გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩმა“ (Human Rights Watch) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე გვერდი, ტრადიციულად, საქართველოსაც ეთმობა. 650-გვერდიან ანგარიშში შეფასებულია ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება მსოფლიოს 90 ქვეყანაში. ტერორიზმით, კონფლიქტებით და მასობრივი მიგრაციით გამოწვეული შიში ხელს უწყობს ადამიანის უფლებების კუთხით მსოფლიოში მდგომარეობის სულ უფრო დამძიმებას, ვკითხულობთ "ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში. საქართველოს შესახებ კი ორგანიზაცია წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება 2015 წელს ქვეყანაში არამდგრადი იყო.
ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, მედიაპლურალიზმისთვის ხელის შეშლა, „რუსთავი 2“-ის საქმე, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის, მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი - ეს ის თემებია, რომლებიც მოხვდა "ჰიუმან რაიტს უოჩის" ახალ, 27 იანვარს გამოქვეყნებულ, ყოველწლიურ ანგარიშში.
ჩვენ ვერ გვექნება გრძელვადიანი უსაფრთხობა, თუკი პატივს არ ვცემთ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს...ენდრიუ სტროლაინი
როგორც "ჰიუმან რაიტს უოჩის" დირექტორი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ამ წლის ანგარიშში ყველაზე მწვავედ საქართველოში მედიის შევიწროების მხრივ არსებული ვითარება შეფასდა:
„მედიის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევები წელს უფრო მწვავედ დგას ანგარიშში, ვიდრე ადრე. ეს იმანაც განაპირობა, რომ დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი „რუსთავი 2“-ის საქმისკენ, დაიხურა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტოკშოუ. ამ საკითხს იმიტომაც გაესვა წელს ხაზი ასე მკვეთრად, რომ ჯანსაღი მედიაგარემო, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, არის მეტად მნიშვნელოვანი“.
და მეორე საკითხი, რომელსაც "ჰიუმან რაიტს უოჩი" ასევე მწვავედ ეხმაურება, გვეუბნება გიორგი გოგია, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის საკითხია:
„აქ იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურ ოფისებთან მრავალრიცხოვანი აქციების მოწყობა. მხოლოდ ნოემბერში ერთი დღის განმავლობაში 19 ასეთი აქცია მოეწყო, რასაც არასათანადო რეაგირება მოჰყვა. ესეც, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს ქვეყნისთვის“.
ამ საკითხების გარდა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის იმ ძირითად უფლებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისათვის კვლავაც მთავარ გამოწვევებად რჩება:
„აქ იგულისხმება შერჩევითი სამართალი - მაგალითად, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა მიმართ განსხვავებული სანქციების გამოყენება, ვიდრე მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებში“, - აცხადებს გიორგი გოგია.
„ჩვენ ვერ გვექნება გრძელვადიანი უსაფრთხობა, თუკი პატივს არ ვცემთ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას "ჰიუმან რაიტს უოჩის" ევროპის ოფისის მედიადირექტორმა ენდრიუ სტროლაინმა ანგარიშის ძირითად აქცენტებზე საუბრისას:
„საქართველოს არ გააჩნია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების ქმედითი, დამოუკიდებელი მექანიზმი, რაც ხშირად იწვევს დამნაშავეთა დაუსჯელობას“, ვკითხულობთ ანგარიშში. ცოტა ხნის წინ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების შვიდ შემთხვევაზე საჯაროდ საუბრობდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. მაშინ ომბუდსმენის განცხადებას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ასე გამოეხმაურა: „ამ შემთხვევების მასშტაბი არის მიზერული, თუმცა ჩვენ ამ შვიდ შემთხვევასაც არ დავტოვებთ უყურადღებოდ“.
"ჰიუმან რაიტს უოჩი" ასევე წერს, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, ევროკავშირმა, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან ერთად, მიუთითა ძალაუფლების შტოების გამიჯვნისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზეც. "ჰიუმან რაიტს უოჩი" არც გასული წლის მარტში წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის საქართველოში სტუმრობას ტოვებს უყურადღებოდ და წერს, რომ მან ამ ვიზიტისას ხაზი გაუსვა მთელ რიგ სფეროებში მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროებას, მათ შორის, პატიმრებსა და ოჯახის წევრებს შორის უფრო ხშირი კონტაქტისა და პატიმართათვის შინაარსიანი საქმიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.