Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში


საქართველოში ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ 29 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურებიან. ოპოზიციაც და სახალხო დამცველიც ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს ეთანხმება, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ ანგარიშში მოყვანილი რამდენიმე ფაქტი გადაუმოწმებელია. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშის თანახმად, რომელიც 2013 წლის ბოლოდან 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას კვლავ გარკვეული კითხვები იჩენს თავს შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით; ასევე კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო; პრობლემები არსებობს უმცირესობათა და ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებითაც.

მუნიციპალური არჩევნები, წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიება, საპატიმროებში არსებული ვითარება, უმცირესობათა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ქალთა უფლებები - ამ თავებისგან შედგება ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშის საქართველოსადმი მიძღვნილი ნაწილი, რომელიც სულ 4 გვერდია.

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, რათა მათთავიანთი კანდიდატურები მოეხსნათ. მსგავსი შემთხვევა 12 მუნიციპალიტეტში მოხდაო, წერს ორგანიზაცია. პროკურატურაზე დაყრდნობით, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ იტყობინება, რომ 80 შესული საჩივრიდან სისხლის სამართლის გამოძიება ოთხ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყო.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ მიხედვით,2014 წლის აპრილშიდეპუტატ ნუგზარ წიკლაურსა და მაისში ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა გამოუძიებელია, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში მოყვანილ ამ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა. მისი განცხადების თანახმად, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის რევაზ თაბუკაშვილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო - 2000 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მექანიზმს ან სტრუქტურას ჰქონდეს დამოუკიდებელი მანდატი იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის საჩივარი, რომელიც შეეხება პოლიციელის თუ სხვა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლის მიერ ჩადენილ დანაშაულს...
გიორგი გოგია

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ამბობს, ანგარიში მოიცავს 2013 წლის ბოლოდან 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდს. შესაბამისად, მასში ვერ აისახა ისფაქტები, რომლებიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ მოხდა.

გიორგი გოგია, ანგარშში ასახული მოვლენებიდან გამომდინარე, მთავარ პრობლემად სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულების გამოუძიებლობის საკითხს ასახელებს. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს შსს გენერალური ინპექციის გარდა სხვა ორგანო, რომელიც ამ შესაძლო დანაშაულებებს გამოიძიებდა. „ჰიუმან რაიტს უოჩს“ რეკომენდაციაც სწორედ ასეთი მექანიზმის შექმნის თაობაზე აქვს:

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მექანიზმს ან სტრუქტურას ჰქონდეს დამოუკიდებელი მანდატი იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის საჩივარი, რომელიც შეეხება პოლიციელის თუ სხვა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, გამოიძიოს, აწარმოოს დევნა და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე“.

ანგარიშში მოყვანილ სხვა კონკრეტულ ფაქტებს რაც შეეხება, პროკურატურამ შეისწავლა ათასობით საჩივარი, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა. აღნიშნული საჩივრები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა და უკავშირდებოდა ქონების უფლების დარღვევას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და საპროცესო გარიგებათა სისტემის ბოროტად გამოყენებას. აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით ათეულობით სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, ძირითადად ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ. ვინაიდან გამოძიების სამიზნე ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ, ოპოზიციას საფუძველი ეძლეოდა ემტკიცებინა, რომ მათი აქტივისტები პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. ივლისში გამოქვეყნებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებულ ანგარიშს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგებზე არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი პროცედურული თუ სამართლიანი სასამართლოს ნორმების დარღვევა.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში მოხვდა ექს-პრეზიდენტისთვის რამდენიმე საქმეზე წაყენებული ბრალის საკითხიც, მათ შორის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით აღძრული საქმეები დააგვისტოში სასამართლოს მიერსააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, მშობლებისა და ბებიის ქონების დაყადაღების თემაც.

ეს არის დღევანდელი მთავრობის სავიზიტო ბარათი და, სამწუხაროდ, თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში გვხვდება ასეთი აღწერა.
სერგო რატიანი

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ ეხმაურება, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 48.2 მილიონი ლარის (დაახლოებით, 30 მილიონი აშშ დოლარის) გაფლანგვის ბრალდებით, ივლისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას და წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ, ოპოზიციის განცხადებით, უგულავას დაპატიმრებით დაირღვა მორატორიუმი, რომელიც აპრილში გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩაბმული. ანგარიშში მოხსენიებულია ყოფილი შს მინისტრის ვანო მეარბიშვილის საქმეც და, არადეკლარირებული საბანკო ანგარიშებისგამო, პროკურატურაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის დაკითხვის ფაქტიც.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში მოყვანილი ფაქტების კომენტირებისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ საქართველოს დღევანელი ხელისუფლება პოლიტიკური მდევნელის სტატუსს იმკვიდრებს:

„ეს არის დღევანდელი მთავრობის სავიზიტო ბარათი და, სამწუხაროდ, თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში გვხვდება ასეთი აღწერა“.

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ აქტუალური გახდა ოქტომბერში, ნათქვამია ანგარიშში თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით:

მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ასეთი უუნარო, უმოქმედო და უმეცარი პროკურორების - ხელმძღვანელ პირებს ვგულისხმობ - საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
ალექსი პეტრიაშვილი

„პროკურატურამ არ უზრუნველყო დაცვის მხარის ადვოკატების სრული წვდომა მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები იყო, რითაც შეილახა ეფექტიანი დაცვის განხორციელების უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს დაცვის მხარეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წვდომა მტკიცებულებებზე“.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში მოყვანილ ამ ფაქტს გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი. მან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებას „მძევლად აყვანა“ უწოდა:

„აიყვანეს თავდაცვის სამინისტროდან მძევლები პროკურატურის მაღალჩინოსნებმა, მაგრამ მათი ეს ცდაც კი წარუმატებელი გამოდგა. ამიტომაც მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ასეთი უუნარო, უმოქმედო და უმეცარი პროკურორების - ხელმძღვანელ პირებს ვგულისხმობ - საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“.

ანგარიშში მოხვდა სოფელ მოხეს ინციდენტიც. ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აღნიშნავს, რომ „ოქტომბერში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პატარა სოფელში საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად და დააკავა 14 მონაწილე, რომლებიც ყოფილი მეჩეთის ბიბლიოთეკად გადაკეთების წინააღმდეგნი იყვნენ. სასამართლომ 11 მათგანი დააჯარიმა 250-250 ლარით (დაახლოებით,140 აშშ დოლარი) წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. პოლიციის ქმედებები არ იქნა სათანადოდ გამოძიებული ხელისუფლების მიერ“.

„ჰიუმან რაიტს ოუჩის“ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებსა და შეფასებებს სავსებით იზიარებს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის თქმით, ანგარიში აბსოლუტურ თანხვედრაშია დეკემბერში ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსთან:

„ყველა ის საკითხი - მათ შორის, ძალადობა და გარკვეული საქმეების გამოუძიებლობა, ოპოზიციის აქტივისტებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ეფექტური გამოძიების საკითხი, თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე პროცესები, ქალთა უფლებები და სხვა - იყო ჩვენი შეშფოთების საგანიც გასული წლის განმავლობაში, ისევე როგორც უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მოხეში განვითარებული მოვლენები, ანუ რეალურად დასკვნა, ფაქტობრივად, იმავე შინაარსისაა“.

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ გვერდს არ უვლის ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს: „ 2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის შედეგად, სულ მცირე, 23 ქალი გარდაიცვალა“, - ნათქვამია ანგარიშში.

„სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა გოგონების ქორწინება ადრეულ ასაკში, რაც ხდება ან მშობლებს შორის შეთანხმებით, ან მოტაცების გზით. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მამამ თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი 10 ძროხის საფასურად მიჰყიდა 45 წლის მამაკაცს. 2014 წლის იანვარ-თებერვალში ომბუდსმენმა დააფიქსირა ქორწინების მიზნით გოგონების მოტაცების სამი შემთხვევა და ადრეულ ასაკში ქორწინების 20-ზე მეტი შემთხვევა“, - ნათქვამია ადამიანის უფლებების თაობაზე „ჰიუმან რაიტს უოჩის“ 2015 წლის ანგარიშში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG