ახლოვდება ივნისის ბოლოსათვის დათქმული ვადა, როდესაც ირანმა და მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ჯერ გაურკვეველია, შეჯერდებიან თუ არა მხარეები საბოლოო ტექსტზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკაცრი განცხადებები გააკეთეს ირანის ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკების მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ საბოლოო შეთანხმებას 30 ივნისისათვის მიაღწევენ. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეთანხმება არ მიიღწევა, თუ ირანი უარს იტყვის იმ დათმობებზე, რომლებიც აპრილში მიღწეულ შეთანხმებაშია ზოგადად აღწერილი. შესაძლოა, რომ ირანელები ბოლომდე არ მიჰყვნენ ლოზანაში მოხაზულ პირობებს. ამ შემთხვევაში შეთანხმება ვერ შედგებაო, განაცხადა ჯონ კერიმ ვაშინგტონში, მოლაპარაკებების უკანასკნელ რაუნდზე გაფრენამდე. ჯონ კერის თქმით, სწორედ მოლაპარაკებების ამ ბოლო რაუნდზე გადაწყდება, დაარწმუნებს თუ არა ირანი მსოფლიოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებს გულისხმობს.
ერთი დღით ადრე მოლაპარაკებების მსვლელობაზე კომენტარი გააკეთა ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმაც. მან თქვა, რომ წინ აღუდგებოდა ირანის ბირთვული კვლევის გრძელვადიან შეჩერებას და მხოლოდ ისეთ შეთანხმებას მიიღებდა, სადაც ჯერ საერთაშორისო სანქციები მოიხსნებოდა, შემდეგ კი ირანი შეასრულებდა პირობებს.
ირანს რაც შეეხება, ისინი უნდა დასთანხმდნენ ყველა ბირთვული ობიექტის შესაძლო ინსპექციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სანქციები ირანის წინააღმდეგ შეჩერდება და შემდეგ ირანი არ შეასრულებს თავის პირობებს, მაშინ სანქციები აღდგება...ლორან ფაბიუსი
ჯონ კერის თქმით, ეს „შიდაპოლიტიკური მოხმარების“ გზავნილები იყო და დასძინა, რომ მოლაპარაკებებზე ამა თუ იმ პოლიტიკოსის ტვიტერით გაკეთებული განცხადება გავლენას ვერ მოახდენდა.
მოლაპარაკების შესახებ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმაც. მანაც აღნიშნა, რომ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არ უწყობდა ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს:
„ირანს რაც შეეხება, ისინი უნდა დასთანხმდნენ ყველა ბირთვული ობიექტის შესაძლო ინსპექციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სანქციები ირანის წინააღმდეგ შეჩერდება და შემდეგ ირანი არ შეასრულებს თავის პირობებს, მაშინ სანქციები აღდგება. ბოლო დროს გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომლებიც, ჩემი აზრით, ამ მიმართულებას სცდება. ამიტომ საფრანგეთი ადასტურებს თავის სურვილს მიღწეულ იქნეს მტკიცე შეთანხმება, მაგრამ, ამავე დროს, ადასტურებს საკუთარ მტკიცე პოზიციასაც“.
ამ განცხადებების ფონია აშშ-ის უშიშროების ექსპერტების ღია წერილი, სადაც ისინი შეთანხმების პირობების გამკაცრებას ითხოვენ. ისინი წერენ, ეს შეთანხმება ხელს არ შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში და მხოლოდ ინფრასტრუქტურას შეუმცირებს, ისიც 10-15 წლითო. წერილს ხელს აწერენ უშიშროების მრჩევლები, რომელთაგან ხუთს ობამას ადმინისტრაციაშიც უმუშავია.