Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი უარზეა


ბიძინა ივანიშვილი თბილისში გამართული "ქართული ოცნების" აქციაზე
ბიძინა ივანიშვილი თბილისში გამართული "ქართული ოცნების" აქციაზე
ბიძინა ივანიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს, - ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა რეგიონალურ გამოცემა ”გურია ნიუსს” განუცხადა. დღესვე ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში 11 ივნისის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, სასამართლომ ივანიშვილი, მთლიანობაში, 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დააჯარიმა. დაუყადაღებენ თუ არა ქონებას ივანიშვილს და, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, როგორ აისახება შექმნილი ვითარება წინასაარჩევნო გარემოზე?

ივანიშვილი ”გურია ნიუსისთვის” მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს, ”რამდენადაც ეს უკვე აბსურდია”, კითხვაზე კი, იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გადახდაზე უარს იტყვის, რა მოხდება, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, ეს უკვე ხელისუფლების საქმეაო. თავად კი გეგმების შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ ”ყველაფერი კარგად იქნება”.
ვიმსჯელოთ იმაზე, კანონით რა უნდა მოხდეს და ეს ცოტა არასერიოზულად მეჩვენება, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ხდება, ხდება უკანონოდ. შესაბამისად, ხელისუფლება რას მოიმოქმედებს, ამას უნდა დაველოდოთ და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება პოზიცია...
ეკა ბესელია

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს, კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, თითქმის 149 მილიონი ლარით დააჯარიმა. კონტროლის პალატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა, ” ქართული ოცნების” საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია ”გლობალ კონსალტინგის” გამოყენებით, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა ათეული ათასობით სატელიტური ანტენა, რისთვისაც 13 მილიონამდე ლარი შემოწირულება განახორციელა. კონტროლის პალატის მეორე ოქმის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა კუთვნილი კომპანიების შპს ”ბურჯისა” და შპს ”ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომლითაც უსასყიდლოდ ემსახურებოდა პოლიტიკურ გაერთიანება ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა, კონტროლის პალატის მტკიცებით, 2 242 994 ლარის უკანონო შემოწირულება განახორციელა. მთლიანობაში, ბიძინა ივანიშვილი შემოწირული თანხების ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

დაჯარიმების შესახებ გადაწყვეეტილება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა, ამის მიუხედავად, თუ 7 დღის ვადაში ის ნებაყოფლობით არ გადაიხდის თანხას, მის მიმართ შესაძლოა ამოქმედდეს სააღსრულებლო წარმოების კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და რადგანაც ცნობილია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი კახა კოჟორიძე ლაპარაკობს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს:
კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

”ქონების დაყადაღება და იძულებით აუქციონზე გატანა. ქონებაში იგულისხმება როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონება და სააღსრულებო ბიურო იქნება უფლებამოსილი, რომ იძიოს, ბიძინა ივანიშვილის სახელზე თუ არის რაიმე უძრავ-მოძრავი ქონება, აღწეროს ასეთი ქონება და, ნებაყოფლობით თანხის არგადახდის შემთხვევაში, გაასხვისოს ეს ქონება.”

აღსრულების ბიუროს ბიძინა ივანიშვილის ქონების მოსაძიებლად და დაყადაღების პროცესის დასაწყებად სამთვიანი ვადა აქვს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს, ბიძინა ივანიშვილს შეეძლება არა მარტო ყადაღის გაუქმება, არამედ ყადაღით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაც, ასეთის არსებობის შემთხევევაში, ამბობს კახა კოჟორიძე.

”ქართული ოცნების” წარმომადგენელს, ადვოკატ ეკა ბესელიას საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სასაცილოდ ეჩვენება, ვინაიდან, მისი სიტყვებით, ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, უკანონო იყო.

”ვიმსჯელოთ იმაზე, კანონით რა უნდა მოხდეს და ეს ცოტა არასერიოზულად მეჩვენება, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ხდება, ხდება უკანონოდ. შესაბამისად, ხელისუფლება რას მოიმოქმედებს, ამას უნდა დაველოდოთ და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება პოზიცია.”
ამხელა ჯარიმაზე რომ არის საუბარი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ დავუჯეროთ. ამ შემთხვევაში გამოძიებას - და ამ ეტაპზე ჩვენ - ასეთი მტკიცებულებები არ გვაქვს...
ეკა გიგაური

აქვე ვთქვათ, რომ წინასაარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად გაერთიანებულ არასამთავრობოთა კოალიცია ”ეს შენ გეხებამ” 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლებას ობიექტური და თანმიმდევრული რეაგირებისკენ მოუწოდა, რადგან, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, უკანასკნელ ხანებში საქართველოს კონტროლის პალატის, სასამართლოსა და პროკურატურის ქმედებები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სუბიექტურობითა და არათანაბარი მიდგომით ხასიათდება. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა კოალიციაში შემავალი ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, თუნდაც ის სასამართლო პროცესი, რომელზეც 15 მაისს კომპანია ”მენეჯმენტს სერვისთან“ დაკავშირებით ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 4 მილიონი ლარით დაჯარიმდა (თუმცა სააპელაციო სასამართლომ მოგვიანებით ჯარიმა გაანახევრა), აბსოლუტურად მიკერძოებული იყო. ეკა გიგაურის თქმით, საზოგადოებაში შექმნილია აზრი, რომ მმართველი გუნდი სახელმწიფო ორგანოებს იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ახლა ხელისუფლებას მტკიცებულებებიც რომ ჰქონდეს, ძნელი იქნება ამის დაჯერება, ამბობს ეკა გიგაური.

”ამხელა ჯარიმაზე რომ არის საუბარი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ დავუჯეროთ. ამ შემთხვევაში გამოძიებას - და ამ ეტაპზე ჩვენ - ასეთი მტკიცებულებები არ გვაქვს.”

კოალიცია ”ეს შენ გეხება” მიმართავს სახელისუფლებო სტრუქტურებს, - კონტროლის პალატას, პროკურატურას და უწყებათშორის კომისიას, - იყოს თანმიმდევრული და ობიექტური და პასუხისმგებლობა მოსთხოვოს არა მხოლოდ ოპოზიციურ, არამედ მმართველ გუნდსაც, რათა საპარლამენტო არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩატარდეს და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის სტაბილურობა
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG