78 წლის ასაკში გარდაიცვალა უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი, რომელიც 27 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ამის შესახებ 2 სექტემბერს გამოაცხდა უზბეკეთის სახელმწიფო ტელევიზიამ. როგორც ქარიმოვის ქალიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, გარდაცვალებამდე უზბეკეთის პრეზიდენტს სარეანიმაციო განყოფილებაში მკურნალობდნენ „თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის“ შემდეგ.ისლამ ქარიმოვი, ყოფილი კომუნისტი ლიდერი, უზბეკეთს მართავდა ავადსახსენებელი უშიშროების აპარატის მეშვეობით, რომელსაც ხშირად ადანაშაულებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევებში. თავისი მმართველობის პერიოდში ქარიმოვი ცდილობდა წონასწორობა დაეცვა დასავლეთსა და რუსეთს შორის.
ადამიანის უფლებების დამცველთა თანახმად, ქარიმოვის რეჟიმის დროს სისტემატურად იდევნებოდნენ პოლიტიკური ოპონენტები, ხალხს ძალდატანებით ამუშავებდნენ ბამბის პლანტაციებში, სამართალდამცავი ორგანოებისა და უშიშროების სამსახურების მიერ ხშირად გამოიყენებოდა წამება. ქარიმოვის სიკვდილის შემდეგ გაურკვეველი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, რომელსაც ერთი ადამიანი მართავდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდიდან. ასეთ ვითარებაში ქვეყანაში ჩამოყალიბდა მმართველობის გაუმჭვირვალე სტრუქტურა, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დეფიციტს განიცდის. ისლამ ქარიმოვი 1938 წელს დაიბადა ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქალაქ სამარყანდში. მას ეკონომიკის სფეროში აქვს მიღებული განათლება. პოლიტიკური ელიტის მწვერვალებს 1989 წელს მიაღწია, როცა უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა.1990 წელს, ფორმალური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა. ახალ თანამდებობაზე მოსვლამდე ქარიმოვმა ასეთი პირობა წამოაყენა:
„თუკი ხვალ პრეზიდენტად ამირჩევთ, უნდა მომენიჭოს პარლამენტის დათხოვნის უფლება. მაშინ მე უნდა მეკუთვნოდეს უკანასკნელი სიტყვა, მაგრამ ჯერჯერობით თქვენგან არ განვსხვავდები“.
ქვეყნის მართვის ამგვარი ხედვისთვის მას ათწლეულების განმავლობაში არ უღალატია. 1991 წლის 31 აგვისტოს ქარიმოვმა უზბეკეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამის შემდეგ ქვეყნის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მომდევნო ორ-ნახევარი ათწლეულის განმავლობაში მას ისევ და ისევ ირჩევდნენ ამ თანამდებობაზე, თანაც, საბჭოთა პერიოდისთვის ჩვეული მაჩვენებლით: არჩევნებში 90 %-იან მხარდაჭერას იღებდა. დასავლეში მიიჩნევდნენ, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ორ შემთხვევაში კი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პრეზიდენტად მისი არჩევის მართებულება, ვინაიდან გაუქმდა კონსტიტუციით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის ძალითაც, უზბეკეთში ერთსა და იმავე პირს არაუმეტეს ორი ვადით შეეძლო პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება.
ქარიმოვმა ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახერხა საეჭვო სახალხო რეფერენდუმებისა და პოლიტიკური ოპონენტების ნეიტრალიზაციის მეშვეობით. პოტენციურ მეტოქეებსა და ხალხს მკაცრად აკონტროლებდა კრიტიკულად განწყობილი მედიის არარსებობის პირობებში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის აღმასრულებელი მთავრობა ხელისუფლების ყველა სფეროს აკონტროლებდა. ქარიმოვის მმართველობის წლებში უზბეკეთის მართლმსაჯულების სისტემა ხშირად იყო საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციების კრიტიკის სამიზნე, დაკავებულ პირთა წამების გამო. 2007 წელს „ჰიუმენ რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, სათაურით „ვერსად მობრუნდები, წამება და სასტიკი მოპყრობა უზბეკეთში.“ ამ ორგანიზაციის დირექტორმა, ჯულიეტ დე რივერომ, რადიო თავისუფლებას უთხრა:
„ამ ანგარიშის მთავარი მიზანია იმის ჩვენება, რომ წამება სისტემატურ ხასიათს ატარებს, ასევე იმის ჩვენება, რომ დაკავებულები საქმის წარმოების ყველა ეტაპზე განიცდიან ზეწოლას“...
