Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურჯაანის მერს მისივე თანამშრომელი ზეწოლასა და კანონდარღვევაში ადანაშაულებს


გურჯაანის მერია
გურჯაანის მერია

გურჯაანის მერიის თანამშრომელი, ზვიად ბიაშვილი, მერს, არჩილ ხანდამაშვილს, ზეწოლაში ადანაშაულებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მერი მისგან განცხადების დაწერას და სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლას მოითხოვს. თავად მერი ბრალდებას უარყოფს, თუმცა ზვიად ბიაშვილი ირწმუნება, რომ ფარული ჩანაწერი აქვს, სადაც მერი განცხადების დაწერას სთხოვს, სანაცვლოდ კი ხელფასის შენარჩუნებას ჰპირდება. საქმის შესწავლას აპირებს მესამე სექტორიც.

გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, რამდენიმე თანამშრომლისთვის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის თხოვნას ადასტურებს, თუმცა რადიო "ჰერეთთან" საუბარში ამბობს, რომ ასეთი თხოვნით ზვიად ბიაშვილისთვის არ მიუმართავს.

გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ზვიად ბიაშვილი, ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, მას აიძულებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწეროს. ბიაშვილის თქმით, რადგან განცხადების დაწერა კატეგორიულად იუარა, მერმა მის მიმართ სამი დისციპლინური წარმოება დაიწყო. ბიაშვილი ამბობს, რომ პირველი დისციპლინური წარმოება იმ საქმის შეუსრულებლობის გამო დაიწყო, რომელიც მისთვის არავის დაუვალებია. მეორე პრეტენზია კი ეხებოდა სისხლის გაღების აქციაში მონაწილეობის გაშუქებას, რომელშიც მერს რეალურად მონაწილეობა არ მიუღია, ის კი მოითხოვდა, რომ მისი სახელი და გვარიც გაჟღერებულიყო.

გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ზვიად ბიაშვილი, ამბობს, რომ ის ამ თანამდებობაზე, კონკურსის წესით, 2015 წლის ივლისში უვადოდ დანიშნეს, და აპირებს ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს შეხვდეს. ამისათვის სამსახურისგან შვებულებას ითხოვს, თუმცა, მისივე თქმით, განცხადებას არ უკმაყოფილებენ.

მართალია, არჩილ ხანდამაშვილი უარყოფს, რომ ზვიად ბიაშვილს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მაგრამ რადიო "ჰერეთს" ზვიად ბიაშვილმა ფარული ჩანაწერი მიაწოდა. ის ირწმუნება, რომ ამ ჩანაწერში გურჯაანის მერს, არჩილ ხანდამაშვილს, ელაპარაკება და მერი სწორედ სამსახურიდან წასვლას სთხოვს.

გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, რამდენიმე თანამშრომლისთვის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის თხოვნას ადასტურებს, თუმცა რადიო "ჰერეთთან" საუბარში ამბობს, რომ ასეთი თხოვნით ზვიად ბიაშვილისთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება დისციპლინურ წარმოებებს, ხანდამაშვილის თქმით, საქმე მხოლოდ ბიაშვილს არ ეხება და ასეთივე წარმოება კიდევ ოთხი თანამშრომლის მიმართ აქვს დაწყებული. ხანდამაშვილის თქმით, ადამიანებმა, რომლებიც სამსახურში დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ, გაფრთხილება უნდა მიიღონ. არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ „ბიაშვილი ჭიქაში ქარიშხალს ტეხს“.

მართალია, არჩილ ხანდამაშვილი უარყოფს, რომ ზვიად ბიაშვილს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მაგრამ რადიო "ჰერეთს" ზვიად ბიაშვილმა ფარული ჩანაწერი მიაწოდა. ის ირწმუნება, რომ ამ ჩანაწერში გურჯაანის მერს, არჩილ ხანდამაშვილს, ელაპარაკება და მერი სწორედ სამსახურიდან წასვლას სთხოვს, მაგრამ ხელფასის შენარჩუნებასაც ჰპირდება. საუბრის ავთენტურობა შესწავლილი არ არის. ჩვენ მერთან ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ, შედგა თუ არა მსგავსი საუბარი მასა და ზვიად ბიაშვილს შორის, მაგრამ მერმა ჩვენს ზარებს უკვე აღარ უპასუხა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ზვიად ბიაშვილის, საქმის შესწავლა უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG