მარათონული იყო არა მხოლოდ ბოლო ეტაპი, ვენის 18-დღიანი მოლაპარაკება, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეხვედრები დროში კარგა გვარიანად გაიჭიმა და 14 ივლისს გამოცხადდა, რომ მიღწეულია შეთანხმება თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს, ასევე გერმანიას შორის.
გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი, მათთან ერთად გერმანია და ირანი, 18-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და, სანაცვლოდ, ირანისთვის დაწესებული სხვადასხვაგვარი სანქციების გაუქმების თაობაზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ, მას მერე, რაც ყველას მადლობა გადაუხადა, შემდეგი თქვა:
„გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, არა მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება, ის ბევრად მეტია. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კარს გაუღებს ახალ ეტაპს საერთაშორისო ურთიერთობებში და გვიჩვენებს, რომ დიპლომატიას, კოორდინაციას, თანამშრომლობას შეუძლია გადალახოს დაძაბულობისა და დაპირისპირების ათწლეულები“.
მოგერინი ათწლეულებზე როცა ლაპარაკობს, შეიძლება იმ წარსულ დროს გულისხმობდეს, როცა ევროპის კავშირმა გადაწყვიტა ირანს შესთანხმებოდა ბირთვულ სფეროში. არაა შემთხვევითი, რომ მოგერინი და ევროპა „სამი პლუს სამის“ ირანთან მოლაპარაკებას უწოდებდა და გულისხმობდა გერმანიას, საფრანგეთსა და ბრიტანეთს, როგორც ერთ სამეულს, და რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს, როგორც მეორეს, ხოლო სხვაგან, ევროპის გარეთ, ამ მოლაპარაკებებს „ხუთი პლუს ერთი და ირანი ერქვა“, ანუ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და გერმანია და ირანი. მოგერინიმ ვენაში 14 ივლისს გამოაცხადა, რომ შედგა შეთანხმება ერთობლივი კომპლექსური სამოქმედო გეგმის თაობაზე.
„ჩვენ დღეს, 14 ივლისს, შევთანხმდით ერთობლივი კომპლექსური სამოქმედო გეგმის საბოლოო ტექსტის თაობაზე. ევროკავშირი, სამი პლუს სამი და ირანის ისლამური რესპუბლიკა მიესალმება ერთობლივ კომპლექსურ სამოქმედო გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამშვიდობო მიზნები ექნება და რომელიც ამ საკითხისადმი მიდგომაში წარმოადგენს ძირეულ ცვლილებას. ისინი მოელიან, რომ ამ გეგმის სრული განხორციელება დადებით წვლილს შეიტანს რეგიონალური და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში“, თქვა მოგერინიმ, რომელმაც პირველმა გაავრცელა, ოდნავ სხვა ფორმით, ცნობა შეთანხმების შესახებ. ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს მთელი ამ თვეების განმავლობაში აშუქებდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის თანამშრომელი, ჰანა ქავიანი, რომელიც აღწერს შეთანხმების მიღწევის გამოცხადების ვითარებას:
„მართალია, ჩვენ დაახლოებით ათი საათით ადრე ვიცოდით, რომ „ხუთი პლუს ერთმა“ ირანთან მიაღწია საბოლოო შეთანხმებას. როცა ვენაში, გაეროს შტაბბინის პრესცენტრში, ვისხედით, ტვიტერში ვიხილეთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის ფედერიკა მოგერინის ცნობა, რომ ირანთან საბოლოო შეთანხმება მიღწეულია. ეს მოხდა მას მერე, რაც მოლაპარაკების მონაწილეები, უმაღლეს დიპლომატიურ დონეზე, კვლავ შეიკრიბნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ ტექსტის გარშემო. სანამ მოგერინი და სხვები გამოვიდოდნენ და ოფიციალურად განაცხადებდნენ, გამოჩნდა მოგერინის რამდენიმე სიტყვა, რომ შეთანხმება მიღწეულია“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეფასება მისცა მარათონული მოლაპარაკების შემდეგ ავსტრიის დედაქალაქში თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და ასევე გერმანიას შორის ბირთვულ სფეროში მიღწეულ საეტაპო შეთანხმებას. მან თქვა, შეთანხმებით შეჩერდა ბირთვული იარაღის გავრცელება ახლო აღმოსავლეთში, რადგან დღეს ამერიკა მტკიცედ და პრინციპულად მოქმედებდაო.
ამ შეთანხმებით, ობამას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია დარწმუნდეს, რომ ირანი ვერ განავითარებს ბირთვულ იარაღს. ამერიკის პრეზიდენტი თვლის, რომ შეთანხმება ახალი მიმართულებით მოძრაობის შესაძლებლობა იძლევა. უპასუხისმგებლობა იქნება ამ შეთანხმებისთვის ზურგის შექცევა, განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ ის ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ირანთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას ხელს შეუშლის. ობამა შეეხო სანქციების თემას და განაცხადა, თუ მომავალში ირანი დაარღვევს შეთანხმებას, სანქციები კვლავ ამოქმედდებაო. ობამამ ეს განცხადებები გაკეთა ვაშინგტონში. მისი გამოსვლა გადაიცემოდა ირანის ტელევიზიით.
ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, ბედნიერი ვარ, რომ 23-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ ირანსა და მსოფლიოს ექვს ქვეყანას შორის ახალი ერა დავიწყეთო. მან თქვა აგრეთვე, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ამ შეთანხმებით ყველა მოგებული დარჩებოდაო.
ვენაში, ამავე დროს, ირანი და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შეთანხმდნენ „სამოქმედო გეგმის“ თაობაზე, რათა შეისწავლონ ირანის ბირთვულ ობიექტებზე წარსულში ჩატარებული სამუშაოები. დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ ირანი ესწრაფოდა ატომური იარაღის შექმნას, რასაც თეირანი უარყოფს.
ახლა, როცა გეგმა შეთანხმებულია, მთავარი სამუშაოა მისი განხორციელება, იმის მეთვალყურეობა, თუ როგორ სრულდება ირანის დაპირება, რომ ის ამცირებს თავის პროგრამას, რომ შეაჩერებს ურანის წარმოებას, რომ მისი პროგრამა მართლაც მშვიდობიანია. შესაბამისად, უნდა დაიწყოს ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების პროცესი. გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს ოთხჯერ დაუწესა სანქციები ურანის გამდიდრების გამო. დამოუკიდებელი შეზღუდვები დაუწესეს თეირანს აშშ-მა და ევროკავშირმა. შესაბამისად, ამ სხვადასხვა გვარი სანქციების გაუქმებას სხვადასხვა პროცედურა დასჭირდება. აშშ-ის კონგრესს 60 დღე აქვს შეთანხმების განხილვისთვის, რაც ამერიკის სანქციების ბედის გადაწყვეტის ვადასაც წარმოადგენს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბეინერმა, განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება გამალებული შეიარაღებისთვის საწვავის მიწოდებაა. მისი თქმით, ამერიკელი კანონმდებლები შეთანხმების თითოეულ დეტალს შეისწავლიან.
ირანის პრეზიდენტს, ალბათ, ეყოლება ოპონენტები მკაცრი ხაზის მომხრეთა სახით, მაგრამ როჰანის ძლიერი არგუმენტი აქვს ხელში: სანქციების გაუქმებას ხომ მოჰყვება ეკონომიკისთვის შემოსავალი, რომელიც ირანმა ნავთობის გაყიდვის აკრძალვით დაკარგა.
საინტერესოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამი. შეთანხმების მიღწევის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამამ 2009 წელს პრაღაში თქვა, თუ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი მოგვარდა, აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპული სეგმენტი საჭირო აღარ იქნებაო. ახლა,თქვა ლავროვმა, ეს შევახსენეთ ამერიკელ კოლეგებსო.
დაბოლოს, გაგაცნობთ ისრაელის პოზიციას:
ირანთან ბირთვულ სფეროში მსოფლიოს ქვეყნების მიერ მიღწეული შეთანხმება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ დაგმო, როგორც „ისტორიული განზომილების დიდი შეცდომა“. ირანს გზა გაეხსნება ბირთვული იარაღისკენ, თქვა ნეტანიაჰუმ 13 ივლისს. არაერთი აკრძალვა, რომლებიც მას დავუწესეთ, იმისათვის რომ ვერ მიეღწია ბირთვული იარაღისთვის, უქმდებაო. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ციპი ჰოტოველის თქმით კი, შეთანხმება ირანთან თეირანის მეთაურობით მოქმედი ბოროტების ღერძის წინაშე დასავლეთის ისტორიული კაპიტულაციაა.