ქარიმოვს ადანაშაულებდნენ წამების გამოყენებაში ისლამისტების წინააღმდეგ, როცა სასტიკად იქნა ჩახშობილი ისლამისტური ჯგუფები,1999 და 2004 წლების თავდასხმებისა და უზბეკეთის ისლამური მოძრაობის მიერ განხორციელებული იერიშების შემდეგ.
ქარიმოვი ერთხელ, 90-იანი წლების ბოლოს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, დეპუტატებს ლანძღავდა მათი უმოქმედობის გამო ისლამისტი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში. „თუ არ გაგაჩნიათ ნება იმოქმედოთ, მომეცით იარაღი და მე თვითონ ვესვრი მათ თავშიო“, თქვა უზბეკეთის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში.
ქარიმოვი ცდილობდა თავისი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად გამოეყენებინა და აშშ-ს სატრანსპორტო მხარდაჭერას სთავაზობდა კოლექტიური სამხედრო ოპერაციის დროს ავღანეთში, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. უფლებადამცავები აშშ-ის მთავრობას ადანაშაულებდნენ, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე თვალს ხუჭავდა ტაშკენტის მიერო მინიჭებული სატრანზიტო პრივილეგიების სანაცვლოდ. ამ ბრალდებას ვაშინგტონი უარყოფდა. 2005 წელს უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში გამოსვლები სასტიკად ჩაახშეს უზბეკეთის უშიშროების ძალებმა, ასეულობით ადამიანი დახოცეს. ქარიმოვმა უარი თქვა საერთაშორსო გამოძიებაზე და ამბოხში უცხოეთში მომზადებულ ისლამისტ შეიარაღებულ პირებს ადანაშაულებდა. საინტერესო იყო ქარიმოვის როლი, როგორც შუა აზიის რეგიონში მოსახლეობით და არმიის რაოდენობით უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტისა. უზბეკეთი, გარდა ავღანეთისა, ესაზღვრება შუა აზიის ყველა ყოფილ საბჭოთა ქვეყანას, აქვს ბუნებრივი წიაღისეულის არსებითი მარაგი. ქარიმოვი რეგიონში ყოველთვის ესწრაფვოდა ლიდერობას და ხანდახან მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან მეტოქეობდა. ბუნებრივი წიაღისეულით ქვეყანა ხეირობს, მაგრამ ტაშკენტს აკრიტიკებენ ეკონომიკური რეფორმების ნაკლებობის, ასევე კორუფციისა და ნეპოტიზმის გამო. ქარიმოვის ოჯახმა, მისმა ორმა ქალიშვილმა, ერთობ იხეირა მამის მიერ აწყობილი სისტემით. შვეიცარიის ეკონომიკური ჟურნალ „ბილანის“ თანახმად, დები გულნარა და ლოლა ქარიმოვები შვეიცარიის 300 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში შედიან.
გულნარას თანამდებობაზე მამის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, მაგრამ 2014 წლის შემდეგ, საერთაშორისო კორუფციული სკანდალის გამო, ის გაუჩინარდა. ვრცელდება ცნობა, რომ შინაპატიმრობაშია. როცა ქარიმოვი საავადმყოფოში მოათავსეს, ლოლა ტილიაევა-ქარიმოვამ მსოფლიოს ამცნო თავისი მამის მდგომარეობა. ტილიაევა-ქარიმოვამ, იუნესკოში უზბეკეთის წარმომადგენელმა, საზოგადოებას სთხოვა, მამაჩემის თაობაზე სპეკულაციებს მოერიდეთ და პატივი ეცით ოჯახის პირად ცხოვრებასო.