საერთაშორისო მასშტაბით 11 იანვრის მთავარი მოვლენა უდავოდ იყო აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია. მით უფრო, რომ ნიუ-იორკში გამართული ეს პრესკონფერენცია პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ტრამპის პირველი შეხვედრა გახლდათ.
მომავალმა პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის საკითხს, რომელიც ბოლო ხანებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ტრამპის თქმით, თუ ვლადიმირ პუტინს ის მოსწონს, ეს ნაკლი კი არა, მონაპოვარია. მან, ამასთანავე, განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები, მისი აზრით, რუსეთის მოწყობილია. თუმცა იქვე დასძინა, რომ ამგვარ თავდასხმებს სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ.
ვაშინგტონის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს შესწევს უნარი, დაეხმაროს აშშ-ს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ამასთანავე, ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთი გაცილებით მეტი პატივისცემით მოეკიდება შეერთებულ შტატებს, ვიდრე სხვების პრეზიდენტობისას. ტრამპმა „ავადმყოფების“ მიერ „გამოგონილი ამბავი“ და „სიყალბე“ უწოდა მტკიცებას, თითქოს რუსეთმა მასზე კომპრომატები შეაგროვა. აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის ეს კომენტარი მოჰყვა მოვლენათა მთელ ჯაჭვს, რომლის თანახმადაც რუსეთმა, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ ბრალდებებმა კულმინაციას მიაღწია 10 იანვარს, როდესაც გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ გასულ კვირაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადასცეს დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს პირადი და ფინანსური ხასიათის ინფორმაციას ტრამპის შესახებ. დონალდ ტრამპის პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოუსმინეს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რექს ტილერსონს.
ტილერსონის აზრით, აშშ-ს უფრო მკვეთრი რეაქცია უნდა ჰქონოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე, მაგალითად, კიევისთვის დაუყოვნებლივ უნდა გაეწია სამხედრო დახმარება, რათა არ დაეშვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გაგრძელება. ნავთობკომპანია „ექსონმობილის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ყირიმის ანექსიაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის „სუსტმა“ რეაქციამ წაახალისა კრემლი, იარაღითა და ჯარისკაცებით დახმარებოდა სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთი „შეიჭრა უკრაინაში, რაც ყირიმის მიტაცებასაც გულისხმობს და მხარდაჭერას უწევდა სირიის ჯარს, რომელიც უხეშად არღვევს ომის კანონებს. ჩვენი ნატოელი მოკავშირეები სამართლიანად არიან შეშფოთებული აგრესიულად მოქმედი რუსეთის გამო. მაგრამ ვაკუუმი სწორედ ამერიკის ლიდერობის არარსებობის გამო შეიქმნა“, განაცხადა ტილერსონმა. მან „შემაშფოთებელი“ უწოდა აშშ-ის დაზვერვის უწყებების ბრალდებას რუსეთის მისამართით, რომ ის ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის კანდიდატურის მიმართ ბევრი გამოთქვამს სკეპტიკურ დამოკიდებულებას ახლო ურთიერთობის გამო, რომელიც ტილერსონს წარსულში ჰქონდა რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით.