Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძის სვლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალი პოლიტიკური მოძრაობისკენ


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი თქმით, პარტიის დატოვების საფუძველი გახდა პარტიული პოლიტიკა, რომელიც დახურულ კაბინეტურ სისტემას დაემსგავსა და თავისი ბუნებით „ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას „უპასუხისმგებლოდ“ მიიჩნევენ, სახელისუფლებო კოალიციაში კი ვაშაძის გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ განხეთქილებას უკავშირებენ.

გიორგი ვაშაძის განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი გასვლის მიზეზია ის, რომ პარტიამ ვერ შეძლო განეხორციელებინა ცვლილებები და ახალი ინიციატივები, რომლებსაც ამომრჩეველი ელოდა:

„ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობისა და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“.

ბატონი ვაშაძე არის ერთ-ერთი - თუ ერთადერთი არა - თავისი წრიდან, ვისაც საქმე აქვს გაკეთებული და ის საქმე დღესაც ცოცხალია. ამიტომ ჩვენ ყურადღებით შევხედავთ, სად წავა და რას გააკეთებს. მე ვფიქრობ, რომ ის, რა თქმა უნდა, მარტო არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“...
ლევან ბერძენიშვილი

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ უარს ამბობს მომავალ პარლამენტში გარანტირებულ ადგილზე ფასადურად განახლებული პარტიის სიით და იწყებს შექმნას ახალი მოძრაობისა, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით.

გიორგი ვაშაძის პარტიიდან გასვლის თაობაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოდესის ოლქის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ „’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია“ და სხვა არაფერია, თუ არა „მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად პარტიის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში“. თუმცა, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამით მაინც ვერ მოხერხდება მთავარი ოპოზიციური ძალის ნიველირება. სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ, ამ „ხრიკების მიუხედავად“, „ნაციონალური მოძრაობა“ ოქტომბრის არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში „გაძლიერდება“, „ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით“ შეივსება და „დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ და საარჩევნო სიის სასურველ ადგილას მოუხვედრელობით მის უკმაყოფილებას უკავშირებენ. ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი სერგო რატიანიც:

„პარტიის ლიდერებმა, უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიაში ადგილი, წინა პოზიციები დაეთმოთ ახალი ფიგურებისთვის. ვაშაძეს ჰქონდა პრეტენზია ყოფილიყო ათეულში, ყოფილიყო სიის სათავეში, რაც არ იქნა გაზიარებული. ამ ფონზე და ამის გამო განაწყენება და პარტიიდან წასვლა არის სრულიად არასერიოზული, უპასუხისმგებლო და ჩემთვის, პირადად, გაუგებარი იმ ფონზე, როცა პარტია აპირებს გამარჯვებას“.

მმართველ კოალიციაში კი ფიქრობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება აშკარა იყო და ეს უკვე ცხადად გამოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ამას საზოგადოებაც ამჩნევს:

გიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი

„’ნაციონალურ მოძრაობაში’ შიგნით რომ დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ეს, მე კი არა, შეიძლება საზოგადოების დიდმა ნაწილმაც დაადასტუროს, „ნაციონალური მოძრაობა“ არასწორად მართავდა ქვეყანას და მასში არაფერი პროგრესული არ არსებობს“.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა გიორგი ვაშაძესთან ერთად პარტია სხვა სახეებმაც დატოვონ. გააჩნია სცენარს, რომლის მიხედვითაც ვითარდება პარტიის შიგნით პროცესი:

„ბატონი ვაშაძე არის ერთ-ერთი - თუ ერთადერთი არა - თავისი წრიდან, ვისაც საქმე აქვს გაკეთებული და ის საქმე დღესაც ცოცხალია. ამიტომ ჩვენ ყურადღებით შევხედავთ, სად წავა და რას გააკეთებს. მე ვფიქრობ, რომ ის, რა თქმა უნდა, მარტო არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. თუ ოდესის ხაზია, ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი ჩიორა [თაქთაქიშვილი], ბატონი [გიორგი] კანდელაკი, შესაძლოა, ბატონი [აკაკი] მინაშვილი და ვინმე სხვაც აღმოჩნდეს ამ შემადგენლობაში“.

პოლიტიკური მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძველი და ახალი თაობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ამის დასტურად ასახელებენ შარშან, დაახლოებით ამ დროს, პარტიიდან გენერალური მდივნის, ზურაბ ჯაფარიძის, წასვლას „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ სამ ყოფილ წევრთან ერთად და ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“, ჩამოყალიბებას.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG