Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულნარა ქარიმოვას ბედი აღარ უღიმის...


გულნარა ქარიმოვა
გულნარა ქარიმოვა
გულნარა ქარიმოვა ყურადღებით განებივრებულია მშობლიურ უზბეკეთში. ეს არც არის გასაკვირი, როცა ქვეყნის პრეზიდენტის შვილი ხარ, თან პოლიტოლოგიის პროფესორი, დიპლომატი, ბიზნესმენი, სამკაულის დიზაინერი და მომღერალი. თუმცა ბოლოხანს გულნარა ქარიმოვას ბედი აღარ უღიმის. მიზეზებით და, ზოგადად, გულნარა ქარიმოვას ფენომენით ჩვენი კორესპონდენტი დეიზი სინდელარი დაინტერესდა.

ჩინური ზოდიაქოთი, 2013 წელი გველის წელიწადია. მაგრამ ჟურნალისტური ზოდიაქო რომ არსებობდეს, ეს წელი გულნარა ქარიმოვასი უნდა იყოს. სოციალური ქსელით გავრცელებულმა გახმაურებულმა კომენტარებმა და ჟერარ დეპარდიესთან ერთად ჩაწერილმა დუეტმა გულნარა ყვითელი პრესის დედოფლად აქცია.

ამასთან, გაიზარდა ინტერესი უზბეკეთის მიმართ - ინტერესი სერიოზული საკითხისადმიც, როგორიცაა ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარება გულნარას მამის, პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის მმართველობის პირობებში.

ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელი ენდრიუ სტროლაინი „ტვიტერში“ წელს რამდენჯერმე ეკამათა გულნარას პრობლემებზე, როგორიც არის, მაგალითად, უზბეკეთის ციხეებში წამების ბრალდება. სტროლაინი ამბობს, რომ მიწერ-მოწერის მონაწილე გულნარა ქარიმოვას მაღალმა ცნობადობამ მართლაც გაზარდა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ინტერესი უზბეკეთისადმი, რომელსაც გლობალური მედია იშვიათად უთმობს ყურადღებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების მხრივ საქმეს ეშველა, ანუ ვითარება გაუმჯობესდა.

„სასარგებლო იყო მისი მონაწილეობა? და მასთან კომუნიკაცია და უცნაური ამბები, როგორიცაა აქტივისტებთან „ტვიტერით“ საუბარი? დაგვეხმარა ეს ამ სერიოზული საკითხების წამოწევაში? ალბათ, ნაწილობრივ. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, არ მომხდარა მნიშვნელოვანი ცვლილებები უზბეკეთში. ის კვლავინდებურად რჩება სრულიად საშინელ ქვეყნად, ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ. ამიტომ ეს იყო, სამწუხაროდ, ერთგვარი გვერდითი მოვლენა, შოუ ...“ - ამბობს „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელი.

გულნარა ქარიმოვას მრავალმხრივობის გამო - როგორც გითხარით, ის ერთბაშად პოლიტოლოგიის პროფესორიც არის, დიპლომატიც, დიზაინერიც, ბიზნესმენიც და მომღერალიც - ჭირს მისი პრიორიტეტის, მისი მთავარი ამბიციის ამოცნობა. ერთი მხრივ, ის დიდ ყურადღებას უთმობს უწყინარ საქმიანობას: პოპმუსიკას, სამკაულის დიზაინს, იოგას. მაგრამ, მეორე მხრივ, დაგროვილი აქვს უზარმაზარი ქონება შეძლებული კონკურენტების განადგურებისა და უცხოელ ინვესტორებთან კორუფციული გარიგებების ხარჯზე. რა გასაკვირია, რომ პოლიტიკური ამბიციებიც აქვს: იყო უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის ელჩი გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, უზბეკეთის ელჩი ესპანეთში.

ახალგაზრდა, თავდაჯერებული ქარიმოვა თითქოს კარგად უნდა ყოფილიყო აღჭურვილი ისეთ საკითხებზე დისკუსიებისათვის, როგორიც არის უზბეკეთში, ქალაქ ანდიჟანში, 2005 წლის სისხლისღვრა ან ბავშვებისა და სტუდენტების ანაზღაურების გარეშე დასაქმება ბამბის მოსავლის ასაღებად... მაგრამ უზბეკი უფლებადამცველი, საფრანგეთში ემიგრირებული მუთაბარ თაჯიბაევა როგორც ამბობს, გულნარა ქარიმოვა არ გამოირჩევა პროპაგანდისტულ-რიტორიკული ნიჭით: „ეს არის ზღაპარი მეფის ასულზე, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს იმის გამო, რომ მამამისი სულთანია. ზუსტად ასეთი ქალია გულნარა. ის არ არის ჟენევაში, გაეროში უზბეკეთის ელჩი, არ არის მეცნიერებათა დოქტორი, ვისაც შეუძლია ილაპარაკოს, რამდენი დიპლომი აქვს! არა! ის იქცევა როგორც ქუჩის ქალი, რომელიც ყვირის და სხვებს ბრალდებებს უყენებს - მართალსა და ტყუილს ამბობს“.

ამ შეფასებას, შესაძლოა, გულნარა ქარიმოვას ოჯახის წევრებიც დაეთანხმონ. განვლილი თვის განმავლობაში გულნარამ ისინი სკანდალური განცხადებებით გააოცა. მაგალითად, უმცროსი და, ლოლა ქარიმოვა-ტილიაევა, დაადანაშაულა ჯადოქრობაში საკუთარი დედის, ტატიანას გასაკონტროლებლად... აქ გასათვალისწინებელია ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტატიანა ქარიმოვას ხელი ურევია ბოლოხანს გულნარას თავს დატეხილ პრობლემებში: ტატიანამ შეატყობინა მეუღლეს, პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს, უფროსი ქალიშვილის სახელის კავშირი კორუფციასა და სხვა სამართალდარღვევებთან.

მას შემდეგ გულნარა ქარიმოვამ დაკარგა პირადი დაცვა, ეთერიდან მოხსნეს მისი კუთვნილი ტელე და რადიოარხები, დაუპატიმრეს რამდენიმე დაახლოებული პირი. დიქტატორის ქალიშვილმა ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, გაავრცელა ცნობა, რომ დაწყებულია გამოძიება მისი მედიაჰოლდინგის, „ტერა გრუპის“ წინააღმდეგ, კორუფციაში ბრალდებით. გულნარა „ტვიტერით“ იტყობინება, რომ უზბეკეთის პოპკულტურის ბევრი წარმომადგენელი დაიბარეს პროკურატურაში და აიძულეს გამოეცხადებინათ, რომ ქრთამს უხდიდნენ „ტერა გრუპის“ ხელმძღვანელებს.

მოკლედ, გულნარა ქარიმოვას პოზიციები არათუ შეირყა, მის წინააღმდეგ ზომები იმდენად მასშტაბურია, რომ ამას ბევრი მიიჩნევს საქმეში პირადად პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის ჩარევის შედეგად. არადა, გულნარა მამის ფავორიტად ითვლებოდა, მის სავარაუდო მემკვიდრედ პრეზიდენტის პოსტზე. განხეთქილების ყველაზე მკვეთრი სიმპტომი ისევ „ტვიტერით“ ვიხილეთ: გულნარა ქარიმოვამ მამამისი სტალინს შეადარა, საკუთარი თავი კი სტალინის უიღბლო შვილებს.

არადა, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. მართალია, უცნობია, გადადგება თუ არა 2015 წელს ისლამ ქარიმოვი, 75 წლის პრეზიდენტი, რომელსაც ეს პოსტი 1990 წლიდან უკავია, მაგრამ უკვე ასახელებენ მისი შეცვლის მსურველებს: პრემიერ-მინისტრ შავკატ მირზოევს, ვიცე-პრემიერ რუსტამ აზიმოვს და უშიშროების სამსახურის უფროსს რუსტამ ინოიატოვს. ამ უკანასკნელს რამდენიმე დღის წინ უსაყვედურა გულნარამ, დაბრკოლებებს მიქმნი პრეზიდენტობის გზაზეო.

გულნარას მართლაც რჩება პრეზიდენტობის შანსი. ის ბევრს მიაჩნია ერთადერთ ადამიანად, ვისაც შეუძლია მამას და მთელ ოჯახს მისცეს სამართლებრივი დევნისაგან დაცვის გარანტია უზბეკეთში პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის ერის დასრულების შემდეგ, თუ, რასაკვირველია, პრეზიდენტი გულნარა გახდება.
XS
SM
MD
LG