აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა მოწოდებით, მსოფლიო თანამეგობრობა ერთად იდგეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეს განცხადება ბაიდენმა კიევში ვიზიტისას გააკეთა, სულ ოთხი დღით ადრე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, მოსკოვის მხარდამჭერი განცხადებებით ცნობილი დონალდ ტრამპის, ინაუგურაციამდე.
კიევში ჯო ბაიდენის დღევანდელი ვიზიტი - უკრაინაში უკანასკნელი სტუმრობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე - მიჩნეულია მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების ხაზგასმად. აშშ-ს დიდი დახმარება აქვს გაწეული უკრაინაში რეფორმების ხელშესაწყობად. მას შემდეგ, რაც კიევში 2013-2014 წლების საპროტესტო გამოსვლებს ხელისუფლების სათავეში პროდასავლური ძალების მოსვლა მოჰყვა, ვაშინგტონმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის დასახმარებლად და სანქციები დაუწესა რუსეთს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარების გამო.
ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ჯო ბაიდენი მეექვსედ ეწვია კიევს და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრ პარტნიორებთან ერთად ნათელი გავხადეთ, რომ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს, სანამ რუსეთი სრულად - ხაზგასმით ვამბობ, სრულად - არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, და რომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმთან დაკავშირებული სანქციები ძალაში უნდა დარჩეს, სანამ რუსეთი არ დაუბრუნებს უკრაინელ ხალხს ყირიმზე სრულ კონტროლს“.
კიევში ვიზიტისას ბაიდენმა გამოთქვა ასევე იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მთავრობა კიევის მტკიცე მხარდამჭერი და პარტნიორი იქნება. ჯო ბაიდენის ვიზიტი სულ ოთხი დღით უსწრებს წინ აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის ინაუგურაციას. უკრაინაში კი შიშობენ, რომ ტრამპი, რომელსაც არაერთხელ შეუქია ვლადიმირ პუტინი და არაერთხელ გამოუთქვამს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი, შეასუსტებს კიევის მხარდაჭერას.
კიევში ბაიდენის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის ჯარებმა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა ერთმანეთს ბრალად დასდეს აღმოსავლეთ უკრაინაში დეკემბრის ბოლოს გამოცხადებული ზავის დარღვევა. არადა, ზავის გამო კვლავ ჩაისახა იმედი, რომ ბოლო მოეღება თითქმის სამი წლის წინ დაწყებულ კონფლიქტს, რომელმაც უკვე თითქმის 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უკრაინა და მისი მოკავშირეები, აშშ-ის ჩათვლით, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების იარაღით და ცოცხალი ძალით დახმარებაში ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.
„მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა: პოლიტიკური შეთანხმება ვერ შესრულდება, სანამ რუსეთს ძალადობა არ შეუწყვეტია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი და აღმოსავლეთ უკრაინაში მისი დავალებით მოქმედი ძალები შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, შეწყვეტენ ბრძოლას და შესაძლებელს გახდიან დონბასის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენას, შეიძლება უკრაინისაგან მოველოდეთ თავისი პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მანვე კიევს ანტიკორუფციული ზომების გაძლიერებისაკენ მოუწოდა.
ბაიდენმა უკრაინელებს შეახსენა, რომ მოსკოვი კორუფციას იყენებს მათ ქვეყანაზე ზემოქმედებისათვის, რუსეთის გავლენის სფეროში უკრაინის დასატოვებლად და რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მარტო, აბსტრაქტულად, კარგ მმართველობას კი არა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვასაც ემსახურება.
პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს უკრაინის ერთგულად მხარდაჭერისათვის და ის უკვე კერძო პირის რანგში მიიწვია კიევში. მომავალში, იმედოვნებს პოროშენკო, უკრაინის საკითხი ყველა ამერიკელ პოლიტიკოსს გააერთიანებს. ყველა, ვინც დემოკრატიული ფასეულობებს იზიარებს, რუსეთის მოწინააღმდეგე არისო, ამბობს პეტრო პოროშენკო.