Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ისლამური რესპუბლიკა-საქართველო: რას გულისხმობს უვიზო რეჟიმის შეჩერება


ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საქართველოს კარგი მეზობლური ურთიერთობა იმითაც გამოიხატებოდა, რომ, 2010 წლის ხელშეკრულების თანახმად, ორ სახელმწიფოს შორის მოქმედებდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს რეჟიმი, ჩანს, ახლა იცვლება.

ირანთან სავიზო რეჟიმის სიმარტივეს ბევრად უფრო ხშირად იყენებდნენ ირანელები. ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები არამხოლოდ ტურისტებად ჩადიოდნენ საქართველოში - ბევრისთვის ეს ქვეყანა ბიზნესის ასპარეზი გახდა. არაერთმა, უბრალოდ, გადაწყვიტა დასახლდეს საქართველოში, კულტურულად, ჰავით და ყოველდღიური ცხოვრებით მათთვის ახლობელ ქვეყანაში. ირანი, ამავე დროს, მისი ბირთვული პროგრამის გამო, საერთაშორისო სანქციების სამიზნეა. დასავლეთი ვარაუდობს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს და ამიტომ სანქციების გზით ცდილობს არ მისცეს ირანის მთავრობას ბირთვული პროგრამის დაფინანსების საშუალება. ასეთია ზოგადი ფონი, რომელზეც ახლა საქართველო ცვლის სავიზო რეჟიმს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ გვითხრა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიღო საიმიგრაციო პოლიტიკის ჩამოყალიბება, რაც პარტნიორ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გადახედვასაც გულისხმობს. ამ მიზეზით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ირანთან ცალმხრივად შეჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც აქამდე ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედებდა. პირველი ივლისიდან ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში სამგზავროდ შემოღებულია ვიზის საფუძველზე მგზავრობის შესაძლებლობა. მინისტრის მოადგილის თანახმად, ეს ერთგვარად ზღუდავს ირანელთათვის მოგზაურობის თავისუფლებას, მაგრამ საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ამით დიდად არ შეეშლებათ ხელი დაინტერესებულ მოქალაქეებს, ტურისტებსა თუ სხვა მიზნით საქართველოში ჩასვლის მსურველთ, რადგან ვიზის მიღება არა მხოლოდ საკონსულოებში იქნება შესაძლებელი, არამედ საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც.

შეკითხვაზე, გავრცელდება თუ არა ცვლილებები სხვა ქვეყნებზეც, რომლებთანაც საქართველოს ორმხრივად თუ ცალმხრივად აქვს უვიზო რეჟიმი, დავით ჯალაღანიამ დადებითად გვიპასუხა. მისი თქმით, გადაიხედება სია, რომელიც საქართველოს კანონის ნაწილია და, ამდენად, საჭიროა შეიცვალოს კანონი, სანამ გამოცხადდებოდეს, ვის შეეხება ცვლილება. ამაზე პარლამენტი მუშაობს. მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ ცვლილება არ შეეხება შენგენის ზონის, ევროკავშირის, ნატოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს. ხომ არ უკავშირდება ირანთან უვიზო რეჟიმის შეცვლა ისლამური რესპუბლიკის მიმართ საერთაშორისო სანქციებს? ჯალაღანიამ გვითხრა, რომ ეს არ არის დაკავშირებული სანქციებთან. მისი განმარტებით, გაეროს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველომ, როგორც ამ ორგანიზაციის წევრმა, მალევე დაიწყო ამ სანქციების გატარება. ამიტომ ახლანდელი გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს გაგებული როგორც სანქციების გამოძახილი.

ირანის რეაქციითაც დავინტერესდით: რას ფიქრობს თეირანი საქართველოს ამ ნაბიჯზე? დავით ჯალაღანიამ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ ქვეყნის ელჩის რეაქციაზე გვითხრა, რომ ის იყო მოზომილი და რომ ელჩი გაგებით მოეკიდა მთავრობის გადაწყვეტილების მოტივაციას. იმის გამო, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის თაობაზე ირანთან ხელშეკრულება აქვს დადებული, ის მოვალე იყო ორი კვირით ადრე ეცნობებინა მისთვის გადაწყვეტილების შესახებ, რამაც განაპირობა ირანის საკითხის გამოყოფა. ირანის მხარეს, მართალია, არ გახარებია, მაგრამ მიესალმა მეტ გამჭვირვალობას ამ საკითხში და თქვა, მიმოსვლისა და მიგრანტთა ნაკადების მოწესრიგების მიზნით, ეს შეიძლება არცთუ ცუდი გადაწყვეტილება იყოსო, გვითხრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG