Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დიმიტრი ხაჩიძე


6 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დიმიტრი ხაჩიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე. საუბრის დასაწყისში დიმიტრი ხაჩიძე შეეხო სტრასბურგის სასამართლოში "რუსთავი-2"-ის სარჩელის პერსპექტივას და გამოთქვა იმედი, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო შეინარჩუნებს დროებით ღონისძიებას, ვიდრე საქმის არსებით მხარეს არ განიხილავს. რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს, "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობდნენ პრაქტიკოსი იურისტები: ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები, ყოფილი მოსამართლეები და მოსამართლეთა რამდენიმე თანაშემწე. კითხვარის ელექტრონული ბმული გაუგზავნეს რამდენიმე ათას იურისტს, რომელთაგან გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 212-მა. მათგან ყველაზე მეტი ადვოკატია, მეორე ადგილზე პროკურორები არიან, რომელთაც რაოდენობრივად მოსდევენ ყოფილი მოსამართლეები, მოქმედი მოსამართლეები და მათი თანაშემწეები. მონაწილეების თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 10 და 5 წლის მდგომარეობასთან შედარებით. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების გაანალიზებისას განსაკუთრებული კრიტიკულობით (პროცენტულად) გამოირჩევიან ყოფილი მოსამართლეები. პრაქტიკულად ყველა გამოკითხული ჯგუფი მწვავე პრობლემად თვლის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის დროს ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების ნაკლებობას. მოქმედი მოსამართლეების 41% და ყოფილი მოსამართლეების 94% თვლის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეთა პოლიტიკური სანდოობის ნიშნით შერჩევა დღეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორი. მოქმედი მოსამართლეების 29%, ყოფილი მოსამართლეების 94% და ადვოკატების 53% თვლიან, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები საქმეზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მანიპულირებენ საქმეთა განაწილების სისტემით. გამოკითხვაში მწვავედ ფასდება პოლიტიკურად ურჩი მოსამართლეების დისციპლინური მექანიზმებით დასჯის საკითხი, აგრეთვე მოსამართლეთა ასოციაციების პასიურობა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაში. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სასამართლო ხელისუფლებას არაადეკვატური რეაქცია აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობებზე. მოქმედ მოსამართლეთა 35% სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის დღეს არსებულ საფრთხედ თვლის აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევას მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურება-გათავისუფლებაში. გამოკითხული პროკურორების 79%, მოქმედი მოსამართლეების 41%, ყოფილი მოსამართლეების 61% და ადვოკატების 35% თვლიან, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას ამჟამად საფრთხეს უქმნის მედიის ზეწოლა. გამოკითხულთა უმრავლესობა მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქვამს.

დიმიტრი ხაჩიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:30 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG