Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინვესტიცია მომავალში - ზრუნვა ადრეული ასაკის ბავშვებზე


გაეროს ბავშვთა ფონდის - „იუნისეფის“ - რეკომენდაციით, საქართველომ 2015 წლამდე უნდა მოახერხოს და შეამციროს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ყოველწლიურად, კვების დეფიციტისა და უხარისხო პერინატალური ზრუნვის გამო, 1000 გარდაცვლილ ბავშვს უდრის. გამოკვლევების თანახმად, საქართველოში 77 000 ბავშვი კვლავაც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და დღეში 1,25 დოლარსაც კი ვერ მოიხმარს. 11 ივნისს თბილისში ამ საკითხებზე სასაუბროდ და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, წარმომადგენლობითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის სახელწოდება იყო „ინვესტიცია საქართველოს მომავალში - ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების ეროვნული გეგმა“. კონფერენციის მონაწილეებმა ვალდებულება აიღეს ბავშვის სიცოცხლე და განვითარება ადრეულ ასაკშივე გახდეს პრიორიტეტი საქართველოს განვითარების სტრატეგიაში.

ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ სამედიცინო მზრუნველობას - ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც, ჯანდაცვის მომსახურების გარდა, მშობელთა განათლების პროგრამების ამოქმედებას, სკოლამდელი განათლების მომსახურებას, სიღარიბის დაძლევისათვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მოიცავს. მხოლოდ ამ ერთობლიობით შეიძლება შედეგის მიღება - შედეგის, რომელიც „იუნისეფმა“ სამოქმედო გეგმაში რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა და მისი განხორციელების ბოლო ვადად საქართველოს ხელისუფლებას 2015 წელი შესთავაზა. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის თქმით, „იუნისეფის“ პოზიცია ასეთია: ბავშვის განვითარება სწორედ ხუთ წლამდე ასაკში უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისათვის, რადგან ბავშვს სწორედ ამ ასაკში უყალიბდება მთავარი სოციალური თუ განათლების უნარები.

„საქართველოში, სამწუხაროდ, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს არ ექცეოდა სათანადო ყურადღება არც სახელმწიფოს მხრიდან და არც მშობელთა მხრიდან. საქართველოში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების მხოლოდ ნახევარი დადის საბავშვო ბაღში და ჩართულია სკოლამდელ განათლებაში. ღარიბი ოჯახების ბავშვების მხოლოდ 30% დადის საბავშვო ბაღში. ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი 100%-მდე გაიზარდოს და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა უნივერსალური იყოს. საინტერესოა, რომ ქალაქებში მშობლებს არა აქვთ გაცნობიერებული სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა და საბავშვო ბაღს აღიქვამენ როგორც ბავშვის ვინმესთან დატოვების საშუალებას და არა საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელცი მის შვილს სკოლისათვის ამზადებს“.

მეორე პრობლემა, „იუნისეფის“ შეფასებით, სიღარიბეა. რამდენიმე საყურადღებო მონაცემი გაეროს ბავშვთა ფონდის გამოკვლევიდან: საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს 77 000 ბავშვი. ხუთ წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება ყოველდღიურად არასაკმარისი კვებისა და სათანადო ზრუნვის უქონლობის გამო, დღეში მათზე დოლარ-ნახევარიც კი არ იხარჯება. ბავშვების ნახევარს ხელი არ მიუწვდება სკოლამდელ განათლებაზე. ყოველწლიურად 400 ექვს წლამდე ბავშვი ატარებს უმეტეს დროს დიდი ზომის სამზრუნველო დაწესებულებაში. „იუნისეფმა“ წარმომადგენლობითი კონფერენცია სწორედ იმიტომ მოიწვია, გვეუბნება მაია ქურციკიძე, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მომზადდეს სამოქმედო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობას გულისხმობს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ამბობს, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფაა. ამ მხრივ, მარიამ ჯაშის თქმით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ყოველთვის უფრო ნაკლები პრობლემა იყო, ვიდრე ფინანსური. მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ამ კომპონენტს საყოველთო ჯანდაცვის პროგრამა გარკვეულწილად გააუმჯობესებს:

„მინიმალურ სამედიცინო სერვისზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უკვე ამ წლიდან აღარ იქნება პრობლემა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა არ არის საკმარისი, თუ გვინდა, რომ რეალურ პროგრესს მივაღწიოთ დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის გაუმჯობესების კუთხით. ხარისხის კონტროლი და ხარისხის გაუმჯობესება არის ის ქვაკუთხედი ჯანდაცვის სერვისებისთვის და იმ მემკვიდრეობის პირობებში, როდესაც საერთოდ არ ხორციელდებოდა რეგულარული მონიტორინგი, შიდა და გარე აუდიტი, აკრედიტაციის სისტემა არ იყო დანერგილი. ამ კუთხითაც ვგეგმავთ სისტემის რეფორმას და წლის ბოლოს უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ“.

