ვენაში გრძელდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. 5+1 ჯგუფს, რომელშიც აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთია გაერთიანებული, სურს დაითანხმოს ირანი, ეკონომიკური სანქციების შერბილების დაპირებით, არ შექმნას ბირთვული იარაღი.
20 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გვიან ღამით შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფსა და კეტრინ ეშტონს, რომელიც ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელია. მანამდე, ჯერ კიდევ პარიზში ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები „ერთიან პოზიციაზე არიან“ ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით. ვენაში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი, რომელმაც შეახსენა ირანს ის სარგებელი, რასაც იგი შესაბამისი მორიგების შედეგად მიიღებს:
„ირანის მხარე აშკარად დაინტერესებულია ამ მორიგებით. ირანისათვის ეს ნიშნავს უზარმაზარ სარგებელს - დაშვებას გაყინული ფონდების დიდ ნაწილზე, შესაძლებლობას კვლავ თავისუფლად ივაჭროს მთელ მსოფლიოსთან და გადატვირთოს ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებასთან“.
მხარეებს კომპრომისული გადაწყვეტილებისაკენ მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს „შეთანხმების ყველა ელემენტი და საჭიროა მათი მთლიანობაში მოყვანა“.
თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა შეახსენა ირანს, რომ დადებითი მორიგების მისაღწევად ძალიან ცოტა დრო რჩება:
„გაიმართა ძალიან პოზიტიური საუბრები. არის ძალიან გულითადი ატმოსფერო. ცხადია, რომ ორივე მხარეს სურს შეთანხმების მიღწევა, მაგრამ არავის გვსურს ცუდი გარიგება და ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ირანელებისგან უფრო მეტ მოქნილობას მოველით. საპასუხოდ, ჩვენც მზად ვართ შემხვედრი მოქნილობისათვის. მაგრამ დრო ცოტაა, ბოლო ვადა გვიახლოვდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა მოლაპარაკების მაგიდაზე ყველაზე საუკეთესო გარიგება დაიდოს“.
24 ნოემბრამდე ირანმა და ე.წ. „მსოფლიოს ექვსეულმა“ უნდა მიაღწიონ გრძელვადიან შეთანხმებას. ირანი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა ემსახურება სამშვიდობო პროექტებს, კერძოდ, ენერგეტიკასა და სამედიცინო სფეროს.