამიანს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ჟურნალისტ რასიმ ალიევის მკვლელობის გამო.
დამოუკიდებელ ოპოზიციურ ჟურნალისტს, რომელიც მედიის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების თემაზე ბევრს მუშაობდა, 2015 წლის აგვისტოში სასიკვდილოდ სცემეს. მკვლელობის მიზეზი კი ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ფეხბურთელის მიმართ გამოთქმული კრიტიკა იყო.
აზერბაიჯანის სასამართლომ 5 ადამიანი ცნო დამნაშავედ ჟურნალისტ რასიმ ალიევის სასიკვდილოდ ცემის გამო.
2015 წლის 9 აგვისტოს ალიევი, 32 წლის ასაკში, ბაქოს საავადმყოფოში გარდაიცვალა სხეულის მძიმე დაზიანებებით.
1 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე ბაქოს სისხლის სამართლის სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ელშან ისმაილოვს, 12-ნახევარი წლით - არიფ ალიევს, 11 წლით - ჯამალ მამადოვს, ხოლო 9-9 წლით - სამირ მუსტაფაევსა და ქანან მადათოვს.
გარდაცვალებამდე 1 დღით ადრე, საავადმყოფოში ინტერნეტპორტალ „მაიდან ტივისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალიევი იხსენებდა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ აზერბაიჯანელი ფეხბურთელის, ეროვნული ნაკრების წევრის, ჯავიდ ჰუსეინოვის მხარდამჭერები:
„ფეისბუქზე დავწერე, რომ არ მინდა, არ მინდა ასეთი ამორალური, კადნიერი ადამიანი, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს, ევროპის სტადიონებზე ჩემი სახელით გამოვიდეს“.
ჩემი ძმის მიმართ გამოტანილი განაჩენი უსამართლობაა. მინდა ამის გამო აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარი ვთქვა...სეიმურ მუსტაფაევი
საქმე ეხება აზერბაიჯანელი ფეხბურთელის ქცევას კვიპროსთან მატჩის შემდეგ, როდესაც ის სტადიონზე თურქეთის დროშას აფრიალებდა, შემდეგ კი, როდესაც ამის შესახებ ბერძენმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, მან შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა.
2015 წლის აგვისტოში ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ეს ხუთი ადამიანი რასიმ ალიევს, თუმცა დაკავებულების ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ დაკავებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა:
„ჩემი ძმის მიმართ გამოტანილი განაჩენი უსამართლობაა. მინდა ამის გამო აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარი ვთქვა“, - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის, სამირ მუსტაფაევის, ძმა, სეიმურ მუსტაფაევი.
ფეხბურთელი ჯავიდ ჰუსეინოვი ცემაში პირადად არ მონაწილეობდა, თუმცა მას ბრალად ედება სამართალდამცავებისგან ფაქტის დამალვა. ის საქმეში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა, თუ დანაშაული დაუმტკიცდა, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მსჯავრდებულთა ახლობლები და ოჯახის წევრები სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა დაგეგმილი არ ყოფილა და მისი სიკვდილი საავადმყოფოს ექიმების უყურადღებობის ბრალია.
თავიდანვე ვიცოდი, რომ მათ ჩემი შვილის მოკვლა დაგეგმილი ჰქონდათ. მათ ეს შეგნებულად გააკეთეს. ისინი დამნაშავეები არიან. ჩვენ ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ ურტყამდნენ რასიმს...მამადალი ალიევი
რასიმ ალიევი აზერბაიჯანში ცნობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც მუშაობდა ორგანიზაციაში, სახელად „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის“. აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების საკითხზე მომუშავე ეს ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია შარშან მას შემდეგ დაიხურა, რაც ანგარიში გაუყინეს, ოფისში სამართალდამცავებმა რეიდები მოაწყვეს, ხოლო მის დირექტორზე, ემინ ჰუსეინოვზე, ძებნა გამოაცხადეს. ორგანიზაციის დახურვის შემდეგ რასიმ ალიევი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობდა.
გარდაცვლილის მამა, მამადალი ალიევი, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია:
„თავიდანვე ვიცოდი, რომ მათ ჩემი შვილის მოკვლა დაგეგმილი ჰქონდათ. მათ ეს შეგნებულად გააკეთეს. ისინი დამნაშავეები არიან. ჩვენ ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ ურტყამდნენ რასიმს“.
ეს არი იყო რასიმ ალიევზე თავდასხმის პირველი შემთხვევა ჟურნალისტური საქმიანობის გამო. 2013 წელს მას პოლიციელებმა სცემეს, როდესაც ბაქოში გამართულ აქციას აშუქებდა.
აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ოპოზიციური ჟურნალისტები ალიევის სიკვდილის შემდეგ ხშირად აღნიშნავენ, რომ რეპორტიორები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ, მუდმივად რისკის ქვეშ არიან, ხოლო მათზე თავდამსხმელებს არავინ დასჯის.