Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს აცნობს


ჯონ კერი
ჯონ კერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საუდის არაბეთში შეხვედრა გამართა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რათა მათთვის ირანთან მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების სტატუსი გაეცნო.

გავრცელებული ცნობებით, საუდის არაბეთის, კუვეიტის, ბაჰრეინის, ყატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის მინისტრებს კერი არწმუნებს, რომ თეირანთან დადებული შეთანხმება ირანს არ მისცემს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას და რომ საკუთრივ ასეთი შეთანხმება სულაც არ ნიშნავს, თითქოს აშშ-მა გადაწყვიტა შეეგუოს რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებას.

შემდეგ კერი საუდის არაბეთის ახალ მონარქთან, მეფე სალმანთან, შესახვედრად გაეშურა.

ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები ნაწილია დიპლომატიური პროცესისა, რომელსაც მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა - აშშ, ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია - ახორციელებს საიმისოდ, რომ თეირანი დაარწმუნოს შეზღუდოს ურანის გამდიდრების პროგრამა, ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

ისრაელის მსგავსად, სუნიტთა ხელმძღვანელობით მოქმედი რეგიონის არაბული სახელმწიფოები ეჭვობენ, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა სურს, რათა ახლო აღმოსავლეთში თავისი წონა გაზარდოს.

ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან, სამოქალაქო მიზნებს ემსახურება - მაგალითად,

ენერგიის წარმოებას და სამედიცინო კვლევებს.

მაგრამ გაეროს ბირთვული უწყება - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - აცხადებს, რომ თეირანი ჯერაც არ აკმაყოფილებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებაში გათვალისწინებულ ვალდებულებებს. გაეროს უწყების თანახმად, ირანმა დამკვირვებლებს უნდა მისცეს საშუალება დარწმუნდნენ, რომ თეირანი ბირთვულ იარაღზე საიდუმლოდ არ მუშაობს.

სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს აშფოთებთ ასევე ირანის მხრიდან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერა, თეირანის მიერ იმ შიიტი მეამბოხეების მხარდაჭერა, რომლებმაც იემენის დედაქალაქი ჩაიგდეს ხელში. მათი შეშფოთების გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია ირანის გასამხედროებული ჯგუფების მიერ შესრულებული როლი ერაყის ჩრდილოეთში მიმდინარე სახმელეთო შეტევაში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ.

სანამ შვეიცარიას დატოვებდა, კერიმ განაცხადა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ბოლო მოლაპარაკებაზე გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთო: „ეს მოლაპარაკებები თავიდანვე რთული და ინტენსიური იყო და ეს ახლაც ასეა. საწყისი მდგომარეობიდან გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ კვლავაც რჩება საგრძნობი სხვაობა და არაერთო მნიშვნელოვანი არჩევანია გასაკეთებელი. ამ მოლაპარაკებების მიზანი არ არის, უბრალოდ, რაიმე შეთანხმების გაფორმება. ჩვენ სწორი შეთანხმება გვჭირდება - ისეთი, რომელიც ნებისმიერ შემოწმებას გაუძლებს“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, შეთანხმების მიღწევიდან შორს არ ვართ - სერიოზული უთანხმოება კვლავაც გადასაჭრელი რჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წინსვლა არ შეგვიძლიაო.

მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას და ირანს შეთანხმების ჩარჩოს მისაღწევ ვადად მარტის ბოლო აქვთ დანიშნული, საბოლოო შეთანხმება კი 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს.

XS
SM
MD
LG