სამუშაო ბევრია მშობელთა განათლების თვალსაზრისითაც, ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადგან არცთუ ისე ცოტაა ისეთი შემთხვევა, როდესაც მშობელი გვიან ხვდება, რომ ბავშვს დროული სამედიცინიო დახმარება სჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მშობელს უნდა დავაკისროთ, აქ პირველადი სამედიცინო დახმარების რგოლს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შენიშნავს, რომ საქართველოს სავალალო მონაცემები აქვს ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის თვალსაზრისითაც:

„ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის თვალსაზრისით, საქართველო, სამწუხაროდ, 42-ეა ევროპის 44 ქვეყანას შორის ჩატარებული ანალიზის შედეგებში. ეს ეხება ერთ წლამდე ასაკის ბავშვების პირველ შვიდ დღეს - ყველაზე ხშირად ამ პერიოდიში იღუპებიან ბავშვები, რაც მეტყველებს იმაზე,რომ პრობლემა გვაქვს ორსულთა პატრონაჟის კუთხით და სამშობიაროში ახალშობილთა მოვლის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ შევქმენით დედათა და ბავშვთა საბჭო, რომელმაც კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს და ღონისძიებებიც დაგეგმოს.

რას აკეთებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა სკოლამდელი აღზრდის კუთხით, იმისათვის რომ საბავშვო ბაღები მშობლებისათვის მხოლოდ ბავშვების ვინმესთვის მიბარების საშუალება არ იყოს? განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სისტემაში არსებული „საკადრო შიმშილი“ახსენა:

„შესაძლებელია დაგვჭირდეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უმაღლესი განათლების რეჟიმში, რომ მოვამზადოთ კადრები, რომლებიც კვალიფიციურად მოემსახურებიან სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს. დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო შიმშილი ამ სფეროში“.

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ფიქრობს, რომ ბავშვთა დაცვა და მათზე ზრუნვა ის საკითხია, რაზეც მთავრობასა და ოპოზიციას შორის არ შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა. ამ კონფერენციაზეც გამოჩნდა ტენდენცია, რომ აქცენტი მომავალზე კეთდება, იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, და არა წარსულზე:

„ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარება, როგორც ექსპერტებიც აღნიშნავენ, უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან რაც მათ ცხორებაში 0-5 წლამდე ხდება, ის, თუ როგორ ვითარდებიან ამ ასაკში, დიდწილად განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მათი ცხოვრება მომავალში, გახდებიან თუ არა ისინი საზოგადოების პროდუქტიული წევრები. ამისათვის საჭირო ნაბიჯები საფუძველშივე უნდა გადაიდგას, მათ ჯანდაცვას და განათლებას ვგულისხმობ... ამ კუთხით საქართველოს, ევროპული სტანდარტების მიხედვით, კვლავაც ბევრი სამუშაო აქვს წინ, მაგრამ მე არ მეჩვენება, რომ ეს დაუძლეველი პრობლემა და უზარმაზარი გამოწვევაა. შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა, საამისო რესურსები არსებობს და მე მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის აპარატში, მინისტრების დონეზე, ერთგვარი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნას, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ გაუმკლავდეს ამ პრობლემას, რაც შეიძლება ეფექტურად“.

თავის სიტყვაში საქართველოში ევროკავშირის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგმაც აღნიშნა, რომ ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა უნდა გახდეს, მთლიანად ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს ახალი მთავრობის სამოქმედი გეგმის ნაწილი:

„ბავშვებს და მათ უფლებებს ვერ ჩამოვაჭრით ზოგადად ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილ სამოქმედო გეგმას, რადგან თუ არ იცავ ბავშვებს, სანამ ისინი არიან ბავშვები, შესაბამის შედეგს მიიღებ მოგვიანებით, როცა ისინი გაიზრდებიან. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან სიღარიბეში, ამ სიღარიბეში რჩებიან მოზარდობის დროსაც. როცა ბავშვებს არ მკურნალობენ ბავშვობაში, მათ აქვთ ცუდი ჯანმრთელობა მაშინაც, როცა ისინი იზრდებიან. ბავშვები, რომლებიც ვერ იღებენ განათლებას, უმუშევრები რჩებიან მომავალში“.

თომას ჰამარბერგი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების საკითხი პოლიტიკურ საკითხად აქციოს და სერიოზულად მოეკიდოს ბავშვების პრობლემებს, რადგან, მისი სიტყვებით, ყველა ქვეყნის მომავალს სწორედ ისინი განსაზღვრავენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG