„ჰიუმან რაიტს უოჩმა“ 2017 წლის მსოფლიო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვა 90 ქვეყანას შორის საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობაც განიხილება. ანგარიშში მოხვდა დარღვევები საპარლამენტო არჩევნებისას და, ასევე, სამართალდამცავების მხრიდან წამებისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საარჩევნო უბნების ერთ მესამედზე პროცედურული დარღვევები მაინც დააფიქსირეს. ასევე, იყო ხმების მოსყიდვის შემთხვევებიც. ანგარიშში მოხვდა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე, გივი თარგამაძეზე, თავდასხმის ფაქტიც.
ანგარიშში ნათქვამია, ასევე, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებზე უშიშროების სამსახურების თავისუფალმა წვდომამ რისკის ქვეშ დააყენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
„ჰიუმან რაიტს უოჩი“ წერს, ასევე, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი, ეფექტური უწყება, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიშში წერია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 22 საქმე დაგროვდა, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან წამებასა და არადამიანურ მოპყრობას ასახავს. აქვე არის მითითებული დემურ სტურუას შემთხვევაც. შეგახსენებთ, სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, სწორედ სამართალდამცველის მხრიდან ზეწოლა იყო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს:
„გამოსავალი არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ასევე, მნიშვნელოვანია გენერალური ინსპექციის რეფორმირება. ზოგადად, გენერალური ინსპექცია დღევანდელ რეალობაში, ფაქტობრივად, არაეფექტიანი ორგანოა“.
„ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი საქართველოში გიორგი გოგია ამბობს, რომ ანგარიშში მოხვდა „რუსთავი 2“, ვანო მერაბიშვილი და კიდევ კაბელების საქმე.
„არის საშიშროება, რომ ეს საქმე იყოს პოლიტიკურად მოტივირებული, რადგან არ დადგინდა დანაშაულის მოტივი. ასევე, გაფლანგვის განმარტება კანონმდებლობით ბუნდოვანია.
ასევე, ანგარიშში აისახა ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება მერაბიშვილის საქმესთან მიმართებაში, სასამართლომ მართებულად ცნო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, მაგრამ ამ წინასწარი პატიმრობის გაგრძელება უკვე არასათანადოდ იყო დასაბუთებული“.
თუ ჩვენ გვინდა წინ წავიდეთ, საერთაშორისო სტანდარტები უნდა შემოვიღოთ და დავნერგოთ ჩვენს ცხოვრებაში. სტამბოლის კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს გარკვეული ზომები გაატაროს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად...ელისო ამირეჯიბი
გიორგი გოგიას თქმით, ანგარიშში ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“ არის ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ტელევიზია, რომელიც, თითქოსდა, იმყოფება კერძო დავაში და თუ მის სარედაქციო პოლიტიკას და ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნება, ეს ძალიან უარყოფითად აისახება მედიის პლურალიზმზე.
და კიდევ, ანგარიშში საუბარია ლგბტ პირების მიმართ ძალადობაზე.
„ცალკე არის ასახული ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემები, ფემიციდი, ნაადრევი ქორწინება“.
ამ ანგარიშში ნახსენებია, ასევე, სტამბოლის კონვენცია. არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ რეგიონალური კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრესი სწორედ საერთაშორისო კონვენციებსა და პასუხისმგებლობის აღებაზე არის მიბმული:
„თუ ჩვენ გვინდა წინ წავიდეთ, საერთაშორისო სტანდარტები უნდა შემოვიღოთ და დავნერგოთ ჩვენს ცხოვრებაში. სტამბოლის კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს გარკვეული ზომები გაატაროს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად და მისი პრევენციისთვის“.
ელისო ამირეჯიბისავე თქმით, ამ კონვენციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა სახელმწიფომ დროულად მოახდინოს მისი რატიფიცირება.