Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეკ ბრიუსისა და ჯგუფ Cream-ის შესახებ


ჯეკ ბრიუსი
ჯეკ ბრიუსი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი „Cream“ როკმუსიკის ბევრი მოყვარულისათვის, პირველ რიგში, ერიკ კლაპტონთან ასოცირდება და, ტრიოს ხსენებისას, დანარჩენი ორი არტისტი თითქოს ჩრდილში ექცევა ხოლმე. არადა, ხელწამოსაკრავი მუსიკოსი არც ერთს არ ეთქმოდა. დრამერი ჯინჯერ ბეიკერი ექსპერიმენტატორი და ნოვატორი, ბასგიტარისტი ჯეკ ბრიუსი კი დიდებული მელოდისტი, მომღერალი და საკომპოზიტორო ნიჭით გამორჩეული ფიგურა იყო. დღევანდელ სიუჟეტში ამ უკანასკნელის მიერ განვლილ გზას გავიხსენებ, რადგან სულ რაღაც 4 დღის წინ, 71 წლის ასაკში, აღესრულა.

ჯეკ ბრიუსის ნამდვილი გვარ-სახელი ჯონ საიმონ აშერ ბრიუსი გახლდათ. 1943 წლის 14 მაისს შოტლანდიის პატარა ქალაქ ბიშოპბრიგსში დაიბადა. ფორტეპიანოსა და ვიოლონჩელოზე ბავშვობიდანვე უკრავდა, სასკოლო გუნდში მღეროდა და ვოკალურ ხელოვნებას კერძო გაკვეთილებზე ეუფლებოდა. 17 წლის იყო, როცა აკადემიური განათლების მისაღებად კონსერვატორიაში ჩააბარა, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა. კლასიკოსებთან დამეგობრება არ გამოუვიდა, რადგან სულში ჯაზისა და ბლუზის სიყვარული უტრიალებდა. ჯერ ალექსის კორნერის ჯგუფში - Blues Incorporated-ში - გამოჩნდა კონტრაბასზე, მოგვიანებით კი ელეტქროგიტარა მოიმარჯვა და ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც იყვნენ ჯონ მაკლაფლინი, გრეჰემ ბონდი და მანფრედ მენი.

1965 წელს ზემოხსენებულმა ჯინჯერ ბეიკერმა, რომელიც იმხანად ერიკ კლაპტონთან ერთად ლეგენდარული გიტარისტის, ჯონ მეიოლის, ბენდში მოღვაწეობდა, კოლეგას ტრიოს შექმნის იდეა შესთავაზა და ბასისტად ჯეკ ბრიუსის მოწვევა ურჩია. კლაპტონმაც არ დაახანა და 1966 წელს შეიქმნა ჯგუფი Cream, 60-იანი წლების ბრიტანულ როკსცენაზე ჟღერადობითა და საშემსრულებლო სტრუქტურით ყველასგან გამორჩეული პროექტი. ტრიო პირველი ინგლისური ბენდი იყო, რომელმაც გაბედა ეცადა ბლუზის, ჰარდ-როკისა და ფსიქოდელიური როკის შერწყმა და ამ მხრივ ჯიმი ჰენდრიქსის მთავარ კონკურენტადაც კი იქცა. ამერიკელებისა და ბრინატენელების ერთგვარ პაექრობაში ხშირად ეს უკანასკნელნი იმარჯვებდნენ - მაგალითად, ორდისკიანი ალბომი „Wheels of Fire“ ისტორიაში პირველი პროექტი გამოდგა, რომელიც ორჯერ გაიყიდა მილიონიანი ტირაჟით.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯეკ ბრიუსი ჯგუფ „Cream“-ის სული და გული იყო. გარდა ბასური ხაზისა, ის მნიშვნელოვან ვოკალურ პარტიებსაც ასრულებდა. მაგალითისთვის ლეგენდარული სიმღერის Sunshine Of Your Love გახსენებაც საკმარისია, სადაც ბრიუსი წამყვან, ხოლო კლაპტონი მეორე ხმად მოიაზრება. მეტიც, „Cream“-ის 4 სტუდიურ ალბომს თვალს თუ გადავავლებთ, მასალის ნახევარზე მეტი სწორედ ბასგიტარისტის თხზულებებს წარმოადგენს, დანარჩენი კი ბლუზური სტანდარტების ინტერპრეტაციებია.

მიუხედავად ჯგუფ „Cream“-ის არნახული პოპულარობისა, ტრიო 3 წლიწადში დაიშალა. ლიდერობისთვის ბრძოლამ და კონკურენციამ მუსიკოსებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ წაახდინა. ჯეკ ბრიუსმა კი სოლო კარიერა განაგრძო. 70-იან წლებში კლასიკურ რეპერტუართან ერთად ჯაზური იმპროვიზაციებითაც ირთობდა თავს, როგორც ბასისტი კი, ისეთ მუსიკოსებთან თამაშრომლობდა, როგორებიც იყვნენ, მაგალითად: ჯონ მაკლაფლინი, ფრენკ ზაპა და ლუ რიდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯეკ ბრიუსმა მაინც ვერ შეძლო „Cream“-ის პერიოდის წარმატების განმეორება. მისი ბოლო ერთგვარი გაბრძოლება სოლოალბომი „Silver Rails“ გახლდათ, 10 სიმღერისგან შედგენილი არცთუ ურიგო დისკი, სადაც პარტნიორობა ცნობილმა ჯაზურმა პიანისტმა ჯონ მედესკიმ გაუწია.

დაბოლოს, ერთ სიახლესაც გაგაცნობთ. ჯეკ ბრიუსის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე Universal Music Enterprise-მა ჯგუფ Cream-ის მოყვარულებს 6 ვინილის ფირფიტის გამოცემის შესახებ ამცნო. კრებული, რომელიც 4 სტუდიური და 2 საკონცერტო ალბომისაგან შედგება, გასაყიდად 25 ნოემბერს გამოვა.

XS
SM
MD
LG