Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეინ ოსტინის "სიამაყე და მცდარი აზრი"


გამომცემლობა "არეტემ" კიდევ ერთი კლასიკური ნაწარმოები გამოსცა - ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან რომანად აღიარებული "სიამაყე და მცდარი აზრი", ჯეინ ოსტინის სახელოვანი წიგნი, რომელიც ბოლო წლებში რატომღაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამაზე წიგნის მომრავლებული ეკრანიზაციებიც მეტყველებს, თუმცა სანამ ეკრანიზაციებს შევეხებოდე, მინდა სათაურზე შევჩერდე, ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან რთულად გადმოსაქართულებელ სათაურზე. ჩემთან საუბარში გამომცემელმა გია დარსალიამ ყველაზე მეტად სწორედ სათაურზე გაამახვილა ყურადღება - ჩემი არ იყოს, როგორც ჩანს, ვერც ის გრძნობს მაინცდამაინც კომფორტულად თავს, როდესაც Pride and Prejudice-ის ქართულ შესატყვისად "სიამაყეს და მცდარ აზრს" კითხულობს:

"სხვათა შორის, თვითონ სათაურის თარგმანზე შეიძლება ითქვას ერთი-ორი სიტყვა.Pride გასაგებია, რომ სიამაყეა, Prejudice-ს კი ქართული შესატყვისი არა აქვს. შევეკითხეთ აბსოლუტურად ყველა ცნობილ მოქართულეს, ვახტანგ როდონაიათი და მანანა გიგინეიშვილით დაწყებული, თანამედროვე ქართველი მწერლებით დამთავრებული, მაგრამ ვერავინ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შემოგვთავაზა, ისეთი, რომელიც, ერთი მხრივ, ზუსტად გადმოსცემდა სათაურის აზრს, მეორე მხრივ კი, სხარტი იქნებოდა... საბოლოოდ, აზრობრიობიდან გამომდინარე და თვითონ რომანის შინაარსიდან და სიუჟეტიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო "მცდარი აზრი".

რა ვქნა, რაღაცა მაინც არ მომწონს ამ სათაურში, არის რაღაც მოუქნელი "მცდარ აზრში", მაგრამ უკეთესსაც რომ ვერაფერს გთავაზობთ? ვაი, რომ "სიამაყე და ცრურწმენა" ზუსტად არ გადმოსცემს აზრს, მიუხედავად მოქნილობისა. ამას წინათ ჩემს რამდენიმე მეგობარს გავუგზავნე თხოვნა - ეს სათაური, Pride and Prejudice, ქართულად ეთარგმნათ. თითქმის ყველა საგონებელში ჩავარდა, ერთმა კი მომწერა, "სიამაყე და ახირებაო"... ცოტა ახირებული სათაური გამოვიდა-მეთქი. იმან, ეგ არაფერი, ილიას ან ეკატერინე გაბაშვილს აუცილებლად მოეწონებოდაო. და ამ დროს გამახსენდა ივანე მაჩაბელი და უცებ წარმოვიდგინე როგორ თარგმნიდა ეს ჯადოქარი ოსტინის რომანს, იმ დროის თანამედროვე კლასიკას. ანდა ქალაქელი გამომცემლები როგორ სათაურს შეურჩევდნენ ამ რომანის გადმოკინტაურებულ ადაპტირებულ ვერსიას? "სიამაყე და ახირება", "მზვაობრობა და ლაყაფი", "ქედმაღლობა და აკვიატება"... ხუმრობა იქით იყოს, ოსტინი მართლაც დიდი ხნის წინ უნდა თარგმნილიყო ქართულად. და, ამ მხრივ, ვერც XIX-მ და ვერც XX-მ ვერ გამოიჩინა თავი:

"კომუნისტების დროს თითქმის ყველაფერი ითარგმნებოდა ქართულად, ყოველ შემთხვევაში, კლასიკას რაც შეეხება... ძალიან ბევრი თარგმანი არსებობდა და მთელი მთარგმნელობითი მანქანა მუშაობდა კლასიკური ნაწარმოებების თარგმნაზე. რატომღაც ჯეინ ოსტინი ქართულ საბჭოთა სისტემას გამორჩა და რატომ გამორჩა, მართალი გითხრა, არ ვიცი – როგორ მოხდა ეს, რომ ჯეინ ოსტინის თარგმანი არ შედგა. არადა, ჯეინ ოსტინი ითვლება ბრიტანული ლიტერატურის ისეთივე კლასიკოსად, როგორიც არის ჩვენთვის, ალბათ, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ა.შ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ გვეთარგმნა ჯეინ ოსტინი და როდესაც ვარჩევდით წიგნებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაგვახსენდა ეს რომანი."

თავად რომანი ზოგიერთს შესაძლოა რუსულად ან ინგლისურად გქონდათ წაკითხული. ყოველ შემთხვევაში, ფილმები მაინც გექნებათ ნანახი. საქმე ისაა, რომ "სიამაყე და მცდარი აზრი" უთვალავჯერაა ეკრანიზებული. ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, მისი ბოლო ეკრანიზაციაა, 2005 წლის, სადაც კირა ნაითლი თამაშობს მთავარ როლს, მამამისს კი დონალდ საზერლენდი ასახიერებს. 90-იან წლებში სერიალადაც გადაიღეს ეს რომანი, სადაც კოლინ ფერტი თამაშობს მისტერ დარსის. ნაკლებად ცნობილია 40-იანი წლების კიდევ ერთი ადაპტაცია, ოლდოს ჰაქსლის სცენარის მიხედვით, ლოურენს ოლივიეთი მთავარ როლში. თავად მწერლის შემოქმედებაში ეს რომანი ყველაზე ადრეულია და, ამის მიუხედავად, იგი ყველაზე მომწიფებულადაც ითვლება:

"თავად "სიამაყე და მცდარი აზრი”, ითვლება, რომ არის ჯეინ ოსტინის საუკეთესო ნაწარმოები (და, სავარაუდოდ ეს ასეც არის). მნიშვნელოვანია ის, რომ ეს რომანი ჯეინ ოსტინმა ძალიან ახალგაზრდამ დაწერა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, მე მგონი, 20 წლის იყო, როდესაც ეს რომანი შექმნა. თავის დროზე არ გამოუქვეყნეს, ანუ 1796-1797 წლებში, და გამოქვეყნდა ეს რომანი 1813 წელს, დაახლოებით 15-17 წლის შემდეგ. ანუ ამ რომანში ორი რამეა. ერთი მხრივ, მას ახალგაზრდობის და სისხარტის პეწი აქვს და, მეორე მხრივ, ეს წიგნი უკვე ცნობილმა მწერლმა გაასწორა, უკვე გამოქვეყნების წინ, 1813 წელს, ძალიან მკაცრი რედაქცია გაიარა ისევ და ისევ ავტორი მიერ... ანუ სიხალასე და ენობრივი დახვეწილობა, რომელიც წლების განმავლობაში მოვიდა."

რომანი ბენეტების ოჯახით იწყება, სადაც 5 გასათხოვარი ქალიშვილია - ჯეინი, ელიზაბეთი, კიტი, მერი და ლიდია. ამ დროს მხარეში ჩამოდის ახალგაზრდა მისტერ ბინგლი და მისი მეგობარი მისტერ დარსი. პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, მეჯლისზე ხდება - ცეკვა, თამაში, ფლირტი, ფუსფუსი... იწყება ურთიერთობები, გაიბმება პირველი ძაფები. შემდეგ კიდევ არაერთ მეჯლისს დაესწრებიან პერსონაჟები... მისტერ დარსი არავის უყვარს, ისიც ყველას ზემოდან უყურებს, უთქმელია და დაბღვერილი, არაკომუნიკაბელური. თუმცა რაღაც მომენტში ირკვევა, რომ იგი საკმაოდ ბევრ რამეში იღებს მონაწილეობას. მისი დამსახურებაა, მაგალითად, უფროსი ბენეტის, ჯეინისა და მისტერ ბინგლის დაშორება; ახალგაზრდა ოფიცრის, ჯორჯ უიკემის ბედიც მას გადაუწყვეტია თავის დროზე და ა.შ. მოკლედ, ელიზაბეთი, ანუ ლიზი, ძალიან ბევრ ინფოს მოაგროვებს გარკვეული დროის მანძილზე და იგი განრისხებულიც კია მისტერ დარსის ამ ფარულ მზაკვრობებზე. დგება რამდენიმე მნიშვნელოვანი დრამატურგიული სვლის დრო - პირველ რიგში, მისტერ კოლინზი ჩამოდის, ვინც ელიზაბეთს ხელს სთხოვს, მაგრამ სულ ტყუილად. მორიგი შემოსვლა ლედი კეთრინ დე ბურგზეა, იგი მისტერ დარსის დეიდაა და სურს თავისი ქალიშვილი მიათხოვოს მას, რის გამოც ძალიან მძიმე საუბარი შედგება მასა და ელიზაბეთს შორის მოგვიანებით. დარსისა და ლიზის შორის კი ამ დროს დაახლოებით ის სიტუაცია ყალიბდება, "სიყვარული ყველას უნდაში" რომაა. ზუსტად არ მახსოვს, რას ეუბნება მაყვალა ბურნუთას, მაგრამ ორივე რომ მაგრად აჯანჯლებენ საქმეს, ეგ მახსოვს. აქაც გაჯანჯლებაა. ამასობაში კი რამდენიმეჯერ გაიშლება ქორწილის პურ-მარილი: ჯერ მისტერ კოლინზი მოიყვანს ცოლად ელიზაბეთის საუკეთესო მეგობარს შარლოტ ლუკასს; შემდეგ ჯორჯ უიკემი და ლიზის უმცროსი და, ლიდია ბენეტი, გაიპარებიან; ჯეინ ბენეტს მისტერ ბინგლი დაუბრუნდება, ისევ მისტერ დარსის მონდომებით; სულ ბოლოს კი თავად დარსი და ელიზაბეთი მოვლენ აზრზე და ყველაფერი დიდი ჩახუტებით დამთავრდება.

რომანში ერთ-ერთი ბოლო სცენაა, როდესაც ოჯახი - ბატონი და ქალბატონი ბენეტები და დანარჩენი დები ლიზის და მისტერ დარსის ამბავს იგებენ. ყველა გაოგნებულია, რადგან რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ელიზაბეთს სძულდა ეს უთქმელი კაცი. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით გამოვიდა, ხოლო გაოგნებული და გახარებული მამა წარმოთქვამს უკვდავ ფრაზას, რომელიც ხუთიდან ორს - გასათხოვარ უმცროს დებს - ეხება და რომელსაც იგი კარებში მდგომ ელიზაბეთს გასძახებს: "მერისა და კიტის ვინმე კაცებმა თუ მოაკითხეს, ჩემთან შემოაგზავნე, ახლა არა ვარ დაკავებული".

დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა მთარგმნელის, ანა მაყაშვილის შრომაც. ანა დაახლოებით იმ ასაკშია, ჯეინ ოსტინი რომ იყო, როდესაც ამ რომანზე დაიწყო მუშაობა, ან რომანის მთავარი გმირის, ელიზაბეთ ბენეტის ასაკში. წიგნი კარგად იკითხება, თანაბარია და ყურადღებითაა თარგმნილი, თუმცა ვინ იცის, იქნებ, ჯეინ ოსტინივით, წლების შემდეგ მანაც ჩაასწოროს და დახვეწოს თავისი თარგმანი?!
XS
SM
MD
LG