Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება დაიწყო - განიხილავენ ირანის წინადადებას


მოლაპარაკება ჟენევაში
მოლაპარაკება ჟენევაში
ირანის, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლებმა, ევროკავშირთან ერთად, ჟენევაში დღეს თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება დაიწყეს. დასავლეთს სურს გარანტია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ შექმნის, თეირანი კი მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას ისახავს მიზნად. ჟენევაში დაწყებული მოლაპარაკება პირველია აგვისტოს შემდეგ, მას მერე, რაც პრეზიდენტად ჰასან როჰანი აირჩიეს. როჰანის პირობით, 12 თვეში ბირთვული უთანხმოება მოგვარდება. დასავლეთის ქვეყნების ცალმხრივმა და ჯგუფურმა სანქციებმა დიდი ზარალი მიაყენა ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯავად ზარიფსა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერს კეტრინ ეშტონს შორის შედგა სამშაბათის პირველი შეხვედრა, რომელსაც აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის, ანუ „ხუთი პლუს ერთი“ ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენელ დიპლომატთა ჯგუფიც ესწრებოდა. ეშტონი ამ ჯგუფის მიერ აპრილში წარდგენილ წინადადებაზე ირანის პასუხს მოელოდა. ეშტონის წარმომადგენელმა მაიკლ მენმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელებმა წარმოადგინეს, პაუელ პოინტის მეშვეობით, თავიანთი, მანის სიტყვებით, „ძალიან კონსტრუქციული“ წინადადება:

„წინადადება განხილვის პროცესშია. პირველ რიგში, ის ურთიერთნდობის მოპოვების ზომებს ითვალისწინებს. ეს ზომები ირანს უნდა წარმოედგინა, რადგან საერთაშორისო ვალდებულებები მან დაარღვია: გავიხსენოთ გაეროს უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუციები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. შესაბამისად, სწორედ ირანმა უნდა მიმართოს ურთიერთნდობის მოპოვებისათვის წარმოდგენილ ზომებს. ასე რომ, ახლა მათი სვლაა“.

თეირანი თავის შეთავაზებას ასე ასათაურებს:
„არასაჭირო კონფლიქტის დასრულება, ახალი ჰორიზონტის დასაწყისი“.

ურანის გამდიდრება და ამ პროცესის გაგრძელება ჩვენთვის ‘წითელი ხაზია’. ამ საკითხში ჩვენს მოთხოვნას არავითარ შემთხვევაში არ შევარბილებთ და არ შევამცირებთ, ამ უფლებაზე უარს არ ვიტყვით...
აბას არაყჩი
ირანის პარტნიორები დღესვე ამ შეთავაზების დეტალებს განიხილავენ. მაიკლ მენმა ასე დაახასიათა დასავლეთის მიზანი ამ მოლაპარაკებაზე:

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სტადიას, როცა ისინი დაგვიმტკიცებენ, რომ ბირთვული სამხედრო პროგრამა არა აქვთ. სწორედ ეს არის საბოლოო შედეგი, რომელსაც ვესწრაფვით“.

სამშაბათის შეხვედრა, როგორც ითქვა, გახსნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზარიფმა, რომელიც შემდეგ მოლაპარაკებებზე მისმა მოადგილემ აბას არაყჩიმ შეცვალა. არაყჩიმ ორი დღის წინ გააცნო მსოფლიოს ირანის პოზიცია, რომ თეირანი დასავლეთს ისეთ რამეს შესთავაზებს, რაზეც უარს გამართლება არ ექნება. მაგრამ, არაყჩისვე თქმით, ირანი არ აპირებს დათმოს თავისი უფლება გაამდიდროს ურანი:

„ურანის გამდიდრება და ამ პროცესის გაგრძელება ჩვენთვის ‘წითელი ხაზია’. ამ საკითხში ჩვენს მოთხოვნას არავითარ შემთხვევაში არ შევარბილებთ და არ შევამცირებთ, ამ უფლებაზე უარს არ ვიტყვით. მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავთ იმაში, რომ მოვილაპარაკოთ ურანის გამდიდრების მასშტაბზე, შეზღუდვაზე, მოცულობასა თუ ფორმაზე“.

არაყჩიმ სამშაბათს ისიც თქვა, აქ სიმბოლურად არ ჩამოვსულვართ, მთელი სერიოზულობით გვსურს მოლაპარაკება და ჩვენ მიერ შეთავაზებულ გეგმას აქვს იმის წონა, რომ ამას მივაღწიოთო.

დასავლეთის მცდელობაა, ირანმა შეწყვიტოს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება, რადგან ეს დონე უკვე იძლევა ბირთვულ იარაღზე მუშაობის საშუალებას. თეირანს ჟენევაში დღევანდელ მოლაპარაკებაზე, მისი პარტნიორების აზრით, უნდა მიეცეს მხოლოდ სამედიცინო მიზნით ურანის გამდიდრების უფლება. ირანის უარყოფს, რომ ბირთვულ იარაღს ეწსრაფვის, დასავლეთი კი ამას ვარაუდობს. ჟენევის ორდღიანი მოლაპარაკების თაობაზე დასავლეთი თავშეკავებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. ისრაელმა სამშაბათს დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა: პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან სანქციებმა მოიყვანა და ისტორიული შეცდომა იქნებოდა ამ სანქციების გაუქმება ახლა, როცა ისინი ასე ახლოს არიან მიზანთანო. ნეტანიაჰუს აზრით, ახლაა სწორედ შანსი ირანის ბირთვული პროგრამა დიპლომატიური გზით დასრულდეს და ამის მიღწევა მხოლოდ თეირანზე ზეწოლის გაგრძელებითაა შესაძლებელი.

ირანის დღევანდელი შეთავაზების საფუძველზე მოლაპარაკების მხარეები შეთანხმდებიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უნდა განიხილონ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრისას. სამოქმედო გეგმა და საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების მონაწილეობა მოლაპარაკებებში ირანის პირობაა. სხვაგვარად ბირთვული უთანხმოების სწრაფად მოგვარების პერსპექტივას თეირანი ვერ ხედავს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG