ღვარცოფული მდინარეები კახეთში მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივი მცხოვრებნი ლაგოდეხსა და გურჯაანში ხევების დროულად გაწმენდას მოითხოვენ. მოსალოდნელ საფრთხეებზე ინფორმაციას ფლობენ მერიაშიც. რა კეთდება იმისათვის, რომ სტიქიამ მოსახლეობას ნაკლები ზიანი მიაყენოს და რას ამბობენ გარემოსდამცველები?
ხევი მოდის ზემოდან და შემდეგ ვიწროვდება, რადგან მთას უახლოვდება. ნაშალი რომ დაგროვდეს ამ ვიწრო ადგილზე, გამოიწვევს წყლის დაგუბებას და შესაძლებელია მდინარემ გადმოხეთქოს. წარმოიდგინეთ რა მოხდება. იგივე არ მოხდა თბილისშიც?!.ლალი ევდუშენკო
ღვარცოფული მდინარეები კახეთის რეგიონის მოსახლეობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე თითქმის ყოველ წელს უქმნის პრობლემებს. უხვი ნალექების შედეგად მდინარეები მუდმივად დიდდება და მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავს. ხშირად მოსავალი ნადგურდება, შინაური ფრინველი და ცხოველიც იხოცება. ღვარცოფულ მდინარედ ითვლება ლაგოდეხის ხევი. მას პირველი კატეგორია აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა დროულ მოგვარებას საჭიროებს. ლაგოდეხში მცხოვრები ლალი ევდუშენკო ამბობს, რომ თუ მდინარე ლაგოდეხის ხევი დროულად არ გაიწმინდა, შესაძლოა, მოხდეს ის, რაც მოხდა 2 წლის წინ თბილისში:
„ხევი მოდის ზემოდან და შემდეგ ვიწროვდება, რადგან მთას უახლოვდება. ნაშალი რომ დაგროვდეს ამ ვიწრო ადგილზე, გამოიწვევს წყლის დაგუბებას და შესაძლებელია მდინარემ გადმოხეთქოს. წარმოიდგინეთ რა მოხდება. იგივე არ მოხდა თბილისშიც?! ამის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება“.
ღვარცოფულის კატეგორიას მიეკუთვნება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ამავე სახელწოდების მდინარეც. როგორც ადგილობრივი ჯაფარ ისაევი ამბობს, ხელისუფლება ხალხის დახმარებისათვის რეალურად არაფერს აკეთებს. მისივე თქმით, ახლა მდინარის კალაპოტი მთიდან ჩამოტანილი ნაშალით არის ამოვსებული და თუ დროულად არ გაიწმინდა, შედეგები, შესაძლოა, სავალალო იყოს:
„ღმერთმა დაიფაროს... რომ ადიდდეს, დამთავრებულია ყველაფერი, ნახევარ სოფელს უცბად წაიღებს. კაბალს არ ჰყავს პატრონი. მდინარის კალაპოტი მაღალია და გაწმენდა უნდა. მოსახლეობას რეალური საფრთხე ემუქრება“.
მდინარე ლაგოდეხის ხევი რომ მასშტაბურ გაწმენდას საჭიროებს, ამის შესახებ ლაპარაკობენ ადგილობრივ მერიაშიც. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, გიორგი ჩალათაშვილის, თქმით, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია შესაბამისი სამინისტრო, საიდანაც ადგილზე სპეციალისტების ჩასვლას და პროექტის მომზადებას ელოდებიან, თუმცა რა ვადებში, ეს არ იციან. ჩალათაშვილი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებას სამ მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, ვიდრე მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, პერიოდულად პრობლემის მოგვარებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტრაქტორით ცდილობენ.
„დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში გამოგზავნიან სპეციალისტებს, გაკეთდება პროექტი და ჩატარდება მასშტაბური სამუშაოები. კალაპოტი ამოვსებულია და საჭიროებს გაწმენდა-გაზიდვას. რაც შეეხება მდინარე კაბალს, იქ უკვე იმუშავა ტრაქტორმა, მაგრამ მოსახლეობისგან თუ შემოვიდა რამე განაცხადი, კიდევ წავლენ ჩვენი სპეციალისტები და ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში იქ იმუშავებს „კამაცუს“ ტიპის ტრაქტორი“, ამბობს გიორგი ჩალათაშვილი.
საფრთხის შემცველი მდინარეები გურჯაანშიც არის. სოფელ ვეჯინის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ უამინდობას შიშით ელოდებიან, რადგან მთიდან მოვარდნილი ღვარცოფი გაუწმენდავ ხევში ვერ ეტევა, გადმოდის და საცხოვრებელ სახლებს ტბორავს:
„მე სახლში არ ვიყავი. იმხელა წყალი მოდიოდა, რომ ბავშვი ჩავარდა და კინაღამ დამეხრჩო. პრობლემას ჩვენი ძალებით ვებრძვით, თუმცა ეს არასაკმარისია“.
რისკფაქტორი სადაც უფრო მაღალია, იმის მიხედვით დავგეგმავთ სამუშაოებს. მაგალითად, ხვალ ან ზეგ იწყება სოფელ კარდენახის „მღვრიე ხევის“ გაწმენდის პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ რისკფაქტორი იქ უფრო მაღალია...სიმონ ქოჩორაშვილი
„თუ წესიერად არ ჩალაგდა სინკარები და არ გამაგრდა ჯებირი, სხვა რამის გაკეთებას აზრი არ აქვს“.
საფრთხის შემცველი ხევების გასაწმენდად 2018 წელს გურჯაანის ადგილობრივ ბიუჯეტში 100 ათასი ლარია გამოყოფილი, თუმცა არ არის ცნობილი, ეს თანხა რომელი ხევების გაწმენდას მოხმარდება. მერის პირველი მოადგილის, სიმონ ქოჩორაშვილის, თქმით, ამ ეტაპზე სოფელ კარდენახში არსებული ხევის რეაბილიტაციაა დაგეგმილი:
„რისკფაქტორი სადაც უფრო მაღალია, იმის მიხედვით დავგეგმავთ სამუშაოებს. მაგალითად, ხვალ ან ზეგ იწყება სოფელ კარდენახის „მღვრიე ხევის“ გაწმენდის პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ რისკფაქტორი იქ უფრო მაღალია“.
ლაგოდეხისა და გურჯაანის გარდა, ღვარცოფული მდინარეები არსებობს ყვარელსა და საგარეჯოშიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორ კახაბერ სუხიტაშვილის თქმით, ვიდრე საბჭოთა კავშირი არსებობდა, მდინარეთა კალაპოტები მუდმივად იწმინდებოდა ქვა-ღორღისგან და საფრთხეც მოხსნილი იყო, „ახლა კი ამ ფუნქციას მხოლოდ ქვის სამტვრევი საამქროები ასრულებს, რაც არასაკმარისია“.