Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: „შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით ნატოს ოჯახთან ერთად“


გენერალი ჯონ ნიკოლსონი და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი
გენერალი ჯონ ნიკოლსონი და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი

თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიისა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი. ის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს და ისაუბრა ნატოს გეგმებზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. რა როლს შეასრულებს საქართველო ამ პროცესში და რა გზებით?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჯერ კიდევ ოქტომბრის მიწურულს ბრიუსელში გამართულ თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა, რომ ნატომ შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფნის გაძლიერებისთვის უკვე აქტიურად დაიწყო მზადება. ეს გადაწყვეტილება კი, თავის მხრივ, ივლისში ვარშავის სამიტზე იქნა მიღებული. შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა 7 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიისა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ჯარისკაცებს იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვთ მათ საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში. გარდა ამისა, ისაუბრა 6 ნოემბერს თავდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის მთავარ საკითხებზე და თქვა, რომ გრძელდება მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის.

ნატოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოება უკიდურესად მნიშვნელოვანია. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ბევრი მოკავშირე ქვეყანა შავი ზღვის სანაპიროზე - რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და ჩვენი მტკიცე პარტნიორი ჩვენს ოპერაციებში, საქართველო. ასე რომ, შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოსთვის რჩება მთავარ პრიორიტეტად ალიანსისთვის...
ჯონ ნიკოლსონი

„მე, როგორც ამერიკელი გენერალი, ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს პარტნიორობას“, - განაცხადა ჯონ ნიკოლსონმა. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონში ნატოს გეგმებს, ამის თაობაზე მან მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ ილაპარაკა. უფრო ზუსტად, კითხვას, როგორ ფიქრობს, რა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველო აღნიშნულ კონცეფციაში, გენერალმა რამდენიმე სიტყვით უპასუხა და არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, თუ კონკრეტულად რა ფორმით ჩაერთვება საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში:

„ნატოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოება უკიდურესად მნიშვნელოვანია. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ბევრი მოკავშირე ქვეყანა შავი ზღვის სანაპიროზე - რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და ჩვენი მტკიცე პარტნიორი ჩვენს ოპერაციებში, საქართველო. ასე რომ, შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოსთვის რჩება მთავარ პრიორიტეტად ალიანსისთვის“.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული გეგმა და დეტალები იმისა, თუ რა სახის ნაბიჯები გადაიდგმება შავი ზღვის რეგიონში ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან წარმომადგენლობის გასაზრდელად, თუმცა ის კი სავარაუდოა, რომ ამ ნაბიჯებით ალიანსი გეგმავს დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. ისიც აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით საუბარია როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო ყოფნის გაძლიერებაზე. როგორც ბრიუსელში გამართული მინისტერიალისას განმარტა იენს სტოლტენბერგმა, პროცესში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა ექვსი ქვეყანა: კანადა, გერმანია, ნიდერლანდი, პოლონეთი, თურქეთი და შეერთებული შტატები.

საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ისაუბრა ოქტომბრის მიწურულს ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. მისი სიტყვებით, საქართველო იქნება იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც მოიცავს ნატოს გადაწყვეტილებას, გაზარდოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტივობა შავ ზღვაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით. და, შესაძლოა, საქართველო იყოს ჩართული სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს პროცესი ჩვენი ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია...
გიორგი კვირიკაშვილი

7 ნოემბერს, ჯონ ნიკოლსონთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად ჩაერთვება პროცესში. „შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად“, - ასე გამოეხმაურა ის შავი ზღვის რეგიონში ნატოს სამომავლო გეგმებს:

„შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო არის ჩართული. ეს განსაზღვრული იქნა ნატოს სამიტზე და მას შემდეგ არ წყდება კონსულტაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით. და, შესაძლოა, საქართველო იყოს ჩართული სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს პროცესი ჩვენი ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია“.

ჯონ ნიკოლსონის ვიზიტი და გენერლის მიერ კიდევ ერთხელ ხაზგასმა ნატო-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის და თანამშრომლობისა რეალური ვარაუდის საფუძველს აძლევს ანალიტიკოსს სამხედრო, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, გენერალ ამირან სალუქვაძეს, რომ საქართველოს გარეშე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი არ განიხილება. გარდა ამისა, მისი თქმით, ამის საფუძველს იძლევა კიდევ სხვა არაერთი ფაქტორი:

„ბევრი რამ შეიცვალა შავ ზღვაზე. იქიდან გამომდინარე, რომ, ფაქტიურად, ყირიმი დღეს დე ფაქტო რუსეთის შემადგენლობაშია, რუსეთი საკმაოდ აძლიერებს საზღვაო პოტენციალს შავი ზღვის აუზში. და, ამავე დროს, ალბათ, სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნან მეორე სერიოზული საზღვაო ბაზა შავი ზღვის ტერიტორიაზე, რაც პირდაპირი გამოწვევაა ჩვენთვის. და გარდა ამისა, ჩვენი სახელმწიფოს მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩვენ გაგვაჩნია უზარმაზარი საზღვაო აკვატორია. როგორც სახმელეთო და საჰაერო საზღვრების დაცვაზე უდნა ვიფიქროთ, ასევე უნდა ვიფიქროთ საზღვაო აკვატორიის და ნაპირის დაცვაზე“.

სხვა საკითხია, თუ რამდენად აქტიური კომპონენტებით იქნება საქართველო პროცესში ჩართული, მაშინ როცა საქართველოს არ ჰყავს სამხედრო საზღვაო ფლოტი. თუმცა, მისივე თქმით, ცხადია, ამ პროცესში ჩართვა საქართველოს სხვა მიმართულებებითაც შეუძლია:

ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე

„იგივე, თუ საჭიროება დადგება, მათი სამხედრო ელემენტების მიღება ჩვენს პორტებში პატრულირებისას, პლუს, საზღვაო აკვატორიის ინფრასტრუქტურის განვითარება სამხედრო თვალსაზრისით და ა.შ. ბევრი საკითხი იქნება, რაც შეიძლება, რომ თავდაცვის სამინისტრომ და საქართველომ შესთავაზოს ჩვენს პარტნიორებს. ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის. როგორც ნატოს განვიხილავდით, როგორც უსაფრთხოების ქოლგას, ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით, საითკენაც მიემართება დღეს, საქართველომ თავისი ადგილი და როლი უნდა მონახოს“.

ამირან სალუქვაძის აზრით, იმისათვის, რომ საქართველო უფრო მნიშვნელოვანი წვლილით იყოს წარმოდგენილი ამ პროცესში, ქვეყანამ უნდა იფიქროს თუნდაც მოკრძალებულ, მაგრამ მაინც, სამხედრო საზღვაო ფლოტის აღდგენაზე.

ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. მისი სიტყვებით, ფლოტის არსებობა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ის ვერ ხედავს ფლოტის შექმნის აუცილებლობას, რადგან უკვე არსებობს სანაპირო დაცვა, რომლის განვითარებისთვის ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიცია განახორციელეს. ლევან იზორიას მტკიცებითვე, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ირგვლივ არსებულ დისკუსიაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ამ მიზნით საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი, რომ მას შემდეგ, რაც თებერვალში პროცესის გარშემო უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, შედგეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველო თავისი ინიციატივებით წარდგება.

XS
SM
MD
LG